რომელ საგნებს სწავლობენ დაწყებით და მაღალ კლასებში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში
სკოლა არის ის ადგილი, სადაც მოზარდების უმრავლესობამ უნდა განსაზღვროს, თუ რას მიუძღვნის საკუთარ ცხოვრებას. სხვადასხვა ქვეყნის სასწავლო დაწესებულებები ბავშვის ნიჭის აღმოჩენის საკითხს განსხვავებულად უდგებიან.
ამ სტატიაში ჩვენ მოგითხრობთ დისციპლინებზე, რომელთაც საზღვარგარეთის სკოლებში შეისწავლიან.
ამერიკის შეერთებული შტატები
დაწყებითი კლასების სავალდებულო საგნებია: არითმეტიკა, წერა-კითხვა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების შესავალი.
საშუალო კლასების საგნები: მათემატიკა, ენა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები (ქიმია, ბიოლოგია, ფიზიკა), სოციალური მეცნიერებები (ისტორია) და ფიზკულტურა. ამ ყველაფერს კლასგარეშე არჩევითი აქტივობა ემატება, მაგალითად: ფსიქოლოგია, კრიმინალისტიკა, ჟურნალისტიკა, რიტორიკა, ხეზე მუშაობა, კულინარია, ძერწვა და სხვა.
უფროს კლასებში სავალდებულოა: მათემატიკა, ლიტერატურა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები (ქიმია, ბიოლოგია, ფიზიკა), სოციალური მეცნიერებები (ისტორია და სახელმწიფოს მოწყობა) და ფიზკულტურა. ამ ყველაფერს რამდენიმე არჩევითი საგანიც ემატება: სამსახიობო ოსტატობა, ანატომია, სტატისტიკა, ინფორმატიკა, უცხო ენები, ხატვა, ფოტოგრაფია, სკულპტურა, კონემატოგრაფია, თეატრი, ორკესტრი, ცეკვა, კომპიუტერული გრაფიკა, ვებ-დიზაინი, ჟურნალისტიკა, ხის დამუშავება ან ავტომობილის შეკეთება. სხვადასხვა სკოლაში მოცემული სია შეიძლება განსხვავებული იყოს.
ისრაელი
დაწყებითი სკოლის პროგრამა: ივრითი, მათემატიკა, თანახი (წმინდა წერილი), ისტორია, გეოგრაფია, ინგლისური ენა, მუსიკა, შრომა, ხატვა, ფიზკულტურა. სწავლის პირველივე წლიდან არის დამატებითი საგნები, რომელთაც პედაგოგი არჩევს. შესაძლებელია რობოტების, ფოკუსების, საცირკო ხელოვნების, თეატრის ქორეოგრაფიის და ვეტერინარიის შესწავლაც კი.
უფროს კლასებში მოსწავლეები თვითონ ირჩევენ თავიანთი სწავლის მიმართულებას. შესაძლებელია უცხო ენების, ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიის, მუსიკის, ბიოტექნოლოგიების, დიზაინის, თეატრის, კრიმინალისტიკის, ფსიქოლოგიის, ეკონომიკისა და ღვინის წარმოების შესწავლა. სკოლის დიპლომთან ერთად მოსწავლეს ბუღალტერის სერტიფიკატის მიღება შეუძლია.
იაპონია
დაწყებით სკოლაში ბავშვები იაპონურ ენას (არა მხოლოდ თანამედროვეს, არამედ შუა საუკუნეებისა და უძველესს), კალიგრაფიას, პროზას, არითმეტიკას, სოციალურ მეცნიერებებს (ეთიკა, ისტორია, ეტიკეტი), მუსიკას, ხელოვნებას, ფიზკულტურასა და საყოფაცხოვრებო საქმიანობას შეისწავლიან.
საშუალო სკოლაში ჩამოთვლილ საგნებს ემატება ინფორმატიკა, საბუნებისმეტყველო საგნები (ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, გეოლოგია), ისტორია ინგლისური ენა და რამდენიმე არჩევითი საგანი.
უფროს კლასებში ზემოთხსენებული საბაზისო საგნების გარდა ორი სპეციალიზაცია არსებობს: ჰუმანიტარული და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები. იაპონიაში სწავლის მთავარ მიზანს უნივერსიტეტში ჩაბარება წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, დარჩენილ საგნებს მოსწავლეები თვითონ ირჩევენ, მაგალითად აგრონომია, ინდუსტრია, ვაჭრობა, თევზაობა, სამედიცინო მომზადება, უცხო ენები და სხვ.
საუდის არაბეთი
აქ აუცილებელი საგნების სიაში შედის: მშობლიური ენა, რელიგია, მათემატიკა, საბუნებისმეტყველო მეციერებები, ფიზიკა. თუმცა ისეთი ჰუმანიტარული საგანი როგორიცაა ისტორია, სასწავლო პროგრამიდან პრაქტიკულად ამოღებულია (კერძო სკოლებშიც კი).
ირლანდია
აქ მხოლოდ ორ აუცილებელ საგანს ვხვდებით: ინგლისური ენა და მათემატიკა (ზოგიერთ სკოლაში არის მესამე ირლანდიური).
დანარჩენ საგნებს მოსწავლეები ირჩევენ. აღსანიშნავია, რომ ისინი გამოცდებს მხოლოდ იმ საგნებში აბარებენ, რომლებთანაც საკუთარი ცხოვრების დაკავშირებას აპირებენ. არჩევანი დიდია: 34 საგანი! მაგალითად: საბუღალტრო აღრიცხვა, ბიზნესისი ორგანიზება, მენეჯმენტი, მუსიკა, ხაზვა, ხეზე მუშაობა, უცხო ენები, აგრონომია, თეატრი, სოლფეჯიო და კიდევ ათეული სხვა დისციპლინა.
ავსტრალია
დაწყებით სკოლაში საბაზისო მათემატიკის, ენის, ფიზკულტურისა და შემოქმედებითი საგნის გარდა საჯაროდ სიტყვით გამოსვლას ასწავლიან.
საშუალო სკოლაში აუცილებელია: ინგლისური, მათემატიკა, ალბათობის თეორია, კომპიუტერული ტექნოლოგიები, ისტორია, გეოგრაფია, ეკოლოგია, ხელოვნება (ცეკვა, მუსიკა, ხატვა), ფიზიკური კულტურისა და მეცნიერების გაკვეთილები (აქ შედის ქიმია, ფიზიკა, ასტრონომია).
უფროს კლასებში მოსწავლეები მომავალი სპეციალობის საწყისებს სწავლობენ: ბუღალტრული აღრიცხვა, ინფორმაციული ტექნოლოგიები, ეკონომიკა – ნაირფეროვნება დიდია. გარდა ამისა, მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასის მოსწავლეებს სხვადასხვა კომპანიაში სტაჟირების გავლის შესაძლებლობა ეძლევათ.
რაც შეეხება ფიზკულტურის გაკვეთილებს აქ საინტერესო თავისებურებას ვხვდებით. ჩვეულებრივ სკოლებში არ არის სპორტული დარბაზი და ეს გაკვეთილი ეზოში ტარდება (წვიმიან ამინდში კი უბრალოდ ცდება). აღსანიშნავია რომ თუ სკოლა ოკეანის სანაპიროსთან ახლოს მდებარეობს, უფროსკლასელებს ფიზკულტურის გაკვეთილზე შუძლიათ სერფინგით დაკავდნენ.
ესპანეთი
დაწყებითი განათლება: ესპანური ენა, ლიტერსტურა, გარე სამყარო, ფიზკულტურა, მათემატიკა უცხო ენა, შემოქმედებითი საგანი და მუსიკა, რომელსაც საკმაოდ სერიოზულ დონეზე ასწავლიან. სკოლის დასრულებისთვის მოსწავლეებს რამოდენიმე მუსიკალურ ინსტრუმენტზე თავისუფლად დაკვრა შეუძლიათ. ძირითადად ეს არის ფლეიტა, ვინაიდნა ის ადვილი სატარებელია.
საშუალო კლასებში ჩამონათვალს ემატება სოციალური მეცნიერებები, გეოგრაფია, ისტორია და თანამედროვე ტექნოლოგიგიები.
უფროს კლასებში ყველა მოსწავლე ერთი მიმართულების სამ დამატებით საგანს ირჩევს. სულ არის ოთხი მიმართულება:
- ჰუმანიტარული მეცნიერებები
- ტექნოლოგიები
- საბუნებისმეტყველო მეცნიერებები
- ხელოვნება
ჩინეთი
დაწყებითი სკოლის აუციცლებელი საგნებია: მათემატიკა, ჩინური ენა, უცხო ენა, ხატვა, მუსიკა, ფიზკულტურა და შრომა.
საშუალო და უფროსი კლასები: ჩამონათვალს მეცნიერების გაკვეთილი (ქიმია, ფიზიკა და ბიოლოგია) და ინფორმატიკა ემატება. საბაზისო გაკვეთილების საათების სირთულის დონე და რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, რაც ჩინურ სკოლას ერთ-ერთ ყველაზე რთულ და ფსიქოლოგიურად დამთრგუნველ საგანმანათლებლო დაწესებულებად აქცევს.
დიდი ბრიტანეთი
დაწყებით სკოლაში ბავშვები ინგლისურ ენას, მათემატიკას, ისტორიას, გეოგრაფიას, მუსიკასა და ხელოვნებას შეისწავლიან. საგნების საბოლოო სიას მშობლები ადგენენ.
უფროს კლასებში სასწავლო პროგრამას ემატება: რელიგიის საწყისების გაკვეთილი (ამ საგნის ფარგლებში ისწავლება ეთიკა და სხვა რელიგიებისადმი შეხედულება), ისტორია, გეოგრაფია, საბუნებისმიეტყველო საგნები. გარდა ამისა მოსწავლეს თავისი ინტერესებიდან გამომდინარე შეუძლია კულინარიის, მუსიკის, ფსიქოლოგიის, ფოტოგრაფიის, სამართლის, სოციალური უზრუნველყოფის, ბუღალტრული აღრიცხვისა და ხელოვნების შესწავლა.
როგორ ფიქრობთ, რომელი სასწავლო სისტემა მოგიხდებოდათ ყველაზე მეტად?
მოამზადა თეა ინაშვილმა