GE

როგორ შეიძლება ვაქციოთ მობილური ტელეფონი რესურსად გაკვეთილზე და გავზარდოთ მოსწავლეთა მოტივაცია

ავტორი: სსიპ სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქ. წნორის #1 საჯარო სკოლის გეოგრაფიის წამყვანი მასწავლებელი: თამარ ზედელაშვილი

ამ ბოლო დროს ბევრი იწერება იმის შესახებ, უნდა ჰქონდეს თუ არა  მოსწავლეს მობილური ტელეფონი სკოლაში. უკანასკნელ პერიოდში გავრცელებული ინფორმაციით ევროპის  რამდენიმე წამყვანმა ქვეყანამ აკრძალა მობილური ტელეფონის  საჭიროება სასწავლო პროცესის დროს, ხოლო სულ ახლახანს ჩვენს სკოლებში მოვიდა  სახალხო დამცველის აპარატის მიერ განხორციელებული შემოწმების  შედეგების მიხედვით შემუშავებული რეკომენდაცია- ,,საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის  შესაბამისად.  რეკომენდაციაში დასაბუთებულია, რომ კონსტიტუციის  21-ე მუხლის მე-2  პუნქტის,  გაეროს ბავშვის უფლებების კომიტეტის ზოგადი კომენტარი #1,  ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის და მოსწავლეთა ქცევის კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით, მოსწავლეს არ ეკრძალება ამ ნივთის ტარება, თუ იგი ხელს არ შეუშლის გაკვეთილის ჩატარების პროცესს.

მასწავლებლები დამეთანხმებიან, რომ  გაკვეთილზე  საინტერესოდ შეთავაზებული მასალის მიუხედავად მოსწავლეთა მცირე ნაწილი იშვიათად, მაგრამ მაინც ახერხებს დრო დაუთმოს  პირადი შეტყობინების თუ გასართობი ინფორმაციის კითხვას.

მოკრძალებულად გაგიზიარებთ ჩემი პედაგოგიური პრაქტიკის პატარა მონაკვეთს და განვიხილავ:

როგორ შეიძლება ვაქციოთ მობილური ტელეფონი რესურსად და გავზარდოთ მოსწავლეთა მოტივაცია.

ოცდამეერთე საუკუნისთვის დამახასიათებელმა ცხოვრების კომპლექსურობამ და მიმდინარე სოციალურმა ცვლილებებმა უდავოდ დიდი გავლენა იქონია არა მარტო მასწავლებლის პროფესიულ როლზე, არამედ ცხოვრების ყველა ასპექტზე. სოციოლოგები თვლიან, რომ არსებული ცვლილებების შედეგად  მივიღეთ თვისობრივად ახალი საზოგადოება.

იმისათვის, რომ  ასეთ სწრაფად ცვალებად სამყაროს ადვილად მოვერგოთ,  მასწავლებლებს გვევალება ვიყოთ უფრო შემოქმედებითები, უნდა  შევძლოთ მოქნილად რეაგირება ახალ სიტუაციებში, ვიპოვოთ  რთული პრობლემების ახლებურად გადაჭრის გზები. პედაგოგებს მოგვიწევს მეტი ძალისხმევა გამოვიჩინოთ მოსწავლეებთან ურთიერთობაში და  კომუნიკაცია გვქონდეს  მათთან, როგორც ემოციურ, ისე კოგნიტურ დონეზე. და თუ ჩვენ  მასწავლებლებმა  მომავალი საზოგადოების წევრები ახლებური სამყაროსათვის უნდა მოვამზადოთ, თავად უნდა შეგვეძლოს ახალ გამოწვევებთან გამკლავება, უნდა შევძლოთ კომპლექსურ და მომთხოვნ გარემოში მუშაობის უნარ-ჩვევის გამომუშავება, რათა  გავზარდოთ  მომავლის მშენებელი საზოგადოების პოტენციალი.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გადავწყვიტე მობილური ტელეფონი გამომეყენებინა გაკვეთილზე, როგორც რესურსი და რამდენიმე აქტივობის განხორციელება მომეხდინა სწორედ მისი საშუალებით. კერძოდ:

მე-10 კლასში თემის ,,საერთაშორისო ორგანიზაციები“-ს შეჯამებისას გაკვეთილი დავგეგმე ისე, რომ რამდენიმე აქტივობის შერევისას მისი გამოყენება ყოფილიყო სავალდებულო.

თანამედროვე სასწავლო პროცესი არავის უკვირს კომპიუტერის და პროექტორის თანხლებით, მათი გამოყენებით გაკვეთილი უფრო მრავალფეროვანი და აქტიურია, მოსწავლეებიც უფრო ხალისიანი,  მოტივირებულნი  და თავდაჯერებულები არიან. არაერთხელ  გამომიყენებია  მობილური ტელეფონი  სადავო საკითხების, ან დისკუსიის გასამყარებელი არგუმენტების, ან კონკრეტულად ამა თუ იმ ფაქტზე მოსწავლეთა  განსხვავებული შეხედულებების  გასაანალიზებლად, მაგრამ ეს ტელეფონის გამოყენების იშვიათი და  უმნიშვნელო მომენტია.

