GE

როგორ გავაუმჯობესოთ პირველკლასელის საკომუნიკაციო უნარები საკლასო ოთახში

მაია მელაშვილი, ინგლისური ენის უფროსი მასწავლებელი

სკოლაში პირველად შემოსვლისას მოსწავლე ბევრ სირთულეს აწყდება. სკოლა მისთვის ხდება ფართო სოციუმი, მას აქამდე არ ჰქონია მშობლის გარეშე ყოფნის გამოცდილება, მისთვის მშობელი იყო გარე სამყაროსთან დამაკავშირებელი ხიდი. ახლა კი უკვე მას მოუწევს კომუნიკაცია უცხო და სხვადასხვა ასაკის ადამიანთან, თანაკლასელთან, მასწავლებელთან, სხვადასხვა სახის ნივთთან. ეს გაუცხოება განსაკუთრებით რთული ასატანია სწავლის დასაწყისში და არა მხოლოდ დასაწყისში. ეს სიტუაცია  წლებიც კი  გრძელდება. ეს ყოველივე ფოკუსირდება სასწავლო პროცესში მათ ჩართულობაზე. ისინი ვერ რეალიზდებიან  და ხშირად უჩნდებათ ემოციური დამოკიდებულება სწავლის მიმართ, რაც უარყოფითად  აისახება მათ აკადემიურ მოსწრებაზე. ამიტომ, რაც უფრო დროულად დავეხმარებით მათ საკომუნიკაციო უნარების განვითარებაში, მით უკეთესი აკადემიური შედეგები გვექნება. კარგი საკომუნიკაციო უნარების ქონა კი თავისთავად  უწყობს ხელს სასწავლო პროცესის სწორად და ეფექტურად წარმართვას.

საკომუნიკაციო უნარების არქონას იწვევს ბევრი ფაქტორი. მათ შორის ყველაზე გავრცელებულია შემდეგი:

  • მოსწავლეს არა აქვს ინტერესი იყოს სოციუმში, თავს მარტო უკეთ გრძნობს;
  • ვერ ადაპტირდება ადვილად უცხო გარემოში;
  • არა აქვს გამოცდილება სოციუმში ყოფნის, არ იცის როგორ მოიქცეს (როგორ მიესალმოს, როგორ მოიპოვოს ყურადღება, როგორ ითხოვოს ნივთი ან გარეთ გასვლა) და სხვ.

ზემოთ აღნიშნულთან დაკავშირებით მსურს გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება დამყარებული ჩემივე დაკვირვებაზე და გაგაცნოთ ის  მეთოდი/მეთოდები და სტრატეგია/სტრატეგიები/, რომლებიც დამეხმარა გამეზარდა მოსწავლეთა ჩართულობა სასწავლო პროცესში საკომუნიკაციო უნარების განვითარების დახმარებით.

1.ჯგუფური მუშაობა

ჯგუფში მუშაობა ხელს უწყობს საკომუნიკაციო უნარების განვითარებას. მოსწავლე თავს დაცულად გრძნობს და მას უადვილდება საკუთარი აზრის გამოხატვა, რადგან მისი მოსაზრება თანატოლებთან  კავშირში გაივლის შემოწმებას. მეტიც, ჯგუფური სამუშაოს დროს წარმატებაც და წარუმატებლობაც ჯგუფის ყველა წევრზე ნაწილდება, მცირდება ემოციური ფონი და მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ გამოავლინონ შესაძლებლობების მაქსიმუმი.

2.თამაშები, რომელიც მოითხოვენ რიგის დაცვას

აქტივობები, რომლებშიც მოსწავლეებს უწევთ  რიგის დაცვა, ზრდის მათ ჩართულობას და უადვილებს მიცემული დავალების შესრულებას, რადგან  მეტი დრო რჩებათ მოსაფიქრებლად, აგრეთვე საშუალება ეძლევათ დააკვირდნენ  წინა მოსწავლეთა პასუხებს.

თუ ზოგჯერ, მასწავლებლის მიერ მიცემული ვერბალური ინსტრუქცია  არ არის  საკმარისი, სამაგიეროდ, მოსწავლეები არავერბალური გზით მოქმედების კოპირებით გასაგებად აღიქვამენ ამ  უკანასკნელს. ისინი ემოციურადაც მზად არიან, რადგან იციან, თუ როდის დგება მათი რიგი.

3.ტექნოლოგიების დახმარება

მოსწავლეების გამოკითხვა რომ სისტემატიური იყოს, დაზოგოს დრო გაკვეთილზე და ჩვენ გვეძლეოდეს საშუალება დინამიკაში დავაკვირდეთ მათ შედეგებს , კარგი იქნება, თუ შევთავაზებთ  ელექტრონულ დავალებებს. ელექტრონული დავალელბები თავიდან აგვაცილებს ისეთ გავრცელებულ პრობლემებს, როგორებიცაა:

„დავალების  რვეული სახლში დამრჩა“

„დღეს ყველაზე კარგად ვიცოდი გაკვეთილი და არ გამომკითხა“ და სხვ.

ტექნოლოგიების დახმარებით ჩვენ შეგვიძლია გაკვეთილზე გავზარდოთ მოსწავლეთა ჩართულობა ,რადგან ყველა მოწავლეს ეძლევა თანაბარი შესაძლებლობა ჩაერთოს და გამოხატოს საკუთარი მოსაზრება. მაგალითად, კითხვა -პასუხის დროს შეგვიძლია გამოვიკითხოთ პასუხები ელექტრონულად და შემდეგ შევაჯამოთ ხმამაღლა.

ცხადია, ეს პრაქტიკული რეკომენდაციები არ გახლავთ  იდეალური. მისი მოდიფიცირება სავსებით  შესაძლებელია, და მეც იმედს ვიტოვებ, რომ ზემოაღნიშნული წერილი სასწავლო პროცესის უკეთ მართვაში რამდენადმე დაგეხმარებათ.

გამოყენებული ლიტერატურა:

https://www.slideshare.net/rajb/technology-and-communications-for-kids

http://mastsavlebeli.ge/?p=1985

http://komunikac.blogspot.com/2012/06/blog-post.html

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური