GE

„როგორი გეგმაც არ უნდა წარმოადგინოს განათლების სამინისტრომ, სრულყოფილად ვერ განვახორციელებთ“

საქართველოში კორონავირუსის გამო შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ სასწავლო დაწესებულებებისთვის სიტუაცია დრამატულად განვითარდა. გამოწვევა, რაც დისტანციურ სწავლებაზე უმოკლეს დროში გადასვლას გულისხმობს, საქართველოს სკოლების უმრავლესობისთვის შეუსრულებელი მისია აღმოჩნდა. არდადეგები 2 მარტს გამოცხადდა და პრემიერმაც სამინისტროების ნაწილი მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადაყვანის განცხადება გააკეთა, მათ შორის განათლების სამინისტროსთვის. 16 მარტის მდგომარეობით განათლების სამინისტროში კონკრეტულ გეგმაზე მუშაობა ჯერ მიმდინარეობს და სკოლებისთვის მხოლოდ ასეთი ინსტრუქცია და რეკომენდაციები არსებობს.

სამინისტრო სკოლებს სწავლების განსხვავებულ მოდელს ხვალ შესთავაზებს – ეკატერინე დგებუაძე

ერთ-ერთ ალტერნატივად განიხილება დისტანციური სწავლების პლატფორმა. თუმცა განათლების სამინისტროში იციან, რომ ინტერნეტთან და კომპიუტერთან წვდომა მოსწავლეების ნაწილს ვერ ექნება. ამ მხრივ კიდევ უფრო საინტერესოა, როგორ აღმოიფხვრება სრულყოფილად ერთთვიანი იძულებითი არდადეგებით გამოწვეული წყვეტა იმ ფონზე, რომ სასწავლო წლის დასრულების ვადების გადაწევა არ განიხილება და უცვლელი რჩება.

EDU.ARIS.GE-ს შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით რეგიონის რამდენიმე სკოლის წარმომადგენლები ესაუბრნენ. მათი უმრავლესობა აცხადებს, რომ მსგავსი ვითარებისთვის მზად ნამდვილად არ ყოფილან, ამ ეტაპზე რეკომენდაციებს ელოდებიან, თუმცა გარკვეული გეგმა მაინც აქვთ.

„ჩვენი სოფლის სკოლაში, მეზობელი სოფლებიდანაც ბევრი ბავშვი სწავლობს, უმრავლესობას არც კომპიუტერი და არც ინტერნეტი არ აქვს, როგორი გეგმაც არ უნდა წარმოადგინოს სამინისტრომ, ალბათ, სრულყოფილად განხორციელებას ვერ შევძლებთ. მე ვესაუბრე ბავშვების მშობლებს და ერთადერთი გამოსავალი ის იქნება, რომ ერთმანეთთან იარონ და იმეცადინონ. ძველი დრო მახსენდება, როცა სოფელში ერთი წიგნი ჰქონდათ და კუთხიდან კუთხეში გადადიოდნენ სამეცადინოდ“, – აცხადებს თერჯოლის რაიონის ერთ-ერთი სოფლის მასწავლებელი.

შედარებით იმედიანად არიან ქუთაისის სკოლებში. მშობლების განცხადებით, როცა მასწავლებელმა დისტანციურ სწავლებაზე ისაუბრა, მშობლებს არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამთ.

„მასწავლებელმა გვითხრა, რომ სამეცადინო მასალას მოგვაწვდის დისტანციურად და დღეში ერთხელ ონლაინ საერთო ჩატით გაესაუბრება მოსწავლეებს. ჩემი შვილი პირველკლასელია და ბავშვმა თვითონ თქვა, რომ მასწავლებელი თამაშით ასწავლიდათ და ასე გაგება უჭირს. ამიტომ, თუ მასწავლებელთან შეძლებს კომუნიკაციას, მისთვის რა თქმა უნდა, კარგი იქნება. როგორც ჩანს, ყველას აქვს საშუალება, რომ ინტერნეტთან ქონდეს წვდომა და შვილები ამეცადინოს“, – აცხადებს მშობელი.

ამასთან, ინტერნეტში ვხვდებით კერძო თუ საჯარო სკოლების მიერ გამოქვეყნებულ ამგვარ ღია მიმართვებს:

საჯარო სკოლა: “მოგესალმებით,მშვიდობიანი დღე ყველას და პირველი დავალება კლასის ხელმძღვანელებს: 1. ყველა დამრიგებელი 1-დან მე -6 კლასის ჩათვლით ქმნით მშობლების დახურულ ფეისბუქკჯგუფს, ხოლო მე-7-დან დაწყებული ზემოთ -მოსწავლეთა ჯგუფებს, ჯგუფების შექმნის შემდეგ ამატებთ თქვენს კლასში შემსვლელ მასწავლებლებს და დირექტორს. 2. ეს დავალება უნდა შესრულდეს არაუგვიანეს 17 მარტისა. 3. დანარჩენ ინსტრუქციებს დეტალურად მოგაწვდით”.

კერძო სკოლა: ჩვენი სკოლის ყველა მოსწავლის და მშობლის საყურადღებოდ! 1-ლიდან მე-7 კლასელების ჩათვლით უკვე მუშაობს სისტემა, რომლის მიხედვით ყველა მოსწავლე ჩართულია საგაკვეთილო პროცესში. რაც შეეხება მე-8 დან მე-12 კლასის ჩათვლით, თითოეული თქვენთაგანი საგაკვეთილო ცხრილის მიხედვით სახლში დაჯდებით კომპიუტერთან და მასწავლებელი ჩაგერთვებათ სკაიპით. გთხოვთ მიჰყვეთ მასწავლებლის მიერ მოცემულ ინსტრუქციას და აუცილებლად გაითვალისწინეთ გაკვეთილების დაწყების და დამთავრების დრო, ნუ არევთ საგაკვეთილო ცხრილს და აუცილებლად ჩაერთეთ ყველა გაკვეთილზე”.

რაც შეეხება კერძო სკოლებს, მათი წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ინტერნეტკომუნიკაციას ისედაც იყენებდნენ მშობლებთან და მოსწავლეებთან ურთიერთობისთვის, გარკვეული სამოქმედო გეგმაც აქვთ და სამინისტროსგან რეკომენდაციების მიღების შემდეგ ზუსტად შეძლებენ განსაზღვრონ, როგორ იმუშავებენ გახანგრძლივებული არდადეგების პერიოდში.

„რაც არდადეგები გამოცხადდა, მას შემდეგ აქტიურად ვურთიერთობთ მშობლებთან და მოსწავლეებთან. პირველი კვირის სამუშაოები დისტანციურად უკვე ავანაზღაურეთ, მშობლებს ელექტრონულად გაეგზავნათ სახლში შესასრულებელი დავალებები. რადგან დიდი გამოწვევის წინაშე დავდექით, თუ საჭირო გახდება არჩევანის გაკეთება ჯანმრთელობასა და განათლებას შორის, რა თქმა უნდა, ყველა ჯანმრთელობას ავირჩევთ. თუმცა, სკოლამ შეიმუშავა დისტანციური სწავლების პოლიტიკა და სამოქმედო გეგმა. მშობლებსაც უკვე გავუგზავნეთ დისტანციური სწავლებისთვის საჭირო ინფორმაცია. ველოდებით სამინისტროს რეკომენდაციებსაც“, – აცხადებს თბილისის ერთ-ერთი კერძო სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებელი EDU.ARIS.GE-სთან საუბარში.

„როცა არდადეგები დროზე ადრე გამოაცხადეს, სიტუაციის ასე განვითარებას ნამდვილად არ ვიფიქრებდი. სკოლიდან გამოგვიგზავნეს იმ ერთი კვირის მასალა, რისი გავლაც სკოლაში ვერ ხერხდებოდა. მოგვიანებით, როცა უკვე დაზუსტებით გახდა ცნობილი, რომ არდადეგები კიდევ გახანგრძლივდა, მასწავლებელი დაგვიკავშირდა და გვითხრა, რომ სკოლის პლატფორმაზე იქნებოდა ჯგუფი თითოეული კლასისთვის. შესაბამისად, გადავდიოდით დისტანციურ სწავლებაზე. შესაბამისი ლინკები, მომხმარებლის პირადი ინფორმაციაც გადმოგვიგზავნეს, ჯერ ვცდილობ გავერკვიო როგორ მუშაობს, თუმცა ვფიქრობ, რომ სიტუაციიდან გამომდინარე სხვა გამოსავალი არ არის. კლასში ყველა ბავშვს მიუწვდება ხელი ინტერნეტზე და მგონი შეფერხება არ გვექნება. ერთი თვის გაცდენა ფიზიკურად რთულად იქნებოდა ასანაზღაურებელი შემდეგში შაბათ-კვირის ხარჯზე და ვფიქრობ, დისტანციურზე გადასვლა უფრო მოსახერხებელი იქნება ამ ეტაპისთვის”, – გვითხრა კერძო სკოლის მოსწავლის მშობელმა.

მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძის განცხადებით კი, სამინისტროს აქვს კარგად გამართული საინფორმაციო ბაზა.

„ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით, განათლების სამინისტრომ, როგორც ყველასთვის ცნობილია პირველ აპრილამდე გაახანგრძლივა არდადეგები. ამ პერიოდის განმავლობაში, განათლების სამინისტრომ მოამზადა სარეკომენდაციო პაკეტი, რომელიც დაეგზავნა და უკვე აქვს ყველა საჯარო სკოლას. რეკომენდაციები არდადეგების პერიოდში როგორ ითანამშრომლოს სკოლის ადმინისტრაციასთან, მშობელთან, მასწავლებელთან. რა ტიპის დავალებები და რეკომენდაციები მისცეს თითოეულ მოსწავლეს, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული თავისი კლასის, ოჯახური მდგომარეობის, ბავშვის და მოსწავლის შესაძლებლობების ფარგლებში.

„რაც შეეხება სასწავლო პროცესს, ამასთან დაკავშირებით განათლების სამინისტროს რეკომენდაციაა, რომ იმ პერიოდის განმავლობაში, როდესაც სასწავლო პროცესი გაგრძელდება, ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნებთან მიმართებაში, ისე დაიგეგმოს სასწავლო პროცესი და შეცვალოს თავისი სასკოლო სასწავლო გეგმა, რომ ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნები იქნას მიღწეული. განათლების სამინისტრო, უშუალოდ სისტემა გამართულია იმისთვის, რომ ონლაინ სწავლება შესთავაზოს საჯარო სკოლებს. ამისთვის აქვს ლიცენზია გამოიყენოს მაიკროსოფტის პროგრამა 365, რომელიც სრულად ეხება საგანმანათლებლო პროგრამებს, მათ შორის ერთ-ერთი პროგრამა, რომელსაც ეწოდება „თიმსი“ და გულისხმობს იმას, რომ მასწავლებელს ინტერნეტსივრცეში შეუძლია დააორგანიზოს გაკვეთილი ყველა მოსწავლესთან მიმართებაში. თუმცა იმის გამო, რომ ვითვალისწინებთ სხვადასხვა გამოწვევებს, მასწავლებლის კომპეტენციას, სოციალურ ფონს იმასთან დაკავშირებით, რომ ყველგან ხელმისაწვდომი არ არის ინტერნეტი, შესაბამისად, ონლაინ სწავლება ეს არის ერთ-ერთი საშუალება და გზა განათლების მისაღებად და არა ერთადერთი“, – აცხადებს მინისტრის მოადგილე.

როგორც ცნობილია, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სასწავლო დაწესებულებებში არდადეგები პირველ აპრილამდე გახანგრძლივდა.

განათლების სამინისტროს ახალი ინსტრუქცია სკოლებსა და მშობლებს და ელექტრონული რესურსები

მოამზადა ანუკი წიწილაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური