„როგორც არ უნდა გადავმალოთ რეალობა, ან შევფუთოთ ფერადი ბუშტებითა და საჩუქრებით, ბავშვები საუკეთესო შემფასებლები არიან“
ავტორი: მზეო შველიძე განათლების პოლიტიკის მკვლევარი; სამოქალაქო განათლების უფროსი მასწავლებელი. სერვანტესის სახელობის კერძო გიმნაზია AIA-Gess
სპეციალურად EDU.ARIS.GE-ს მკითხველისთვის.
რამდენიმე დღის წინ მთელ მსოფლიოში აღინიშნა 1 ივნისი, ბავშვთა უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე. ჩვეულებისამებრ, ამ თარიღს გასართობი ღონისძიებებით, ფერადი ბუშტებით, დიდი ზარ-ზეიმით ვხვდებით. ვცდილობთ პატარებს გავუფერადოთ სამყარო და ვაჩვენოთ როგორი მნიშვნელოვნები არიან ჩვენთვის. ამ ფერადოვნებით მოცილებს ხშირად გვავიწყდება რას ვზეიმობთ და რა გვეზეიმება.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე 1950 წლიდან აღინიშნება, სიმბოლურ თარიღად 1 ივნისი ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დაამკვიდრა, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ. მსოფლიოსთვის ეს იყო ბავშვთა ტრავმული ცხოვრებისეული პირობების, მასობრივი შიმშილის, ბავშვთა დასახიჩრებული ფსიქიკის, დაკარგული ოჯახის წევრების, წართმეული ბავშვობის აღიარება და იმედი, რომ ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლებოდა, რადგან უკვე დემოკრატიული, მშვიდობიანი სახელმწიფო ხელისუფლებები აღიარებდნენ, ცნობდნენ და დაიცავდნენ თითოეული ბავშვის უფლებას, მისცემდნენ თანაბარ შესაძლებლობებს თავისუფალი, ჯანსაღი განვითარებისთვის ყოველგვარი სოციო-პოლიტიკური ბარიერების გარეშე.
1989 წელს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ მიიღო ბავშვთა უფლებათა კონვენცია, გამოიკვეთილი 4 პრონციპით, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალიისწინონ და დაიცვან სახელმწიფოებმა. ეს პრიციპები ეხება ბავშვთა სიცოცხლის, განვითარების, დაცვის, მონაწილეობის უფლებათა ხელშეწყობას. კონკრეტულად, ბავშვის უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზებას; ბავშვის საუკეთესო ინტერესებით ხელმძღვანელობას, მისი ღირსების, კეთილდღეობის, უსაფრთხოების, სიცოცხლის, ჯანმრთელობის, განათლების, განვითარებისა და სხვა ინტერესების რეალიზებასა და დაცვას. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვთა უფლებები სამართლებრივად აღიარებული, შეთანხმებული საკითხია სახელმწიფოები ხელისშემშლელ პირობებს ქმნიან ამ უფლებათა განხორციელებისა და დაცვის პროცესში. უმუშევრობა, სიღარიბე, არაჯანსაღი დამოკიდებულებები საზოგადოებაში, ოკუპაცია, ღირსეული შრომითი პირობების არარსებობა, ძალადობა… იმ პრობლემათა არასრული ჩამონათვალია, რომლების საფუძველს ქნიან იმისთვის, რომ ბავშვთა უფლებები დაცული არ იყოს.
ილუსტრაციისთვის თუ როგორი სოციო-პოლიტიკურ-ფსიქოლოგიური განწყობით ვხვდებით ამ მნიშვნელოვან თარიღს პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ ლიდერის, პარლამენტის წევრისა და ნიუტონის თავისუფალი სკოლის დამფუძნებლის, ვახო მეგრელიშვილის ციტატები დაგვეხმარება: „ბავშვი არ არის სრულფასოვანი ადამიანი“; რატომ არ შეიძლება ბავშვებით ვაჭრობა?“; ,,იმ თემში თუ ზოგადად მიღებულია ბავშვების მიტყეპვა ტრაკოზე, ჩემი საქმე არ არის’’; ,,ბავშვებს უფლებები არ გაქვთ’’….
კვლევები დასაქმებულთა და უმუშევართა რაოდენობის, მინიმალური ანაღზაურების, სოფლად და ქალაქში მცხოვრები ადამიანების უთანასწორობის შესახებ პირდაპირ მიემართება ბავშვებს და ასახავს რა გამოწევების, საფრთხეების, ტრავმების წინაშე ვაყენებთ მათ, ვისაც მომავალ თაობას ვუწოდებთ და ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით ვამკობთ.
როგორც არ უნდა გადავმალოთ რეალობა, ან შევფუთოთ ფერადი ბუშტებითა და საჩუქრებით, ბავშვები საუკეთესო შემფასებლები არიან. მათ ვერაფერს გამოვაპარებთ. ჩვენ, მასწავლებლებლები, მუდმივად ვმუშაობთ, რომ მათში ის უნარ-ჩვევები გავაღვივოთ, რომელებიც თავისუფალ, ინფორმირებულსა და დამოუკიდებელ ადამიანს უნდა ჰქონდეს, როცა ამ შედეგებზე გავდივართ, ისინი იწყებენ კრიტიკულად აზროვნებას, სვამენ კითხვებს და პასუხების ძიებასაც თავადვე იწყებენ. ჩვენგან განსხვავებით, მათ უკეთ იციან რას ვზეიმობთ და რა გვეზეიმება, რადგან ეს ყველაფერი მათ და მათ თანატოლებს ეხებათ. სწორედ მათ უნდა უსმენდეს სახელმწიფოც, რადგან ისინი ყველაზე უკეთ აირეკლავენ იმას, რაც მათ ყველამ ერთად ვასწავლეთ ან არ ვასწავლეთ.
ჩემი მოსწავლეები ბავშვთა უფლებების დაცვის შესახებ:
„ხშირად, მშობლები გვთხოვენ ვიყოთ მომთხოვნები და მკაცრები, არატრადიციულ მეთოდებს ნაკლებად ენდობიან“