GE

როგორ გეგმავს ჯეჯელავა ახალგაზრდების უმაღლესი განათლებიდან პროფესიულში „გადატყუებას“

ვიცე–პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განათლების რეფორმის კონცეფციაზე საუბრისას რამდენიმე ძირითად ასპექტზე გაამახვილა ყურადღება. მათ შორის პროფესიულ და უმაღლეს განათლებას შორის ახალგაზრდა თაობის პროპორციულ გადანაწილებაზე ისაუბრა.

მინისტრის განცხადებით, საქართველოში არის შრომის ორი ბაზარი. უმაღლესი განათლების მქონე ადამიანები, ანუ 1 ან 2 დიპლომიანები, ამ ბაზარზე არის წყვეტა ერთ ვაკანსიაზე და მე-2- პროფესიული სპეციალობების მწირი არჩევანი. ამის დასტურად კი ამბობს, რომ ერთ-ერთმა კომპანიამ შემდუღებელი ჩამოიყვანა კოლუმბიიდან. მიუხედავად მოთხოვნისა, საქართველოში ასეთი კადრი ვერ ნახა.

განათლების მინისტრმა კონკრეტული  მაჩვენებლებიც მოიყვანა, თუ როგორ გადანაწილდნენ აბიტურიენტები პროფესიულ და უმაღლეს სასწავლებლებში პროცენტულად გასულ წელს.

“2016 წელს ქართველი ახალგაზრდები, ვინც სკოლა დაამთავრა ორ ნაწილად გაიყო, 75% წავიდა უმაღლეს სასწავლებლებში, 25% კი პროფესიულში. შრომის ბაზარი კი პირიქითა, 25% უნდა მიდიოდეს უმაღლეს განათლებაში, იყოს იურისტი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი და ა.შ, 75% კი -სპეციალისტი. ბუღალტერი, ექთნები, პროგრამისტი, ელექტრიკოსი, ფილების დამგები – ეს პროფესიული სპეციალობები არის სანთლით საძებარი. ამ მიმართულებით იქნება მთავარი აქცენტები და ჩვენ შევეცდებით უმაღლესი განათლებიდან ხალხი გადავიტყუოთ პროფესიულ განათლებაში. 10 წლის შემდეგ ჩვენ გვინდა, რომ ქართული სკოლიდან გამოსული ადამიანი ფლობდეს რწმენებისა და ფასეულობების ისეთ პაკეტს, რაც ცხოვრებისთვის გამოადგება და ასევე, მათი გაყოფა მოხდეს ორ ნაწილად, 75% წავიდეს პროფესიულში, 25% კი უმაღლეს განათლებაში. ვინც იქნება პროფესიულში, იყოს ძალიან მაგარი სპეციალისტი, ვინც წავა უმაღლესში, იყოს კარგი აკადემიური ტიპი“,  –  თქვა ჯეჯელავამ.

EDU.ARIS.GE დაინტერესდა, თუ როგორ აპირებს მინისტრი ამის მიღწევას და ახალგაზრდა თაობის პროფესიული განათლებით დაინტერესებას, რა გეგმები აქვს მას ამ მიმართულებით.

ჯეჯელავას თქმით, მთავარი ინტერესი ახალგაზრდა თაობისთვის პროფესიულ სასწავლებელში ჩასაბარებლად იქნება “უფასოობა, საინტერესოობა, დასაქმების პერსპექტივა და კარგი პირობები”.

„პროფესიულ სასწავლებელში სწავლა არის უფასო და შენარჩუნდება სრულად. გაცილებით უფრო მრავალფეროვანი იქნება სწავლება, დასაქმების მაჩვენებელი პროფესიულში  გვექნება ძალიან მაღალი და ეს იქნება სტუდენტებისთვის მაგნიტი. გარდა ამისა მოკლე ვადა- 2 წელიწადში დამთავრება და დაწყება სრულფასოვანი პროფესიული ცხოვრების ახალგაზრდა ადამიანისთვის მგონია, რომ მიმზიდველია“, – უთხრა მინისტრმა EDU.ARIS.GE-ის და იქვე დასძინა, რომ  პროფესიული განათლების დახვეწა უმაღლესი განათლების ხარჯზე არ მოხდება.

როგორც ჯეჯელავა ამბობს, ვინც პროფესიულის კადრია და ისწავლის პროფესიულში, უმაღლეს სასწავლებლებშიც უფრო მაღალი დონის კადრები გაიზრდება – ასე ვთქვათ, “ხუთოსნები”.

“უმაღლეს სასწავლებელში ყოველწლიურად 30 ათასი აბარებს, თუმცა მათგან გრანტი მხოლოდ 6000 აქვს. ამაზე ნაკლები გრანტი არ გვექნება მომავალში, თუმცა დღესაც ათასობით მოსწავლეა, ვისაც გრანტი არ აქვს და სწავლის საფასურს ვერ იხდის. ასეთ დროს კი ალტერნატივად ან პარალელურ რეჟიმში განიხილავს პროფესიულ სასწავლებელს. სულ უფრო და უფრო მეტი  იქნება ასეთი მოსწავლე“, –  განაცხადა მინისტრმა.

ახალი პროგრამა–„წარჩინებულ სტუდენტებს მესამე კურსზე მივაკითხავთ და შევთავაზებთ, მოსინჯონ მასწავლებლობა“

ქეთი არის© გიგოლაშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური