GE

როგორ იხარჯება გერმანული მხარის დახმარება განათლების სფეროზე?

„გერმანია საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი პარტნიორია განვითარების სფეროში თანამშრომლობის კუთხით“, – ვკითხულობთ თბილისში გერმანიის საელჩოს ვებ-გვერდზე. ამავე წყაროს თანახმად, გერმანიამ 1992 წლიდან 1 364 850 000 ევროს დახმარება გაგვიწია.

როგორ იხარჯება ამ თანხის ნაწილი განათლების სფეროზე? EDU.ARIS.GE ამის გარკვევას შეეცადა.

ყველაფერი ეგრეთწოდებული “პროფესიული განათლების ქართულ-გერმანული დღეების” (2019 წლის 15-16 ივნისი) საზეიმო ღონისძიებით დაიწყო.

ორგანიზატორებმა, ქალაქის ცენტრში, ცენტრალურ მოედანზე პროფესიულ განათლებასთან დაკავშირებული ექსპერტული აზრთა გაცვლა გადაწყვიტეს. დარბაზი განათლების სისტემაში მომუშავე ხალხით იყო შევსებული. იქ, ალბათ, ყველა ყველას იცნობდა და ამის მიუხედავად (ან ზუსტად ამიტომ) მოწყენილი და სერიოზული სახეებით, პროფესიულ განათლებაზე ცალი ყურით ბევრჯერ მოსმენილის ვარიაციებით ტკბებოდნენ.

გარეთ კი, მოედანზე, ლამის ყველასათვის უცნობი დანიშნულების კარვები იყო გაშლილი. კარვებში ორგანიზატორები პროფესიული განათლებით დაინტერესებულ პოტენციურ სტუდენტებს ელოდნენ და ალბათ, თუკი ისინი მივიდოდნენ, მოუყვებოდნენ კიდეც მათ, რა კარგია გერმანელების დახმარებით შექმნილი დუალური პროფესიული პროგრამები. ელოდებოდნენ და ელოდებოდნენ, მაგრამ მომავალი სტუდენტები არ მოვიდნენ. არ მოვიდნენ არასოდეს.

აქ თავად ნახავთ ინფორმაციას ამ ღონისძიების შესახებ – skills4georgia.ge – ეს ვებ-გვერდი ჯერჯერობით ხელმისაწვდომია… იმიტომ რომ skills4georgia-ს და გერმანიასთან თანამშრომლობის ღონისძიებისათვის სპეციალურად შექმნილი გვერდები, ფეისბუკიდან გაქრა (ერთი დღის წინ წაიშალა?), ეს ვიდეო კი Skills4georgia-ს youtube-დან არის (ასლი უკვე გადმოვიწერეთ)

ჩვენ, ალბათ, ამაზე წარუმატებელი ღონისძიებებიც გვინახავს და ალბათ, დიდ ყურადღებას ამასაც არ მივაქცევდით, თუ ბავშვობიდან თავში ჩადებული პოსტულატი – გერმანული ხარისხიანია, გერმანული კარგს ნიშნავს არ გაგვახსენდებოდა.

ეს ღონისძიება ხარისხიანი არ იყო, მაგრამ ორგანიზატორების ლოგოები ასე გამოიყურებოდა:

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
გერმანიის საელჩო თბილისში
გერმანიის თანამშრომლობის ორგანიზაცია

ერთ-ერთ კარავში, ჩვენს კითხვებზე პასუხის მისაღებად, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) “კერძო სექტორის განვითარება და პროფესიული განათლება სამხრეთ კავკასიაში” პროგრამის მოადგილე იოჰანეს შტრიტმატერთან (Johannes Strittmatter) საუბარი გვირჩიეს.

მოკლე ცნობა GIZ (Deutsche Gesellschaft für Internationale Zusammenarbeit GmbH) ორგანიზაციის შესახებ

მთელ მსოფლიოში (20,726 თანამშრომელი120 ქვეყანაში) GIZ-ის ძირითადი საქმიანობა ადამიანების შესაძლებლობის – ადამიანური კაპიტალის განვითარებაა. GIZ მხარს უჭერს ადამიანებს სპეციალური ცოდნის, უნარების და მენეჯერული გამოცდილების მოპოვებაში. GIZ ეხმარება, ორგანიზაციებს, საჯარო დაწესებულებებსა და კერძო კომპანიებს მენეჯერული და საწარმოო პროცესების ოპტიმიზაციაში. GIZ ურჩევს მთავრობებს, თუ როგორ უნდა მიაღწიონ მიზნებს და განახორციელონ ქვეყნაში მასშტაბური ცვლილებები კანონმდებლობისა და სტრატეგიების გათვალისწინებით.

GIZ საქართველოში 1992 წლიდან მუშაობს.

GIZ-ის ერთადერთი აქციონერი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკაა, წარმოდგენილი გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) და გერმანიის ფედერალური ფინანსთა სამინისტროს (BMF) მიერ.

ჩვენ GIZ პროგრამის (Private Sector Development and TVET South Caucasus) დირექტორის მოადგილეს, იოჰანეს შტრიტმატერს შევხდით.

ამჟამად, „კერძო სექტორის განვითარება და პროფესიული განათლება და ტრენინგი სამხრეთ კავკასიაში“ პროექტის ფარგლებში, GIZ გერმანიის მთავრობის შეკვეთას ასრულებს და განათლების სამინისტროს მრჩეველი ორგანიზაციაა პროფესიული განათლების კუთხით – ეს პროექტი საქართველოს და გერმანიის მთავრობებს შორის ტექნიკური თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში ხორციელდება – გვითხრა იოჰანეს შტრიტმატერმა.

პროექტის ბიუჯეტზე პროფესიული განათლების ნაწილში, მომავალ გეგმებზე და პროექტის ფარგლებში GIZ-ის მომსახურების მიმღებ კოლეჯებსა და სხვა ორგანიზაციების ჩამონათვალზე, ასევე მათთვის კონკრეტულად გაწეულ მომსახურებაზე, მიღებულ შედეგებზე, –  პასუხი ვერ მივიღეთ. ბატონი შტრიტმატერის განმარტებით, მისი ორგანიზაციის წესების თანახმად, ინფორმაციის მისაღებად, ჩვენ თბილისში, გერმანიის საელჩოს, GIZ-ის დირექტორს საქართველოში ან განათლების სამინისტროს უნდა მივმართოთ.

წესებს, რასაკვირველია პატივს ვცემთ, მაგრამ ჩვენი ვიზიტით ოდნავ გაღიზიანებული იოჰანეს შტრიტმატერი არაფრით დაგვეხმარა და ძირითადად, სამხრეთ კავკასიისთვის ორგვერდიანი ბროშურისათვის შედგენილი ტექსტის თანახმად საუბარს ცდილობდა (ჩვენ ეს ბროშურა შეხვედრამდე ბევრი დღით ადრე ვნახეთ), დახმარება არა, მაგრამ კითხვის დასმა, თუ როგორ შოულობს ფულს ჩვენი ორგანიზაცია, მაინც მოახერხა.

მეტი ინფორმაციის მისაღებად, ჩვენ ირინა წეროძეს, განათლების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსს შევხდით.

ირინა წეროძე ადასტურებს, რომ პროექტში მონაწილე კოლეჯების შერჩევა განათლების სამინისტროს ინიციატივით და GIZ-თან შეთანხმებით ხდება, მაგრამ ქართულ-გერმანული დღეების ორგანიზებაში, მთავარ ორგანიზატორად განათლების სამინისტროს დასახელებას კატეგორიულად არ ეთანხმება.

ირინა წეროძემ ვერ გვიპასუხა, რამდენია „კერძო სექტორის განვითარება და პროფესიული განათლება და ტრენინგი სამხრეთ კავკასიაში“ პროექტში საქართველოსათვის გამოყოფილი პროფესიული განათლების ბიუჯეტი, მაგრამ იცის, რომ გერმანიის მთავრობის დახმარებაში პროფესიული განათლების წილი გაიზრდება, რადგან წელს საქართველომ პროფესიული განათლების შესახებ ახალი კანონი მიიღო.

ჩვენი თხოვნა პროექტში მონაწილე კოლეჯებსა და ორგანიზაციების სიის გამოგზავნაზე კი უპასუხოდ დატოვა.

ინფორმაციის მოპოვება ღია წყაროებში ვცადეთ.
საგარეო დახმარების საინფორმაციო მართვის სისტემის თანახმად, ქართულ-გერმანული პროფესიული განათლების ორდღიანი ზეიმი გერმანიის გადასახადების გადამხდელებს 100 ათასი ევრო დაუჯდა.

„კერძო სექტორის განვითარება და პროფესიული განათლება და ტრენინგი სამხრეთ კავკასიაში“ პროექტში (01.04.2017 – 30.04.2020) საქართველოს წილი 7 276 000 ევროა, მომსახურების მიმღები კი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროა. რა არის ამ თანხიდან განათლების სამინისტროს წილი პროფესიული განათლების განვითარებისათვის, ჩვენთვის ისევ უცნობია.

საქართველო არ არის მდიდარი ქვეყანა და გერმანიის მთავრობის დახმარება უდავოდ არის სასარგებლო და საჭირო. ჩვენ მადლობლები და მადლიერები ვართ გერმანიის მთავრობის მიერ საქართველოში ჩადებულ ყოველ ევროზე, იმ სამუშაოებისათვის, რომლებსაც საქართველოში GIZ და სხვა ორგანიზაციები გერმანიის მთავარობის დავალებით ასრულებენ.

მაგრამ, ნუთუ ამდენად რთული უნდა იყოს ერთი შეხედვით ღია ინფორმაციის მიღება?!

არ გეჩვენებათ, რომ ეს პროცესი არ არის სათანადო დონეზე გამჭვირვალე?

რადგან დაფინანსება გერმანიის და არა საქართველოს ბიუჯეტიდან ხდება, საზოგადოებამ არ უნდა იცოდეს, მაგალითად, რამდენჯერ მონაწილეობდა GIZ-ის  შესრულებით სხვადასხვა პროექტებში, როგორც ჩანს, პროფესიულ განათლებაში მთავრობის ფავორიტი – საზოგადოებრივი კოლეჯი „სპექტრი“?

ჩვენ ასე არ ვფიქრობთ, ეს არ უნდა იყოს საიდუმლო. მზად ვართ, ყოველთვის გამოვაქვეყნოთ განათლებასთან დაკავშირებული გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული ნებისმიერი პროექტის დეტალები.

ისღა დარჩა, რომ ეს დეტალები მივიღოთ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
aris.ge-adm