GE

როგორი ბავშვები გვიყვარს მასწავლებლებს…

ვენენო მენაბდე 

როგორი ბავშვები მიყვარს?! ჩემთვის, ცოტა არ იყოს, მიუღებელია ამ კითხვის დასმა… როგორი და – ყველანაირი. ცელქები, უფრო ცელქები, კიდევ უფრო ცელქები, ბუთქუჩები, გაკნაჭულები, გრძელთმიანები, თავხოტორები, სევდიანთვალებიანები, ციმციმათვალებიანები… დანახვისთანავე ამაყადთავაწეული, მოჭუტული თვალებით რომ ამომხედავს და ხმადაბლა, მაგრამ თავდაჯერებული მეტყვის: ვენენო, მე თორმეტი წიგნი მაქვს წაკითხული და ათასზე ზევით ვიცი თვლა!

ჰო, კიდევ, მხოლოდ ფეხსაცმელებს რომ მითვალიერებს და თვალებში არ მიყურებს. ან იმ ბავშვს რა დამავიწყებს… პირველი დანახვისთანავე რომ მოვიდა ძალიან ახლოს, კიდევ უფრო ახლოს, ცხვირი მუცელზე მომადო, ამომხედა და მკითხა: შეიძლება, დაგეტოლო?

ეს ის ემოციაა, რომელიც  დადებითად მმუხტავს, ენერგიით მავსებს და სურვილს მიორმაგებს, რომ ჩვენი ცხოვრების მთავარ ადამიანებს – ბავშვებს – ადამიანურად მოვეპყრო… რა სისულელეა, არა?!

არადა, რომ ვაკვირდები, სულაც არ არის სისულელე.

ბავშვების პრობლემების პირველსაწყისი მათ მიმართ არასწორ მოპყრობაში უნდა ვეძებოთ. ჩემი კლასებიდან ყოველდღიური, პატარ-პატარა ამბები რომ გიამბოთ… მაგალითად, ყოველი დილა – როგორ შემოდის ბავშვი, როგორ შემომხედავს, ან არ შემომხედავს, როგორ დადებს ან დააგდებს ჩანთას, სკამზე დაჯდება თუ მოწყვეტით დაცემა, თავაწეული მოათვალიერებს კლასს თუ მერხზე დაყრილ ხელებში ჩარგავს თავს…

ასეთ დროს მიჩნდება მკაფიო განცდა – არ მინდა ვიყო მასწავლებელი, რომლის მიზანიც მხოლოდ წიგნებში დაბეჭდილი ტექსტების დამახსოვრება, არსებითი სახელის რაობის განსაზღვრა ან ზმნის „წესის“ დაზუთხვაა. ჩვენ ვსწავლობთ, რომ არსებითი სახელია ის, რაც არსებობს და როდესაც ვთამაშობ, ვცეკვავ, ვმღერი და ვიღიმი, ამ მოქმედებებს ზმნით გამოვხატავ….

უბრალოდ, მინდა, მოთხრობების მიღმა შეეძლოთ ყურება, ხმების გაგება, სურნელის შეგრძნება, გმირების გაცოცხლება, მათ გვერდით დგომა, მათთან მეგობრობა, მათ ადგილას ყოფნა…

მინდა, შეძლონ უარყოფითი პერსონაჟის და თავისი თავისგან რადიკალურად განსხვავებულის აღქმა, გაგება, თანაგრძნობა…

მოთხრობის გმირები არ უნდა დაყონ „კარგ“ და „ცუდ“ პერსონაჟებად, არ უნდა დაავადდნენ იმავე დიქოტომიით, რაც ჩვენ, უფროსებს, გვჭირს. პირიქით, შეძვრნენ მათ ტყავში, მოუსმინონ, იგრძნონ და მერე ილაპარაკონ მათზე.

მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის ურთიერთობაზე ჩატარებული ბევრი კვლევა ადასტურებს, რომ პოზიტიური ურთიერთდამოკიდებულების შედეგად ბავშვებში აკადემიურ მოსწრება იზრდება, ეფექტურად მიმდინარეობს მათი სოციალიზაცია, რაც, თავისთავად, დადებითად აისახება სწავლა-სწავლების პროცესზე. ასეთი ურთიერთობა რამდენიმე მნიშვნელოვან ასპექტს მოიცავს, როგორებიცაა: ზრუნვა, მიმღებლობა, ნდობა, ურთიერთპატივისცემა, მოლოდინები. როდესაც მასწავლებელი ახერხებს, რომ ბავშვებთან კონსტრუქციული მოპყრობა მაღალ მოლოდინებსა და მზარდ მოთხოვნებს დაუკავშიროს, სწავლების სტილი არც ავტორიტარული გამოდის და არც ზედმეტად ფამილარული. ასეთ გარემოში მოსწავლეები საუკეთესო შედეგებს აღწევენ და პიროვნულად ვითარდებიან.

მიმღებლობა და პატივისცემა კი, ჩემთვის პირველ რიგში შემდეგს ნიშნავს: ნუ დავყოფთ ბავშვებს სოციალურ ფენებად, ცუდებად და კარგებად, მორჩილ და დაუმორჩილებელ, სუფთა და ბინძურ, წარმატებულ და წარუმატებელ მოსწავლეებად.

მათ თუ ერთნაირად მივიღებთ და მოვუსმენთ, თუ სწავლების პროცესს არ გავურთულებთ იმაზე დარდით, რომ, ცუდად მოქცევის შემთხვევაში (და უმეტეს წილად, ვერც/არც ვუხსნით – რას ვეძახით ცუდად მოქცევას), ის წარუმატებელი იქნება, მეგობარი არ ეყოლება და ასე შემდეგ… ვფიქრობ, უკეთესად შეძლებენ საკუთარი თავისგან განსხვავებულის მიღებას, არასდროს მოუნდებათ დასცინონ „სხვანაირს“, სხვა აზრის მქონეს ან, საერთოდაც, აზრის არმქონეს, რაც ხელს შეუწყობს,  მჩაგვრელმა და მოძალადემ არ დაიბუდოს მათში.

დედამიწაზე არსებობს ადამიანი, ვისაც ლინდგრენი წაუკითხავს და არ შეუყვარდა?! ასტრიდის პერსონაჟები ხომ ტრადიციული საბავშვო გმირების აბსოლუტური ანტიპოდები არიან: ზარმაცები, გაუნათლებლები, თხუპნიები, მკვეხარები, ჯიუტები, ურჩები.

“ჩემი წიგნებით ბავშვებისათვის ჭკუის სწავლებას არ ვცდილობ. მუშაობის დროს მე არც ლიტარატურაზე ვფიქრობ და არც პედაგოგიკაზე. ყველაზე მეტად ის მიტაცებდა, რომ თავს კვლავ ბავშვად ვგრძნობდი… მე მხოლოდ ისეთ წიგნებს ვწერდი, როგორებიც მომწონდა და რომელთა წაკითხვაც, უპირველეს ყოვლისა, მსიამოვნებდა. ამის გარეშე, არც კი მექნებოდა იმედი, რომ ჩემი წიგნები სხვასაც მოეწონებოდა”, – ამბობდა ლინდგრენი.

“არ მსურს დიდებისთვის წერა”, – თქვა მან. ასტრიდი მხოლოდ ბავშვებისთვის წერდა და შთაგონებული იყო ფრანგი მწერლის ანტუან დე სენტ-ეკზიუპერის სიტყვებით – რომ ყველა ადამიანი ბავშვობიდან მოდის.

კარგი მასწავლებლის რეფლექსია მუდმივად ერთი თემის გარშემო ტრიალებს: კიდევ რა შემიძლია გავაკეთო იმისათვის, რომ მოსწავლეებს ჰქონდეთ პოზიტიური მიმღებლობა, ურთიერთნდობა, უსაფრთხო სასწავლო გარემო და ზრუნვის განცდა?!

უფროსებს კი ხანდახან გვავიწყდება, რომ ბავშვები არიან ცელქები, უფრო ცელქები, კიდევ უფრო ცელქები, ბუთქუჩები, გაკნაჭულები, გრძელთმიანები, თავხოტორები, სევდიანთვალებიანი, ციცმციმათვალებიანი… თავდაჯერებულები, შეშინებულები, დაკვირვებულები, ძალიან დაკვირვებულები, აზრიანები, რეალობას მორგებულნი, ირეალურ სამყაროში მცხოვრებნი, თბილები და მოსიყვარულეები, აგრესიულები, მშვიდები, მოუსვენრები… კიდევ რამდენი ეპითეტის ჩამოთვლა შეიძლება?!

უფროსებს კი ხანდახან გვავიწყდება, რომ ყველა ადამიანი ბავშვობიდან მოდის და ყველა ბავშვის თავისებურება დიდების დამსახურებაა.

უბრალოდ შევიყვაროთ ისინი და მათაც ეყვარებათ სამყარო.

წერილი მოსწავლეს – „რაც აქ მიწერია ეს ყველაფერი მე შენგან გავიგე“

ვენენო მენაბდე

დაწყებითი კლასების მასწავლებელი ნიუტონის თავისუფალ სკოლაში

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური