GE

როგორია სტუდენტის აკადემიურ წინსვლაზე ორიენტირებული სემინარი – ის, რაც აბიტურიენტმა და სტუდენტმა უნდა იცოდეს

ოფიციალური განმარტების თანახმად, სემინარი წარმოადგენს სასწავლო საგანში უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტთა ჯგუფურ მეცადინეობას და შესაბამისად, ის აზრი, რომ სემინარს უდიდესი მნიშვნელობა აქვს სტუდენტის ცოდნის კონსტრუირებასა და აკადემიური განვითარების პროცესში, უდავოა.

EDU.ARIS.GE ესაუბრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეულ ლექტორს, ტატიანა სიჭინავას, რომელიც სტუდენტებს საზოგადოებრივი გეოგრაფიის შესავალს ასწავლის. ჩვენი რესპონდენტი გვიზიარებს საკუთარ ხედვებს, როგორ უნდა გამოიყურებოდეს სტუდენტის აკადემიურ წინსვლაზე ორიენტირებული, სრულყოფილად ორგანიზებული სემინარი, რას გულისხმობს ეს პროცესი და რა მნიშვნელობა აქვს სტუდენტისთვის.

– ტატიანა სიჭინავა: მარტივად რომ ვთქვათ, სემინარი სასწავლო-პრაქტიკული აქტივობის ერთ-ერთი ფორმაა, რომელიც სტუდენტებს გარკვეული საკითხის სიღრმისეულ შესწავლაში ეხმარება. შემეცნების ეს მეთოდი ძველბერძნულ და რომაულ სკოლებში ჩაისახა. სემინარებზე საჯაროდ კამათობდნენ, ცვლიდნენ აზრებსა და კომენტარებს. XVII საუკუნიდან სემინარები დასავლეთ ევროპის უნივერსიტეტებში დაინერგა. თანამედროვე საუნივერსიტეტო განათლება სალექციო და სასემინარო მეცადინეობებს ემყარება და თუკი ლექცია უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტთათვის ახალი საკითხის, ან კვლევის რომელიმე მეთოდის გაცნობას ემსახურება, სემინარი შესწავლილი მასალის უკეთ დამუშავების საუკეთესო საშუალებაა. სემინარზე სტუდენტები ხელმძღვანელთან ერთად, ლექციაზე მოსმენილი თემის ირგვლივ მსჯელობენ, უკეთ ერკვევიან საკითხში, კრიტიკულად განიხილავენ მას, აანალიზებენ, აყალიბებენ არგუმენტებსა და დასკვნებს. სემინარი სტუდენტს ისეთი უნარების ჩამოყალიბებაში ეხმარება, როგორებიცაა: არგუმენტირებული მსჯელობა, პროფესიული პოლემიკის ფორმირება და რაც მთავარია – განსახილველი მასალის საფუძვლიანად დამახსოვრება, გააზრება.

– მომავალ სტუდენტებისთვის რომ განმარტოთ, ვინ უძღვება სემინარს, რა აქტივობები ფასდება ქულით და რამდენად სავალდებულოა მასზე დასწრება?

– სემინარს, როგორც წესი, კურსის ან სემინარის ხელმძღვანელი უძღვება, რომლის მიზანი, სხვადასხვა აქტივობისა და მეთოდის გამოყენებით, სტუდენტების ცოდნის ობიექტურად შეფასებაა. ხარისხიანი განათლების მისაღებად და საგნის წარმატებით ჩასაბარებლად სემინარზე დასწრება სტუდენტისთვის სავალდებულოა, რადგან სემინარზე პრაქტიკული მუშაობა ფასდება გარკვეული ქულებით, რომლებიც პრეზენტაციის ან სალექციო მასალის კრიტიკულად გადმოცემის, წერითი დავალების შესრულების ხარისხზეა დამოკიდებული.

– რა აქტივობები ტარდება სემინარზე?

– როგორც აღინიშნა, სემინარი სასწავლო-პრაქტიკული აქტივობის საკმაოდ მოქნილი ფორმაა და სწავლების სხვადასხვა მეთოდის დანერგვის საშუალებას იძლევა. მისი მთავარი უპირატესობა ის არის, რომ სტუდენტი მთავარ მოქმედ პირად იქცევა და თავის ხედვებს, ცოდნასა და მიგნებებს ფართო აუდიტორიას უზიარებს. სემინარზე შესაძლებელია როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფური აქტივობების განხორციელება. ინდივიდუალური აქტივობები სტუდენტის ანალიტიკურ აზროვნებას, ცოდნის დონესა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარებს აფასებს. გუნდური აქტივობები კი კოლექტიური მუშაობის, საკომუნიკაციო უნარების შეფასებას ემსახურება. ინდივიდუალურ აქტივობებს შეგვიძლია, მივაკუთვნოთ: პრეზენტაცია ან სალექციო მასალის წარდგენა, წერითი დავალების შესრულება, საკითხთან დაკავშირებული დამატებითი მასალის მოძიება, ქვიზი და ა.შ. ჯგუფურ აქტივობებს კი მიეკუთვნება ჯგუფური ვერბალური პრეზენტაცია, პროექტის წარდგენა მცირე 5-6 კაციან ჯგუფებში და ა.შ. სტუდენტი თავის შესაძლებლობებს, კრეატიულობას, პასუხისმგებლობის გრძნობასა და სხვა უნარებს სწორედ სემინარებზე წარმოაჩენს.

– თქვენი შეფასებუთ, როგორ უნდა გამოიყურებოდეს სრულყოფილად ჩატარებული სემინარი?

– სემინარი იმ შემთხვევაში ჩაითვლება სრულყოფილად ჩატარებულად, თუ მასში სტუდენტთა დიდი ნაწილი იქნება აქტიურად ჩართული. მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტი სემინარზე მომზადებული მივიდეს, ჰქონდეს შესრულებული დავალება და იაქტიუროს სემინარის მსვლელობისას, სემინარი უნდა ჰგავდეს სამუშაო პროცესს და არა გამოცდას. აუდიტორიის ჩართულობა და საკითხით დაინტერესება სრულყოფილად ჩატარებული სემინარის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

– რა შეცდომები არ უნდა დაუშვას სემინარის ხელმძღვანელმა, როცა უშუალოდ წარმართავს სასემინარო პროცესს?

  • პირველ რიგში, ხელმძღვანელმა უნდა იზრუნოს აუდიტორიაში მეგობრული სივრცის, სწორად ორგანიზებული საგანმანათლებლო გარემოს შექმნაზე;
  • უნდა დაამყაროს მეგობრული და საქმიანი კომუნიკაცია სტუდენტებთან და გაითვალისწინოს მათი აზრი;
  • თავი შეიკავოს სტუდენტისთვის შენიშვნებისა და საყვედურების საჯაროდ მიცემისგან;
  • სემინარის ყველა მონაწილე სტუდენტმა თავი დაფასებულად უნდა იგრძნოს, სემინარის ხელმძრვანელი კი, პირველ რიგში, უნდა იყოს დამხმარე;
  • სასემინარო პროცესის ხელმძღვანელი უნდა ეცადოს, სტუდენტთა მაქსიმალური რაოდენობა ჩართოს სასემინარო პროცესში და აქტივობებში, დააინტერესოს ისინი ჯერ საკუთარი პიროვნებით, შემდეგ საგნით;
  • დაუშვებელია სუბიექტურობა, სტუდენტის შეფასების დროს. ხელმძღვანელი უნდა ეცადოს, იყოს ობიექტური და მიუკერძოებელი სტუდენტების შეფასებისას.

– მიმართეთ მომავალ სტუდენტებსა და მოქმედ სტუდენტებს

– ძვირფასო სტუდენტებო და მომავალო სტუდენტებო, მინდა გისურვოთ საინტერესო, აქტიური, ნაყოფიერი, დადებითი სიახლეებით სავსე სტუდენტური ცხოვრება, საყვარელი პროფესიის საფუძვლიანად დაუფლება და უნივერსიტეტში გატარებული ყოველი დღისგან სიამოვნების მიღება. იმედია, აღნიშნული სტატია ცხოვრების ამ ეტაპზე გაგიმარტივებთ სტუდენტობისთვის მზადების პროცესს და მცირე წარმოდგენას შეგიქმნით საუნივერსიტეტო სივრცეზე.

ასევე იხილეთ:

როგორ უნდა გამოიყურებოდეს სრულყოფილი სილაბუსი – ინტერვიუ პროფესორთან

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური