თანამედროვე განათლების არსობრივი შეცდომები, ანუ რატომ უნდა ვასწავლოთ ბავშვებს „შეცდომების დაშვება“
განათლების სფეროს წამყვანი სპეციალისტები დაინტერესდნენ, ასრულებს თუ არა სისტემა თავის ამოცანას თანამედროვე სამყაროს მოთხოვნების შესაბამისად. მათ მიერ დასმული ერთ-ერთი მთავარი კითხვა იმას შეეხებოდა, თუ როგორ ვასწავლოთ სკოლის მოსწავლეებს შეცდომების დაშვება. ბავშვები, რომლებიც სკოლაში 2021 წელს წავლენ პენსიაზე 2075 წელს გავლენ. ახალი ტექნოლოგიების სწრაფი განვითარების პირობებში, შორეული მომავლის წარმოსახვა და გათვლა ძალიან რთულ ამოცანას წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, ბავშვებისთვის იმ განათლების მიცემაა საჭირო, რომელიც მათ ამ გაუთვალისწინებელ მომავალში გამოადგებათ.
ყველა სპეციალისტი თანხმდება, რომ ამისათვის საჭირო პარამეტრების უმრავლესობა ჩვენთვის უცნობია. ისინი ხაზს უსვამენ, რომ ბავშვებს წარმოუდგენელი შემოქმედებითი შესაძლებლობები აქვთ. სპეციალისტების აზრით, ეს არის მთავარი გასათვალისწინებელი ასპექტი, რომელიც განათლების მოდელის შექმნისთვის არის საჭირო. შემოქმედება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც წერა-კითხვის ცოდნა. ყველა ინოვაცია, რომელიც ნობელის პრემიას იმსახურებს, სწორედ შემოქმედებითი პროცესის შედეგად ჩნდება. სამწუხაროდ, დღევანდელი საგანმანათლებლო სისტემა ისე არის აგებული, რომ ის არა თუ ბავშვის შემოქმედებითი პოტენციალის განვითარებაზე, არამედ მის ჩახშობაზეა ორიენტირებული.
,,ღმერთის პორტრეტი“
ცხრა წლის გოგონა, რომელიც სკოლაში უყურადღებო და გონებაგაფანტულია, ხატვის გაკვეთილზე ძალიან მობილიზებულად მუშაობდა. მასწავლებლის შეკითხვაზე, თუ რას ხატავდა ის, გოგონამ უპასუხა: „ღმერთს“. პედაგოგმა აუხსნა, რომ არავინ იცოდა, თუ როგორ გამოიყურებოდა ღმერთი. მოსწავლემ მას უპასუხა: „როგორც კი მე დავასრულებ შეცდომების ულევ ნახატს, ამას ყველა გაიგებს“. ნათელია, რომ გოგონას ორიგინალური გადაწყვეტილების მიღების არ ეშინოდა. მისი რწმენა საკუთარ შემოქმედებით შესაძლებლობებში არავის შეურყევია. მნიშვნელოვანია გავითავისოთ, რომ ბავშვებს ცდა და შეცდომების დაშვება მანამ არ ეშინიათ, სანამ მათ დააშინებენ და შეზღუდვებს დაუწესებენ. მასწავლებელს არ უთქვამს გოგონასთვის: „საიდან ასეთი თავდაჯერებულობა?!“. ამის ნაცვლად ის ინტერესით დაელოდა გოგონას და მისი ინტერპრეტაციით შესრულებული ღმერთის პორტრეტი შეაქო.
სპეციალისტების აზრით, ნორმალურ სკოლაში ასეც უნდა ხდებოდეს. ბავშვმა უნდა შექმნას, მასწავლებელმა კი უნდა შეაქოს. სამწუხაროდ, სკოლების უმრავლესობაში, სასწავლო პროცესი ისე არის აგებული, რომ მოსწავლეები შემოქმედებით საქმიანობას წყვეტენ. განათლების დღევანდელ სისტემაში ყველაზე საშინელი შეცდომის დაშვებაა. ამის გარეშე კი, რამე უნიკალურის შექმნა წარმოუდგენელია.
მოაზროვნე ადამიანებმა ყოველთვის იცოდნენ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია შეცდომების დაშვება. „მე არ ჩამიგდია ტესტი, მე უბრალოდ შეცდომის დაშვების 100 ხერხი ვიპოვე“- ნათქვამია ბენჟამინ ფრანკლინის ცნობილ ციტატაში. ახლა კი, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ჩვენ ბავშვებს უშეცდომოდ მუშაობას, ანუ საკუთარი შემოქმედებითი უნარის დაკარგვას ვასწავლით.
დისკოთეკა პროფესორებთან
დღეს ყველა ქვეყანაში საგნების საერთო იერარქია არსებობს. მათემატიკასა და ზუსტ მეცნიერებებს წამყვანი ადგილი უჭირავთ, მეორე ადგილზე უცხო ენები და ჰუმანიტარული საგნები, მესამეზე კი სახვითი დისციპლინებია. ამ უკანასკნელს თავისი იერარქია აქვს, სადაც ხატვა და მუსიკა მეტი, ხოლო ცეკვა და სამსახიობო ხელოვნება ნაკლები პოპულარობით სარგებლობს. მასწავლებლები მოსწავლეების წინ ისეთი სიხშირით არ ცეკვავენ, როგორითაც მათ მათემატიკას ასწავლიან. რატომ?
ყველა ადამიანს აქვს სხეული, ამასთან, განათლების სისტემა მოსწავლის მხოლოდ თავის, ისიც ცალმხრივ (ტვინის მხოლოდ მარცხენა ნახევარსფეროს), განვითარებაზე არის ორიენტირებული. ერთ-ერთმა წამყვანმა ბრიტანელმა თეორიტიკოსმა, კენ რობინსონმა იხუმრა, რომ თუ უცხოპლანეტელი დედამიწაზე მოხვდებოდა, იფიქრებდა, რომ აქ განათლების სისტემა მხოლოდ საუნივერსიტეტო პროფესორების მომზადებაზეა მიმართული. ამ პროფესიის ადამიანები განათლების სისტემაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ იშვიათი გამონაკლისი გარდა, ისინი მხოლოდ თავით ცხოვრობენ. ისინი საკუთარ სხეულს, როგორც თავის ლექსებსა და თათბირებზე ტრანსპორტირების საშუალებას უყურებენ. თუ თქვენ ოდესმე სამეცნიერო კონფერენციის დასრულებასთან დაკავშირებულ დისკოთეკაზე ყოფილხართ, აუცილებლად ნახავდით საშუალო ასაკის ადამიანებს, რომლებიც მუსიკის რითმს აცდენილ მოძრაობებს ასრულებდნენ. სამწუხაროდ მათ საკუთარ სხეულთან კონტაქტი დიდი ხნის წინ დაკარგეს.
ფიქრი მოძრაობის პროცესში
დღევანდელი საერთო საგანმანათლებლო სისტემა XIX საუკუნეში, ინდუსტრიული რევოლუციის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად დააარსეს. უფროსების უმრავლესობა სკოლაში მისთვის საინტერესო საქმით არ იყო დაკავებული, ვინაიდან ბევრი საგანი მუშაობისთვის უსარგებლოდ ითვლებოდა. „არ დაკავდე მუსიკით, შენ მუსიკოსი არასოდეს გახდები“ ან „არ დაკარგო დრო ხატვაზე, შენ მხატვარი არ იქნები“, მსგავსი წინადადებები უფროსების უმრავლესობას სმენია. მშობლების მზრუნველობით მოცემულმა რჩევებმა იქამდე მიგვიყვანა, რომ სხვადასხვა ტალანტის მქონე ადამიანები თავს უნიჭოდ თვლიდნენ.
მოგიყვანთ ერთ მაგალითს. ცხრა წლის ჯილიან ლი სკოლაში ცუდად სწავლობდა, ის მასწავლებლებს არ უსმენდა და გაკვეთილზე ვერ ისვენებდა. სკოლამ მის მშობლებს წერილი მისწერა, სადაც ნათქვამი იყო, რომ მათი შვილი არასრულფასოვანია, მას ფსიქიკური დაავადება აქვს და ექიმის დახმარება სჭირდება. დედამ ჯილიანო ფსიქოლოგთან მიიყვანა და პრობლემის შესახებ უამბო. სპეციალისტმა ის თავის კაბინეტში შეიპატიჟა, ჯილიანი კი მისაღებში დატოვა და მას მუსიკა ჩაურთო. უფროსების ოთახიდან გასვლისთანავე გოგონამ ცეკვა დაიწყო. უფროსები გოგონას რამდენიმე წუთი უყურებდნენ, რის შემდეგაც ფსიქოლოგმა მშობელს აუხსნა, რომ გოგონა ავად არ არის, ის უბრალოდ მოცეკვავეა და დედას შვილის საბალეტო სკოლაში გაშვება ურჩია. ჯილიანი იხსენებს, რომ საბალეტო სკოლაში გატარებული პირველი დღე, მის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი იყო. „იქ ყველა ჩემნაირი იყო. საბალეტო სკოლის მოსწავლეები, ჩემსავით, მოძრაობის პროცესში ფიქრობდნენ“, – იხსენებს ჯილიან ლი. ის კოვენტ-გარდენის სამეფო ბალეტის სოლისტი გახდა. გარდა ამისა, მან საბალეტო სკოლა დააარსა, ასევე სარეჟისორო და ქორეოგრაფიულ საქმინობაში დიდ წარმატებას მიაღწია. მან თავისი ნიჭით მილიონობით ადამიანის გულის მოგება შეძლო. აღსანიშნავია, რომ თუ დედა ჯილიანს სხვა ფსიქოლოგთან მიიყვანდა, მას შესაძლებელია ტრანკვილიზატორებს გამოუწერდნენ და დაწნარებას აიძულებდნენ.
არა ,,რამდენად“ არამედ ,,რა ხერხით, რა გზით“
ჯილიან ლინის ისტორია, რომელმაც თავისი მოწოდება, არა განათლების სისტემის (რომელშიც ის სულელად და უნიჭოდ ითვლებოდა) დახმარებით, არამედ მის საწინააღმდეგოდ იპოვა, მივყავართ კითხვამდე, თუ როგორ განვიხილავთ ჩვენ ,,გონებას“. სერ ენტონი სელდონის – სკოლის ყოფილი დირექტორი, ისტორიკოსი და მწერალი ,,გონების“ გაგების რადიკალური გადახედვისკენ მოგვიწოდებს. მისი თქმით, საჭიროა არა იმის დადგენა, თუ ,,რამდენად ჭკვიანია ბავშვი“, არამედ „რაში არის ის გონიერი“.
არსებობს ინტელექტუალური შესაძლებლბების ტესტირების ორი ძირითადი ტიპი: კონვერგენტულ აზროვნებაზე (ამოცანის ამოხსნისას ალგორითმებისა და ინსტრუქციების მიმდევრობის განსაზღვრა) და დივერგენტულ აზროვნებაზე (ამოცანის ამოხსნისას შემოქმედებითი მიდგომა). IQ ტესტები პირველ ტიპს მიეკუთვნება. ადამიანი, რომელიც მასში 110 ქულის მოპოვებას შეძლებს, მაღალი ინტელექტი აქვს. ის, ვინც 120 ქულას შეაგროვებს ძალიან მაღალი ინტელექტის მქონედ, ხოლო 140 ქულის მფლობელი კი გენიოსად ითვლება.
მეორე ტიპის ტესტი განსხვავდება. მაგალითად დივერგენტული ტესტი ერთი ასაკის ორ ბიჭთან, ჰარისთან და მაქსთან ჩაატარეს. ჰარი ერთ-ერთი ამერიკული სკოლის საუკეთესო მოსწავლეა, რომელსაც მის ისტორიაში ყველაზე მაღალი IQ აქვს. მაქსი ინგლისის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეა. ტესტის მოცემულობის თანახმად, საჭირო იყო აგურისა და საბნის გამოყენების რაც შეიძლება მეტი ხერხის დასახელება. ჰარიმ ამოცანას თავის შემდეგნაირად გაართვა:
1. აგური. შენობის აშენება. სროლა.
2. საბანი. სითბოს შენარჩუნება. ცეცხლის ჩაქრობა. ხელნაკეთი ჰამაკის გასაკეთებლად ხეზე მიბმა. საკაცე.
მაქსმა ტესტის მოცემულობას შემდეგნაირად უპასუხა:
1. აგური. მისი გამოყენება ყაჩაღობის დროს შეიძლება: ჩაარტყი-გამოართვი-გაიქეცი. სახლების მშენებლობისთვის. იმისათვის, რომ საბანი ლოგინიდან არ ჩამოცურდეს, მის კუთხეებს შეგვიძლია მივაბათ. ასევე, კოკა-კოლის ცარიელი ქილების დასაჭყლეტად.
2 საბანი. გამოიყენება საწოლზე. ტყეში აკრძლული სექსის დროს დასაფარად – როგორც კარავი. როგორც იალქანი ნავზე. პირსახოცის ნავლად. როგორც სამიზნე ახლომხედველი ადამიანებისთვის სროლის დროს. იმ ადამიანების დასაჭერად, რომლებიც ცეცხლწაკიდებული შენობიდან ხტებიან.
მაქსის პასუხების წაკითხვისას მარტივია იმის გაგება, თუ როგორ მუშაობს მისი ტვინი და წარმოსახვა. მას იუმორის გრძნობა, სექსის ინტერესი და ასაფეთქებელი საქმინობისკენ მსუბუქი მიდრეკილება აქვს. მისი წარმოსახვა ძალადობიდან, პრაქტიკულ გადაწყვეტილებებამდე ინაცვლებს. იქმნება შთაბეჭდილება, რომ თუ მას მეტ დროს მივცემთ, აგურისა და საბნის გამოყენების კიდევ უამრავ ორიგინალურ ხერხს იპოვის. ამ ტესტისთვის წარმოსახვის სხვადასხვა მხარეს მიმართვაა საჭირო. სწორი პასუხი არ არსებობს, საჭიროა რაც შეიძლება მეტი ინდივიდუალური გადაწყვეტილების პოვნა. ტესტი არა ანალიტიკურ ინტელექტს, არამედ შემოქმედებით აზროვნებას ზომავს.
ჰარიმ, რომელსაც მაღალი IQ აქვს, წარმოსახვის უნარი ვერ გამოავლინა. მან აგურისა და საბნის გამოყენების ჩვეულებრივი ხერხები ჩამოთვალა და გაჩერდა. მისი IQ მაქსისას ათჯერ აღემატება. თუმცა, თუ მაქსის წარმოსახვას საზღვრები არ აქვს, ჰარის ის საერთოდ არ ერთვება. თქვენი აზრით, რომელი მათგანი შეძლებს ბრწივნალე შემოქმედებითი ნაშრომის შექმნას, რომელიც ნობელის პრემიას დაიმსახურებს?
მანამ, სანამ განათლების სისტემა იქნება მხოლოდ ფაქტების დასწავლაზე ორიენტირებული, მოსწავლეების წარმოსახვის უნარი ჩარჩოებში იქნება მოქცეული. ასეთი განათლება მომავალში შეიძლება საერთოდ გამოუსადეგარი გახდეს.
დღეს განათლების მოდელის გარდაქმნის აუციელბლობაზე თეორიულ დონეზე საუბრობენ. თუმცა პროგრესი პირამიდის ფორმის მიხედვით ხდება: თავიდან მის კენწეროში ერთი ხმა იდეას წარმოთქვამს, რომელიც საზოგადოებას აბსურდული ჰგონია. ათი წლის შემდეგ კი ამ იდეას ყველა ერთხმად აღიარებს და ის პირამიდის საფუძველი ხდება.
როგორ შეიცვლება სწავლება და მასწავლებლის როლი კორონავირუსის შემდეგ – მსოფლიო ექსპერტების 5 პროგნოზი
BBC-ზე დაყრდნობით მოამზადა თეა ინაშვილმა
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება