როგორ განვავითაროთ მოსწავლეების თვითშემეცნება და წარმოსახვა ტექნოლოგიების დახმარებით – აქტივობა გაკვეთილზე
ავტორი: ნინო კიკალიშვილი, თბილისის ქართულ-ამერიკული სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი.
სპეციალურად EDU.ARIS.GE-ს მკითხველისათვის:
დღეს, როცა განათლების მიზანი მხოლოდ აკადემიური ცოდნის გადაცემა აღარ არის, მეტად აქტუალური ხდება მოსწავლეთა პიროვნული ზრდა, შემოქმედებითი უნარების გაძლიერება და თვითშემეცნების მხარდაჭერა. ამის მიღწევაში მასწავლებლებს ახალი გამოწვევების პარალელურად ახალი შესაძლებლობებიც ეძლევათ. მათ შორის, ხელოვნური ინტელექტის (AI) ინტეგრაცია სწავლა-სწავლების პროცესში.
მასწავლებლის ჩართულობით და ტექნოლოგიის გონივრული გამოყენებით, შესაძლებელია ისეთი სასწავლო გამოცდილების შექმნა, რომელიც ბავშვის სამყაროსთნა კავშირებს ამდიდრებს, წარმოსახვას აღვიძებს და მოტივაციას აძლიერებს. სწორედ ასეთ პრაქტიკას გაგიზიარებთ. აქტივობა, რმელიც პირველ კლასში ჩავატარე, ბავშვების თვითშემეცნებისა და მომავლის ხედვის განვითარებას ემსახურებოდა.
აქტივობის თემა და მიზანი
თემა: “რა პროფესიის მინდა ვიყო, როცა გავიზრდები”
მიზანი:
– ბავშვებს დაეხმაროს გაერკვნენ საკუთარ ინტერესებსა და უნარებში;
– გაეცნოს პროფესიულ მრავალფეროვნებას;
– განუვითაროს კრეატიული წერისა და თვითგამოხატვის უნარი
გაკვეთილზე ბავშვებს ვკითხე: “რა გინდა რომ გამოხვიდე, როცა გაიზრდები და რატომ?”
თითოეულმა მოსწავლემ დაწერა პატარა ტექსტი, სადაც საკუთარი ინტერესები და ოცნებები გამოხატა. ამის შემდეგ, ChatGPT-ის დახმარებით შევქმენი თითოეული ბავშვის „მომავლის ვერსია“ – მისი შესაბაბისი ფოტო, რომელიც აჩვენებდა როგორი იქნება ის არჩეულ პროფესიაში მომავალში. ეს მარტივი, მაგრამ შთამბეჭდავი ნაბიჯი იქცა ძალზე ემოციურ და ინსპირირებულ გამოდილებად, როგორც ბავშვებისთვის, ისე მათი მშობლებისთვისაც.
აქტივობამ გამოავლინა მრავალი პოზიტიური შედეგი:
– გაძლიერდა თვითშემეცნების უნარი – ბავშვებმა დააფიქსირეს საკუთარი ინტერესები და მისწრაფებები;
– განვითარდა კრეატიული და ანალიტიკური აზროვნება – რატომ ინრჩევენ ამა თუ იმ პროფესიას;
– გაჩნდა პატივისცემა სხვადასხვა ინტერესის მქონე ბავშვების მიმართ;
– გაიზარდა მოტივაცია და ინტერესი მომავლის მიმართ;
რეკომენდაციები მასწავლებლებისთვის
1. ნუ შეგეშინდებათ ტექნოლოგიის – გამოიყენეთ AI როგორც ინსპირაციის წყარო და არა შემცვლელი;
2. მიეცით ბავშვებს სივრცე ფანტაზიისთვის – მათ წარმოსახვაში იმალება სწავლის მთავარი ძრავა;
3. გამოიყენეთ მსგავსი აქტივობები, რათა მოსწავლეებმა საკუთარი თავი მომავალში წარმოიდგინონ – ეს აუმჯობესებს მიზანდასახულობას და შინაგან მოტივაციას;
ეს მარტივი აქტივობა გვახსენებს, რომ ინოვაცია ყოველთვის ტექნოლოგიაში კი არა, მასწავლებლის მიდგომაშია. როცა ბავშვებს ვაძლევთ საშუალებას, დაინახონ საკუთარი თავი მომავალში, ვქმნით ნიადაგს, რომელზეც ისინი თავიანთ მომავალს უკვე გაცნობიერებულად აშენებენ.
-
საქართველოს ანგელოზის დღე – რა ვიცით წმინდა გიორგის ცხოვრებისა და მისი მოწამეობრივი აღსასრულის შესახებ
by განათლებული ბლოგი
-
რა ითქვა განათლების სამინისტროში პედაგოგთა ახალ სქემაზე და როგორ ხედავს პროცესს წამყვანი მასწავლებელი
by განათლებული ბლოგი
-
დამოუკიდებელად სწავლების ფორმირება დაწყებით საფეხურზე: პრაქტიკული მიდგომები და შედეგი
by განათლებული ბლოგი