გაკვეთილის დასაწყისში  თემის, მიზნისა და შეფასების კრიტერიუმების გაცნობის შემდეგ მოსწავლეებს ვთხოვე  ვებგვერდ  Padlet.com-ში წინასწარ მომზადებულ მოლოდინების დაფაზე დაეწერათ რას ელიან ამ თემის შეჯამებისას, დაფის ბმული გაკვეთილზევე გადავუგზავნე მოსწავლეებს წინასწარ შექმნილ კლასის ჯგუფში. დავალების ბმულის გახსნის შემდეგ მოსწავლეები ერთდროულად  ჩაერთნენ პროგრამაში და მობილური ტელეფონის გამოყენებით გამოთქვეს საკუთარი მოსაზრება, რომელიც ერთდროულად გამოჩნდა საკლასო ოთახის კედელზე განთავსებულ სპეციალურ დაფაზე. მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ მცირე დროში გასცნობოდნენ  ერთმანეთის მოსაზრებას. ამ აქტივობის გამოყენებით:

  • დაიზოგა დრო;
  • ჩვეულებრივი გამოკითხვისას კლასისთვის ცნობილია მხოლოდ რამდენიმე, გამოკითხული მოსწავლის მოსაზრება;
  • მოლოდინების დაფის გამოყენებთ კლასისთვის ცნობილია ყველა მოსწავლის მოსაზრება;
  • მობილურმა ტელეფონმა მიიღო სხვა დატვირთვა და იქცა რესურსად;
  • გაიზარდა მოსწავლეთა მოტივაცია;

ტელეფონის გამოყენების საჭიროება ამით არ ამოწურულა და  აქტივობა-შეჯამება დავგეგმე ტესტირების მეთოდით. ტესტები წინასწარ მოვამზადე ვებ. გვერდ kahoot.com-ში თითოეულ კითხვას მივანიჭე ქულა და განვსაზღვრე პასუხისთვის საჭირო გონივრული დრო. მოსწავლეები წინასწარ დავარეგისტრირე ვებ.გვერდ kahoot.it-ში და ეკრანზე გამოჩენილი ციფრების კომბინაციის მობილურ ტელეფონში აკრეფის შემდეგ მოსწავლეები ჩაერთნენ ტესტირების პროცესში. ვერ წარმოიდგენთ, რა ხალისით წარიმართა ტესტირება. მოსწავლები პასუხობდნენ კითხვებს და იკვეთებოდნენ ლიდერები, ვინ უფრო სწრაფად გასცა პასუხი კითხვებს, ვინ იყო უფრო აქტიური,  პროგრამა  საშუალებას აძლევს მოსწავლეებს მაშინვე გაიგოს  რამდენ კითხვას უპასუხა სწორად და უშუალოდ რომელი კითხვის პასუხი იყო  არასწორი, ე.ი. უკუკავშირი შედგა. ტესტირების დასრულების შემდეგ მოსწავლემ იცის, რა შედეგს მიაღწია და  რა ქულაზე შეასრულა დავალება. დავალების შესრულების შემდეგ  Ms . excell-ის  ცხრილში ჩამოიტვირთება თითოეული კითხვის შედეგი  ინდივიდუალურად, თითოეული მოსწავლისთვის და მასწავლებელს საშუალება ეძლევა მოახდინოს კომენტარით შეფასება.

ამ აქტივობის ასეთ ფორმატში გამოყენებით:

  • ტესტირების შედეგების გამოვლენა ხდება მაშინვე;
  • მოსწავლეებს ეძლევათ სწრაფი უკუკავშირი პროგრამის საშუალებით;
  • საშუალება ეძლევათ მაშინვე გაიაზრონ არასწორი პასუხი და  შემდგომში მეტი იმუშაონ  უკეთესი შედეგის მისაღწევად;
  • შეუძლიათ თვითონვე შეაფასონ საკუთარი თავი;
  • გააანალიზონ შეცდომები და იმუშავონ საკუთარ თავზე უფრო მეტი;
  • ტესტირება მიმდინარეობს ღიად და გამჭვირვალედ;
  • მობილური ტელეფონი გამოყენებულია, როგორც რესურსი;
  • იზრდება მოსწავლეთა მოტივაცია;
  • მოსწავლეებს უჩნდებათ მაღალი თვითშეფასება;

ამ გაკვეთილზე კიდევ ერთ  აქტივობაზე გამოვიყენეთ  ტელეფონი და გაკვეთილის დასასრულს,  იგივე მოლოდინების დაფის საშუალებით შევაჯამეთ ერთი საინტერესო 45 წუთი. მოსწავლეები ჩატარებული გაკვეთილის ირგვლივ გამოთქვამდნენ მოსაზრებებს:

  • რას ელოდნენ და რა მიიღეს:
  • რა მოეწონათ და რატომ;
  • რა არ მოეწონათ და რატომ;
  • რომელ აქტივობაში იყვნენ ყველაზე აქტიურები და რა იყო ამის მიზეზი; რა საკითხებზე ჰქონდათ ჩავარდნა და როგორ აპირებენ  ხარვეზის გამოსწორებას;
  • მოეწონათ თუ არა გაკვეთილის პროცესში ტელეფონით მუშაობა;
  • ამ ფორმატის გამოყენებამ ნამდვილად გაზარდა თუ არა მოტივაცია; და ა.შ.

მოსწავლეები წერდნენ  მოსაზრებას, ვკითხულობდი ეკრანზე მათ ნააზრევს და გული სიხარულით მევსებოდა, ეს  ის თაობაა, რომელიც  ნამდვილად ააშენებს წარმატებულ მომავალს.

გამოყენებული ლიტერატურა და რესურსი:

ჯეკი თერნბული –  პროფესიონალი მასწავლებლის 9 მახასიათებელი- პირველი ქართული გამოცემა. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.

www.Padlet.com

kahoot.com

www.tpdc.ge

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური