GE

როგორია განათლების დონე მსოფლიოს უღარიბეს ქვეყნებში და განსაზღვრავს თუ არა მას ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებელი

აღმოსავლეთ აფრიკის (კენია, ტანზანია და უგანდა) ქვეყნებში მოსწავლეების განათლების დონე იმდენად დაბალია, რომ მე-3 კლასის მოსწავლეებს შინაარსიც კი ვერ გამოაქვთ ისეთი მარტივი წინადადებიდან, როგორიც არის „ძაღლს ჰქვია პაპი“.

ინდოეთის სოფლებში მე-3 კლასელი ბავშვების სამმა მეოთხედმა და მე-5 კლასელთა 50%-მა კი ერთმანეთს ორნიშნა რიცხვები ვერ გამოაკლეს (მაგ.: 46-17.)

მსოფლიო ბანკის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, შედარებით გაუმჯობესებულია 15 წლის ბრაზილიელი ბავშვების მიღწევები, თუმცა პროგრესის ასეთი ტემპით გაგრძელების შემთხვევაში, ისინი 75 წელიწადშიც ვერ დაეწევიან მდიდარი ქვეყნების მოსწავლეთა მათემატიკის საშუალო ქულას და  კითხვაში საშუალო ქულის მისაღებად 260 წელიწადზე მეტი დასჭირდებათ.

მსოფლიო ბანკის განცხადებით, აღნიშნულმა ქვეყნებმა ბავშვების მიერ შეძენილი ცოდნა გაზომა და კვლევის შედეგები საჯარო გახადა, თუმცა ძალიან ბევრ ქვეყანაში ცოდნის დეფიციტის შესახებ ინფორმაცია ისევ დაფარულია.

ის რომ, სურვილის შემთხვევაში განათლების სფეროში მიღწევების მნიშვნელოვნად გაზრდა დაბალი ეკონომიკური მაჩვენებლის დროსაც შესაძლებელია, კარგად ჩანს კორეის მაგალითზე.

მეოცე საუკუნის 50-იან წლებში კორეის რესპუბლიკა ომისგან გაჩანაგებული ქვეყანა იყო, სადაც წერა-კითხვა მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილმა იცოდა. ამის მიუხედავად, 1995 წელს, ქვეყანამ საშუალო სკოლებში მაღალი ხარისხის საყოველთაო განათლება უზრუნველყო. ფაქტობრივად, ცოდნის საერთაშორისო შეფასებებში კორეელმა მოსწავლეებმა უმაღლესი ქულები მიიღეს.

ვიეტნამმა მსოფლიო გააოცა, როდესაც 2012 წელს, „მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის“ (PISA) შედეგების მიხედვით, 15 წლის ვიეტნამელმა მოსწავლეებმა იგივე დონის ცოდნა გამოამჟღავნეს, რაც გერმანელმა მოსწავლეებმა, მიუხედავად იმისა, რომ ვიეტნამი გაცილებით უფრო დაბალშემოსავლიანი ქვეყანა იყო.

ცნობისთვის, 2009 წლიდან 2015 წლამდე პერიოდში განათლების სფეროში ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო პროგრესს  პერუმ მიაღწია. ხოლო ლიბერიაში, პაპუა ახალ გვინეაში და ტონგოში შედეგებზე დაფუძნებული ღონისძიებების შედეგად, ხანმოკლე პერიოდში, დაწყებით კლასებში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა კითხვის მაჩვენებელი.

მსოფლიო ბანკის რეკომენდაციები საქართველოს განათლების სისტემის მუშაობის გაუმჯობესებისთვის

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური