GE

როგორ მოიპოვებს აბიტურიენტი სწავლის გაგრძელების უფლებას და როგორ გამოიანგარიშება საკონკურსო ქულა თითოეულ პროგრამაზე

2023 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გასული აბიტურიენტების დიდი ნაწილისთვის პირველადი შედეგების გამოცხადება დასრულებულია, რადგან გამოცდების ცენტრმა უკვე არაერთი საგნის შედეგი გამოაქვეყნა.

შედეგების გამოცხადების დასრულების მომდევნო ეტაპი აპელაცია იქნება. ახლა აბიტურიენტების დიდ ინტერესს წარმოადგენს ტესტების ე.წ. რთულ ვარიანტებად გამოცხადების პროცესი, მოხვდება თუ არა მათ შორის ის ტესტი, რომელზეც თავად იმუშავეს.

სწავლის გაგრძელების უფლების მოპოვება

აპელაციის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ კი აბიტურიენტებს თავიანთი საბოლოო შედეგები ეცოდინებათ თითოეულ საგანში და როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრი განმარტავს, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აბიტურიენტმა კომპეტენციის მინიმალური ზღვარი უნდა გადალახოს კონკრეტულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულ ყველა საგანში. მიღებული ქულების გათანაბრების შემდეგ ზღვრის გადალახვის შანსს ინარჩუნებენ ის აბიტურიენტებიც, რომლებმაც შეასრულეს ტესტის შედარებით რთული ვარიანტი. ზღვარი გადალახული აქვს თუ არა აბიტურიენტს ამა თუ იმ ქულით, დადგინდება ქულათა გათანაბრების შემდეგ, საბოლოო შედეგებთან ერთად.

2023 წლის აბიტურიენტის ცნობარში მაგალითის მეშვეობით არის ახსნილი, თუ როგორ გამოიანგარიშება საკონკურსო ქულა თითოეულ აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე.

საკონკურსო ქულა არის ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიღებულ კონკრეტულ ქულათა ჯამი, რომლის საფუძველზეც დგება კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტი.

საკონკურსო ქულის გამოანგარიშება კი, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განმარტებით, ხდება შემდეგნაირად:

  1. აბიტურიენტის მიერ თითოეული საგნის ტესტში მიღებული ქულა ტესტის ფსიქომეტრული პარამეტრების მიხედვით განთავსდება ერთ საერთო სტანდარტულ სკალაზე და მიიღება საგნის სკალირებული ქულა;
  2. აბიტურიენტის სკალირებული ქულა მრავლდება საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგულ ჩამონათვალში მითითებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გამოცხადებული საგნის შესაბამის კოეფიციენტზე და მიიღება კონკრეტული ქულა;~
  3. აბიტურიენტის კონკრეტული ქულები ჯამდება და მიიღება საკონკურსო ქულა.

საკონკურსო ქულის გამოთვლის მაგალითი: აბიტურიენტმა მიიღო ქართულ ენასა და ლიტერატურაში 151,6; უცხოურ ენაში – 145,6; მათემატიკაში – 154,0. ამ გამოცდების კოეფიციენტები ერთ-ერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ჰუმანიტარულ მეცნიერებათა საგანმანათლებლო პროგრამისათვის შესაბამისად არის 4; 3; 5. ჯამური საკონკურსო ქულა იქნება 151,6X4 + 145,6X3 + 154,0X5 = 606,4 + 436,8 + 770,0 = 1813,2. სხვა საგანმანათლებლო პროგრამისათვის, თუ მას განსხვავებული კოეფიციენტები აქვს მინიჭებული ამ გამოცდებისათვის, ანალოგიური წესით გამოთვლილი ჯამური საკონკურსო ქულა განსხვავებული იქნება. კონკრეტული საგანმანათლებლო პროგრამისათვის საკონკურსო ქულის გამოთვლისას უნდა გამოიყენოთ მხოლოდ იმ გამოცდების შედეგები, რომლებიც მითითებული აქვს ამ საგანმანათლებლო პროგრამას.

ასევე იხილეთ:

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური