როგორ შეიცვლება სწავლება და მასწავლებლის როლი კორონავირუსის შემდეგ – მსოფლიო ექსპერტების 5 პროგნოზი
იუნესკოს მონაცემებით, მთელ მსოფლიოში მოსწავლეებისა და სტუდენტების 91% კარანტინში მოხვდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, სკოლები გლობალურად პირველად დაიხურა. როდესაც ბავშვები და სტუდენტები საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში დაბრუნდებიან, განათლება ისეთი ვეღარ იქნება, როგორიც პანდემიამდე იყო. როგორ შეიცვლება სწავლება და მასწავლებლის როლი კორონავირუსის შემდეგ? გთავაზობთ, ამ საკითხთან დაკავშირებით, განათლების ექსპერტების მიერ გაკეთებულ პროგნოზებს.
1. განათლება სასიცოცხლო მნიშვნელობის უნარებისთვის შესაძენად
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი ოთხ მთავარ ცვლილებას ასახელებს, რომელიც განათლების სფეროს კარანტინის შემდეგ ელის. მოსწავლეები და სტუდენტები, რომლებიც პანდემიის შედეგებს ყველაზე მწვავედ განიცდიან, Z თაობას წარმოადგენენ. ადამიანების ამ ჯგუფს ორი აბრევიატურით ახასიათებენ: FOBA (Fear of Being Alone) – მარტო ყოფნის შიში და FOMO (Fear of Missing Out) – რაღაცის გამოტოვების შიში. ახალგაზრდების ასაკი 25 წელს არ აღემატება და მათ სამყარო ტექნოლოგიების გარეშე არასოდეს უნახავთ. მათ კავშირზე მუდმივად ყოფნისა და კითხვებზე მყისიერი პასუხების მიღების მოთხოვნილება აქვთ.
კარანტინის მახეში Alpha თაობაც გაება: მათთვის ტექნოლოგიები თავიანთი ცნობიერების გაგრძელებას, სოციალური ქსელები კი ცხოვრების სტილს წარმოადგენენ. ამ აუდიტორიის მოთხოვნებისა და მოლოდინის დასაკმაყოფილებლად, საგანმანათლებლო სისტემამ მათ გამძლეობისა და ადაპტირების უნარი უნდა ასწავლოს. ექსპერტების აზრით, პოსტპანდემიურ სამყაროში ამ უნარებს სასიცოცხლო მნიშვნელობა ექნება. მათი დახმარებით ახალგაზრდები კრიზისულ სიტუაციებთან გამკლავებას შეძლებენ. კრეატიულობასთან, კომუნიკაციასთან და კოლაბორაციასთან ერთად, საგანმანათლებლო სისტემამ დიდი ყურადღება ემპათიასა და ემოციონალურ ინტელექტს უნდა მიაქციოს. ახალგაზრდებს სხვადასხვა კულტურისა და ასაკის ადამიანებთან ერთად მუშაობა უნდა შეძლონ.
2. სკოლა ჰიბრიდული გახდება
დემოკრატიული სკოლების ქსელის დამფუძნებელი და ისრაელის განათლების მინისტრების მრჩეველი იაკოვ გეხტმა პანდემიის შემდგომი სწავლების პროგნოზები გამოაქვეყნა. მან განაცხადა, რომ კორონავირუსი ტრადიციულ სკოლას უტევს და პედაგოგებს ახალ შესაძლებლობებს აჩვენებს, რომელთა გამოყენებაც დაუყოვნებლივ არის საჭირო. ,,მე ორ მნიშვნელოვან ცვლილებას ვპროგნოზირებ. პირველ რიგში, სკოლა ჰიბრიდული გახდება, დროის ნაწილს მოსწავლეები face-to-face ფორმატში, კლასში მასწავლებლებთან ერთად ისწავლიან. დანარჩენ დროს ისინი ონლაინ მეცადინეობით დაკავდებიან. მსგავსი სისტემა, კრიზისების შემთხვევაში, სკოლას ბევრად მოქნილს გახდის. გარდა ამისა, სახელმწიფოების ბიუჯეტი განათლებაზე შემცირდება, ამიტომ პედაგოგებს მუშაობა ნაკლები ფინანსური რესურსით მოუწევთ“.
იაკოვ გეხტის აზრით, სკოლებს თავიანთი პარადიგმის შეცვლა მოუწევთ. საჭიროა სასკოლო განრიგის, სადაც მასწავლებელი კონკრეტულ დროს თავის საგანს კითხულობს, დავიწყება. ახალი განრიგი უნდა აჩვენებდეს იმას, თუ რას სწავლობს მოსწავლე, დროის ამა თუ იმ მონაკვეთში. მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესს როგორც გაკვეთილზე, ისე ონლაინ დაესწრონ. განრიგის ასეთი მოქნილობა მასწავლებლებს მნიშვნელოვნად განტვირთავს. ამგვარად მათი მუშაობა უფრო ეფექტური და პერსონიფიცირებული გახდება: პედაგოგს მოსწავლესთან პირად კონტაქტზე და მასთან ფოკუსირებულ მუშაობაზე მეტი დრო ექნება.
3. შეიცვლება მასწავლებლის როლი
ექსპერტების აზრით, კარანტინის შემდეგ მასწავლებლის პროფესია არ გაქრება, თუმცა მნიშვნელოვნად შეიცვლება. მათი აზრით, 2025 წლისთვის ონლაინ განათლების გლობალური ბაზარი დაახლოებით 325 მილიარდი დოლარი ეღირება. ეს კი მსოფლიო ვირტუალურ სასწავლო სივრცეში მასწავლებლის აუცილებლობას კითხვის ნიშნის ქვეშ სვამს. რა თქმა უნდა, პედაგოგის მნიშვნელობა განმსაზღვრელი მომავალშიც იქნება, თუმცა მისი როლი აუცილებლად უნდა შეიცვალოს.
მასწავლებელს აღარ შეუძლია უბრალოდ იყოს თავისი საგნის მცოდნე. ახლა ის უნდა გახდეს ფასილიტატორი, რომელიც ჯგუფურ მუშაობას ახალისებს და მას კოორდინაციას უწევს. გარდა ამისა, მათ ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების საფუძვლიანი ტრენინგები აუცილებლად უნდა გაიარონ. ეს იმისთვის არის აუცილებელი, რომ მათი ვირტუალური გაკვეთილები რაც შეიძლება საინტერესო და ინტერაქტიული იყოს.
4. ჰოუმ სქულინგი და M-განათლება მოდაში იქნება
ამერიკის შეერთებულ შტატებში დაახლოებით 1,7 მილიონი მოსწავლე სახლში სწავლობს. ისინი ,,ჰოუმსქულინგით“ ჯერ კიდევ პანდემიის დაწყებამდე დაკავდნენ. თუმცა ახლა, OECD (ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია) ონლაინ სწავლების ტენდენციას დადებითად აფასებს და ვარაუდობს, რომ ბევრი სახელმწიფო თავის შეხედულებას სასკოლო განათლებაზე აუცილებლად გადახედავს. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ბევრი ოჯახი სწავლების ამ მეთოდს დათანხმდება. კიდევ ერთი სიახლე, რომელიც განათლების სისტემას შეცვლის არის ე.წ. M-განათლება (mobile learning). თანამედროვე სასწავლო პლატფორმები თავიანთი კონტენტის M-განათლებაზე მოსარგებად არის მიმართული.
5. განათლება გლობალური გახდება
განათლებამ გლობალური თემები უნდა მოიცვას. ტურიზმის მკვეთრმა შემცირებამ ყველას ნათლად დაგვანახა, თუ რამხელა კვალს ტოვებს ადამიანი თავისი მოგზაურობის შემდეგ. გამჭვირვალე წყალმა ვენეციის არხებში და სუფთა ჰაერმა მსოფლიოს ყველაზე დაბინძურებულ ქალაქებში ნათლად დაგვანახა, თუ რამდენად დიდ ზიანს აყენებს ადამიანი გარემოს თავის ხშირი გადაადგილებებით. ყოველი სტუდენტი, რომელიც სასწავლებლად სხვა ქვეყანაში მიდის და ყოველი სასწავლო პროგრამა, რომელიც უცხოელ სტუდენტებს მასპინძლობს, თავისი ეკოლოგიური აზროვნება უნდა განავითაროს. ექსპერტების აზრით, სავსებით შესაძლებელია, რომ საერთაშორისო სასწავლო პროგრამებს ორი ფორმა: ტრადიციული და ონლაინ/დისტანციური ექნებათ. პოსტპანდემიურ სამყაროს შემდგომი განვითარებისთვის გლობალურად განათლებული ადამიანები დასჭირდება.
თანამედროვე განათლების არსობრივი შეცდომები, ანუ რატომ უნდა ვასწავლოთ ბავშვებს „შეცდომების დაშვება“
მოამზადა თეა ინაშვილმა
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება