GE

როგორ ხვდებიან არაქართულენოვანი აბიტურიენტები უნივერსიტეტებში – პროცედურები

აბიტურიენტებმა 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები უკვე იციან, თუმცა აპელაციის პროცესის დასრულებამდე, მათ არ აქვთ საშუალება გაიგონ რომელ უნივერსიტეტებში ჩაირიცხნენ. აბიტურიენტებს საგანმანათლებლო პროგრამებში ცვლილებების შეტანისთვის დრო კვლავ რჩებათ. როგორც გამოცდების ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, აბიტურიენტებს საგანმანათლებლო პროგრამებში შეცვლის, დამატების და წაშლის საშუალება აპელაციის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ კიდევ 1 დღის განმავლობაში ექნებათ.

ცნობილია, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებიდან ზოგადი უნარების ტესტი არაქართულენოვანმა აბიტურიენტებმა მშობლიურ ენაზე დაწერეს. მათ საშუალება აქვთ განაცხადი გააკეთონ უნივერსიტეტების „1+4“ პროგრამაზე, რომელიც ქართულ ენაში მომზადების ერთწლიანი კურსის გავლას გულისხმობს. ამის შემდეგ აგრძელებენ ისინი უნივერსიტეტებში სასურველ მიმართულებაზე სწავლას.

როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ივა მინდაძემ EDU.ARIS.GE-ს განუცხადა,  უნივერსიტეტებში არის გარკვეული რაოდენობის ადგილი, სადაც არაქართულენოვანი აბიტურიენტების  უმრავლესობა ხვდება. მისი თქმით, აქ გრანტის საკითხია მნიშვნელოვანი. ამისთვის არსებობს კონკურსი. ყველა ვერ იღებს მომზადების პროგრამაზე გრანტს.

„საუკეთესოები მიიღებენ გრანტს და გრანტის გაცემა რამდენი ქულიდან დაიწყება, ეს ჯერ არ ვიცით. ამისთვის სარეიტინგო სია უნდა შედგეს. მას შემდეგ, რაც არაქართულენოვანი აბიტურიენტები გაივლიან ქართული ენის მომზადების 60-კრედიტიან კურსს უნივერსიტეტებში წარმატებით, მაშინ შეეძლებათ სწავლის გაგრძელება სასურველ ფაკულტეტებზე. ანუ ჯერ უნდა ჩააბარონ ზოგადი უნარების გამოცდა მშობლიურ ენაზე, გადალახონ ბარიერი, მოხვდნენ ქართული ენის მოსამზადებელ ერთწლიან პროგრამაზე (ნაწილი მოიპოვებს გრანტს და ნაწილი – ვერა) და წარმატებით დაასრულონ ის, ამის შემდეგ, ეს უკვე უნივერსიტეტის შიდა პროცედურაა,  ჩაირიცხებიან ამა თუ იმ ფაკულტეტზე“, – განაცხადა ივა მინდაძემ.

არაქართულენოვანმა აბიტურიენტებმა ზოგადი უნარების გამოცდა ჩააბარეს გამოცდების პირველ დღეს და პირველი ვარიანტი იყვნენ. გამსვლელი ქულა, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, მათთვის იგივე იყო, 23 ქულა,  რაც ზოგადი უნარების პირველი ვარიანტისთვის.

რაც შეეხება გრანტის მოცულობას, 2018-2019 სასწავლო წლისათვის ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის გამოყოფილი თანხა 25 323 750 ლარს შეადგენს, საიდანაც ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის გამოყოფილია 225 000 ლარი, ზოგადი უნარების სომხურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის – 225 000 ლარი, ზოგადი უნარების აფხაზურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის – 10 000, ზოგადი უნარების ოსურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის კი 10 000 ლარი.

სახელმწიფო დაფინანსება (100%-ის ოდენობით), სპეციალურად ამ პროგრამებისათვის გამოყოფილი თანხის ფარგლებში, ზოგადი უნარების გამოცდის შედეგის საფუძველზე გაიცემა. რეიტინგული სია, გამოცდის ენის მიხედვით, ზოგადი უნარების შედეგის საფუძველზე შედგება (მაგ., მათთვის, ვინც გამოცდა სომხურ ენაზე ჩააბარა, შედგება ცალკე რეიტინგული სია. ანალოგიურად შედგება სია მათთვის, ვინც გამოცდა აზერბაიჯანულ ენაზე ჩააბარა და ა. შ.).

„ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაბარება შეუძლიათ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს.  ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი, სომხურენოვანი, ტესტების შედეგების საფუძველზე ჩარიცხვის მსურველები, რომლებიც ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გავლით აპირებენ სწავლას სახელოვნებო ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამაზე, ვალდებული არიან ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე გაიარონ შესაბამისი კონკურსი სახელოვნებო ან სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესით“, – წერია აბიტურიენტების ცნობარში.

როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, გრანტის შედეგები 25 აგვისტოსკენ  გამოცხადდება. აბიტურიენტები ინფორმაციას ჩარიცხვებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების შესახებ შეიტყობენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე, ასევე მოკლე ტექსტური შეტყობინებებით.

რა პროცედურების გავლა მოუწევთ მას შემდეგ, რაც ქართული ენის მოსამზადებელ  ერთწლიან პროგრამას გაივლიან არაქართულენოვანი აბიტურიენტები სასურველ ფაკულტეტზე მოსახვედრად, აქვთ თუ არა დაწესებული შიდა ზღვარი ზოგადი უნარების გამოცდაზე, ამ და სხვა საკითხების დასაზუსტებლად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მივმართეთ.

 – როდიდან მოქმედებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში „1+4“ პროგრამა არაქართულენოვანი სტუდენტებისთვის?

– „1+4“ პროგრამა თსუ-ში მოქმედებს 2010 წლიდან.

 – როგორც ცნობილია, უნივერსიტეტში ჩასარიცხად ეს სტუდენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მხოლოდ ზოგადი უნარები გამოცდას აბარებენ თავიანთ მშობლიურ ენაზე. აქვს თუ არა უნივერსიტეტს შიდა ზღვარი დაწესებული მათთვის? რამდენი ქულა უნდა მოიპოვოს სტუდენტმა, რომ თსუ-ში „1+4“ პროგრამაზე მოხვდეს?

– უნივერსიტეტს შიდა ზღვარი არ აქვს დაწესებული. სტუდენტები პროგრამაზე ირიცხებიან ერთიან ეროვნული გამოცდებზე ზოგად უნარებში მიღებული მინიმალური ზღვრის გადალახვის შედეგად.

 – რამდენი აქვს თსუ-ს გამოყოფილი კვოტა არაქართულენოვანი სტუდენტებისთვის (ანუ რამდენი სომხურენოვანი, აზერბაიჯანულენოვანი, ოსურენოვანი, აფხაზურენოვანი სტუდენტის მიღება შეუძლია) და როგორ განისაზღვრება ეს კვოტა?

-კვოტა განისაზღვრება იმ წელს მისაღები სრული ოდენობის 12 პროცენტით (5-5 პროცენტი აზერბაიჯანული და სომხურენოვანი აბიტურიენტებისთვის, 1-1 პროცენტი – აფხაზური და ოსურენოვანი აბიტურიენტებისთვის. ამასთან ეს 12 პროცენტი ემატება მისაღები სტუდენტების ოდენობას (ანუ 100+12 პროცენტი). წელს თსუ-ში ამ პროგრამაზე გამოყოფილია 207-207 ადგილი აზერბაიჯანულ და სომხურენოვანთათვის, 41-41 ადგილი – ოსურ და აფხაზურენოვანთათვის.

 – როგორ აგრძელებენ ეს სტუდენტები სპეციალობებზე სწავლას უნივერსიტეტში მოხვედრის შემდეგ?

– ქართულ ენაში მომზადების პროგრამის წარმატებით დაძლევის შემთხვევაში, სტუდენტი იღებს სერტიფიკატს და ამ სერტიფიკატის საფუძველზე, ირჩევს მისთვის სასურველ ნებისმიერ პროგრამას. ყველა ფაკულტეტი ვალდებულია, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მიიღოს კვოტირებული სტუდენტი შერჩეულ პროგრამაზე.

 – წელს რამდენი განაცხადია შემოსული უნივერსიტეტში? რამდენ სომხურენოვან, აზერბაიჯანულენოვან, ოსურენოვან, აფხაზურენოვან აბიტურიენტს სურს, თსუ-ში სწავლა „1+4“ პროგრამაზე?

– წლევანდელი საბოლოო შედეგები ჯერ ცნობილი არ არის. ამ ეტაპზე არსებული განაცხადების მიხედვით მაღალია მოთხოვნა აზერბაიჯანული და სომხურენოვანი აბიტურიენტების მხრიდან. ასევე არის განაცხადები ოსურენოვან პროგრამაზე.

როგორია ზოგადი ტენდენცია, რამდენით იზრდება (ან იკლებს) თსუ-ში სწავლების მსურველი არაქართულენოვანი  აბიტურიენტების რაოდენობა?

– ყოველწლიურად პროგრამაზე ჩაბარების მსურველ აბიტურიენტთა რაოდენობა იზრდება. წარმოგიდგენთ ბოლო 3 წლის სტატისტიკას:

EDU.ARIS.GE გთავაზობთ იმ უნივერსიტეტების სიას და ადგილების რაოდენობას, სადაც მოქმედებს  ქართულ ენაში მომზადების  საგანმანათლებლო პროგრამა არაქართულენოვანი აბიტურიენტებისთვის (2009 წლის 19 ნოემბერს უმაღლესი განათლების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილების მიხედვით, საქართველოს ყველა საჯარო სამართლის იურიდიული პირს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებას, დაევალა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მხოლოდ ზოგადი უნარების ტესტის შედეგების საფუძველზე იმ სტუდენტთა მიღება, რომლებიც გადიან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას. წყარო: ქართულ ენაში მომზადების ერთწლიანი პროგრამის ეფექტურობის კვლევა).

იხილეთ იმ უნივერსიტეტების სიას და ადგილების რაოდენობას, სადაც მოქმედებს  ქართულ ენაში მომზადების  საგანმანათლებლო პროგრამა არაქართულენოვანი აბიტურიენტებისთვის

მოამზადა ცისანა შერგილაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური