GE

რომელი მეფეები უყვართ და რას ამბობენ ერეკლე მეორეზე კახელი აბიტურიენტები – EDU.ARIS.GE-ს გამოკითხვა ისტორიის გამოცდაზე

„დაგვისახელეთ სამი თქვენთვის გამორჩეული მეფე საქართველოს ისტორიიდან და გვესაუბრეთ კახეთის როლზე ქვეყნის ისტორიულ კონტექსტში“ – ამ კითხვით მიმართა კახეთის საგამოცდო ცენტრში ისტორიის ეროვნული გამოცდის ჩასაბარებლად მისულ აბიტურიენტებს EDU.ARIS.GE-ს ჟურნალისტმა.

წელს ისტორიის გამოცდიდან აბიტურიენტები კმაყოფილები გამოდიოდნენ და არც თავიანთი შეხედულებების ჩვენთვის გაზიარება უჭირდათ. გავიგეთ, რომ ახალგაზრდებს ჰყავთ საყვარელი მეფეები საქართველოს ისტორიაში და აქვთ თავიანთი მოსაზრება ერეკლე მეორის მეფობაზე.

ფშავლის საჯარო სკოლის კურსდამთავრებული დეა ზათიაშვილი მისთვის გამორჩეულ მეფეებს გვისახელებს და მათი მეფობის პერიოდს იხსენებს:

„საქართველოს ისტორიიდან გამოვარჩევდი სამ მეფეს: თამარს, დავით აღმაშენებელსა და გიორგი ბრწყინვალეს. სამივე მეფე, ჩემი გადმოსახედიდან, გამოირჩეოდა სამართლიანობითა და ინტელექტით. კარგის მეტი საქართველოსთვის არაფერი გაუკეთებიათ.

„რაც შეეხება ჩვენს მხარეს, კახეთს საკმაოდ ბევრი წინაღობის გადალახვა მოუწია, თუნდაც გეოგრაფიული მდებარეობა რომ გავითვალისწინოთ, აღმოსავლეთ მხარე არის, ძირითადად, მუსულმანი მმართველები. ვინც მოდიოდნენ და იბრძნოდნენ, კახეთის გზიდან შემოდიოდნენ. მხოლოდ შაჰ-აბასის შემოსევები რომ გავიხსენოთ, ისიც კი საკმარისია. მონღოლებიც კახეთის გზიდან გადმოდიოდნენ საქართველოში და ლეკიანობაც დასამახსოვრებელი ისტორიული ფაქტია. ერეკლე მეფეს, რა თქმა უნდა, ვერ დავივიწყებ. ყოფილა შემთხვევები, როდესაც მისი მმართველობა არ შეუფასებიათ დადებითად, მაგრამ, ჩემი აზრით, საქართველოს ისტორიაში იმდენად დიდი როლი ითამაშა, იმდენ წინაღობას გაუსწორდა, რომ დასაფასებელია მისი მმართველობის ხანა საქართველოს ისტორიაში“, – გვითხრა დეამ.

დეას აზრს იზიარებს აბიტურიენტების გარკვეული ნაწილი. ისინი EDU.ARIS.GE-სთან აღნიშნავენ, რომ ერეკლე მეფის გადაწყვეტილებამ – მიეღო გეორგიევსკის ტრაქტატი, საქართველოს რწმენა და ქრისტიანობა შეუნარჩუნა. გამოსაცდელების აზრით, კრიტიკა, რომელიც ერეკლე მეფის ამ გადაწყვეტილების მიმართ მოდის, უსამართლოა.

„საქართველოს ისტორიიდან გამოვარჩევდი თამარ მეფეს და დავით აღმაშენებელს. ჩემი აზრით, როდესაც ისინი გამეფდნენ, საქართველო მძიმე პოლიტიკურ სიტუაციაში იმყოფებოდა, განსაკუთრებით დავითის დროს. ძალიან მნიშვნელოვანი იყო სახელმწიფოს სწორი სტრატეგიული მართვა და ისეთი გადაწყვეტილელების მიღება, რომლებიც ძირეულად შეცვლიდა იმ ვითარებას, რომელშიც იმ დროს ქვეყანა იმყოფებოდა. სწორედ აქედან გამომდინარე, ამ ორმა დიდებულმა მეფემ, კარგად გაართვა თავი დაკისრებულ პასუხისმგებლობასა და მოვალეობებს.

„როგორც კახელი, ასევე, გავიხსენებდი ერეკლე მეორის მმართველობას, რომელმაც შეცვალა საგარეო პოლიტიკა და ქვეყნის კურსი, მიუხედავად იმისა, რომ გეორგიევსკის ტრაქტატი მიიღო და ამით არაერთი ისტორიკოსისა თუ ჩემი ასაკის თაობის კრიტიკა დაიმსახურა, ჩემი აზრი საპირისპიროა. პირიქით, მიმაჩნია, ტრაქტატზე დათანხმება კარგად გათვლილი გადაწყვეტილება იყო, იმ დროს საქართველო ეროვნული გადაგვარების წინაშე იყო და ერეკლე მეფემ სწორედ ამ ყველაფერს აგვაცილა და სწორედაც რომ ის ძირეული ფუნდამენტი, რაც საქართველოს ახასიათებს – მორწმუნეობა და ქრისტიანობა, გადაარჩინა“, – გვიხსნის საკუთარ მოსაზრებას ლაგოდეხის მესამე საჯარო სკოლის კურსდამთავრებული მაგდა პეტრიაშვილი.

ერეკლე II საყვარელ მეფეებში დაგვისახელა გიგა გიკაევმა, რომელმაც სკოლა ლაგოდეხში დაამთავრა. ის კახეთის მხარის როლს საქართველოს ისტორიაში კონკრეტული აჯანყებით იხსენებს.

„კახეთმა საქართველოს ისტორიაში ძალიან დიდი როლი ითამაშა, ხშირი იყო აჯანყებები და ჩვენს საყვარელ მხარეს დიდი როლი მიუძღვის საქართველოს ისტორიაში. გამოვარჩევდი 1812 წლის აჯანყებას, რომელიც, სამწუხაროდ, წარმატებით ვერ დამთავრდა, მაგრამ დიდი მასშტაბი მოიცვა. ჩემი საყვარელი სამი მეფეა – დავით აღმაშენებელი, გიორგი ბრწყინვალე და ერეკლე მეორე. მათ ქვეყნის ინტერესები ამოძრავებდათ და ამისთვის პირადი ცხოვრებაც გაწირეს. თავიანთი ენერგია, ჭკუა და ტაქტიკური სვლები მთლიანად ქვეყანას მოახმარეს, სწორედ მათი დამსახურებაა, რომ დღეს ჩვენ ვარსებობთ საქართველოში.

„საქართველოს ისტორიიდან, ერეკლე მეორეს მეფობის კონტექსტში, გამოვარჩევდი გეორგიევსკის ტრაქტატს, ჩემი აზრით, ვინაიდან ყიზილბაშები და ოსმალები თარეშობდნენ საქართველოში და ერეკლემ ქრისტიანობის შენარჩუნების მიზნით არჩია ტრაქტატის დადება“, – ამბობს ლელიანის საჯარო სკოლის კურსდამთავრებული.

ერეკლეს სხვა გზა არ ჰქონდა, ამბობს ჩვენთან საუბარში ლიზი დურგლიშვილი, კარდენახის პირველი საჯარო სკოლის კურსდამთავრებული:

„სხვა გამოცდებთან შედარებით, ისტორია ადვილი იყო. კახეთის ისტორიიდან გავიხსენებ ერეკლე მეორეს პერიოდს, ჩემი საყვარელი მეფეა. ზოგადად, კახეთში მეფეებს არაერთ მტერთან მოუხდათ დაპირისპირება. მეფეებიდან გამოვარჩევდი ერეკლე მეორეს, დავით აღმაშენებელსა და თამარ მეფეს. დავით აღმაშენებელმა გააერთიანა საქართველო, თამარ მეფის დროს კი ოქროს ხანა იყო ქვეყანაში. გეორგიევსკის ტრაქტატს ყველაზე მნიშვნელოვან ისტორიულ ფაქტად მივიჩნევ და დღევანდელი გადმოსახედიდან დადებითად შევაფასებ, რადგან ერეკლეს სხვა გზა არ ქონდა, სწორედ რომ რუსეთი იყო ის სახელმწიფო, რომელთანაც სარწმუნოება გვაკავშორებდა“.

EDU.ARIS.GE-ს მიერ გამოკითხული აპლიკანტების უმრავლესობა უყურადღებოდ არ ტოვებდა ერეკლე მეორის მეფობის პერიოდს. ასეთია სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლის კურსდამთავრებული ნუგზარ ქაჩლიშვილიც, თუმცა მას ერეკლე მეორეს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიცია აქვს.

ნუგზარის მოსაზრებით, ის ფაქტი, რომ დღეს საქართველო რუსეთისგან სერიოზულ ზეწოლებს იღებს, სწორედ „ერეკლე მეორეს ცუდად გათვლილი გადაწყვეტილების ბრალია“.

„საქართველოს ყველა კუთხეს დიდი წვლილი აქვს ქვეყნის ისტორიაში და კახეთსაც ერთ-ერთი უმთავრესი როლი. მათ შორის, გამოვყოფდი პირველ რიგში გეორგიევსკის ტრაქტატს, რომელიც ცუდად გაანალიზებული იყო დღევანდელი გადმოსახედიდან. ჯერ დათანხმება და შემდგომ ტრაქტატის ცვლილებაც, რის შედეგადაც ამდენი საუკუნე ვიტანჯეთ რუსეთის ხელში. როდესაც მე-18 საუკუნეს 21-ე საუკუნიდან ვუყურებ, როცა ჩავლილია ყველაფერი, თითქოს მარტივია გადაწყვიტო რა არის ცუდი და კარგი, საორჭოფოც არაფერია და სწორია გადაწყვეტილება, რომ ტრაქტატი უარყოფითად შევაფასოთ.

„თუ მეტად დავკონკრეტდებით, საქართველომ დაკარგა დამოუკიდებლობა შემდგომში, შემოვიდა რუსეთის იმპერია და საბჭოთა კავშირი, რაც იყო პირველი ნაბიჯი, რომელიც გამოკვეთილად ჩანს, შემდგომი ნაბიჯებისგან განსხვავებით. აი, როდესაც თეიმურაზი ცოცხალია – ერეკლეს მამა, იმ პერიოდში საქართველო ერთ-ერთი ძლიერი ქვეყანა იყო იმ ტერიტორიაზე კავკასიაში, სადაც ჩვენ ვიმყოფებოდით.

„ჩემი საყვარელი 3 მეფეა ვახტანგ გორგასალი, რა თქმა უნდა, დავით აღმაშენებელი და დემეტრე მეორეს შევაფასებდი დადებითად, მისი თავგანწირვის გამო. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურად თუ შევხედავთ, მის მოღვაწეობას არცთუ ისეთი ფართო პოლიტიკური მოღვაწეობა აქვს, მისი ნაადრევი სიკვდილი გამო, მაინც სწორედ ამ სამ მეფეს აერთიანებს საქართველოს სიყვარული, ენის, მამულის და სარწმუნოების“.

ასევე იხილეთ:

იპოვე შენი თავი EDU.ARIS.GE-ს TikTok-ზე 😘

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადა ნინო ჩორგოლიანმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური