GE

საავიაციო უნივერსიტეტის აეროპორტ „მიმინოს“ შესაძლებლობები და პერსპექტივა

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის თელავის აეროპორტი „მიმინო“ ოფიციალურად გაიხსნა და ქართლ-კახეთის მეფის, ერეკლე II-ის სახელი მიენიჭა. როგორც ცერემონიაზე საავიაციო უნივერსიტეტის რექტორმა განაცხადა,  რომელიმე ავიაკომპანია თუ დაინტერესდება, აეროპორტიდან საქართველოს სხვადასხვა მიმართულებით ჩარტერული რეისების შესრულება შესაძლებელია.

სერგო ტეფნაძის თქმით, რეგიონების გარდა, ფრენები შესაძლოა საზღვარგარეთაც, თბილისის აეროპორტის გავლით განხორციელდეს.
13102659_1016848285056390_7389545490830932957_n„აეროპორტი მზად არის მიიღოს 20 ადგილიანი თვითმფრინავი დღის ნებისმიერ მონაკვეთში, შესაბამისი ამინდის პირობებში. თუ რომელიმე ავიაკომპანიას ექნება სურვილი, რომ მგზავრთა გადაყვანა აწარმოოს, აეროპორტი ამისთვის მზად არის. საზღვარგარეთ, რომ შესრულდეს რეისი ამისთვის არ ვართ მზად, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ამ საჰაერო ხომალდით მგზავრები გადავიყვანოთ თბილისის გავლით“, – განუცხადა EDU.ARISGE-ს სერგო ტეფნაძემ.

თელავის აეროპორტიდან 2 და 6 ადგილიანი თვითმფრინავებით მხოლოდ სასწავლო ფრენები, ასევე საქორწინო და საქალაქთაშორისო ტურები ხორციელდება. შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით საჰაერო გასეირნების (საჰაერო ტურების) ორგანიზებაც.

კახეთის გუბერნატორის განცხადებით, ინიციატივა, რომელიც თელავის აეროპორტის სახელის შეცვლას უკავშირდებოდა მას ეკუთვნის.

13096195_1016848211723064_9041550599256634194_n,,პირადად ჩემი ინიციატივა იყო, რომ თელავის აეროპორტს შესცვლოდა სახელი და ქართლ-კახეთის მეფის, ერეკლე მეორის სახელი დარქმეოდა. დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ჩვენს რეგიონში ყველა მაცხოვრებელს  გაუხარდება ეს ინფორმაცია. თელავის აეროპორტი წლების განმავლობაში გაპარტახებული იყო. ჩვენ საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტთან ერთად მთლიანად აღვადგინეთ. აქ მიმდინარეობს სწავლის პროცესი, არიან სტუდენტები. ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფომ გადაუხადოს ქართველ სტუდენტებს საზღვარგარეთ პილოტად მომზადებაში თანხა, დღეს ჩვენ გვაქვს საშუალება უკვე ადგილზე მოემზადონ ჩვენი სტუდენტები, ამასთან ერთად არამარტო ადგილობრივები, არამარტო ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, არამედ უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც. უკვე შენდება საცხოვრებელი კორპუსები მათთვის და ყოველდღიურად იქმნება ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ ადგილზე უკეთესი მომსახურება და სერვისი იქნას გაწეული. ეს არის პირველი გადადგმული ნაბიჯი შიდა რეისებთან მიმართებაში. დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ გვექნება უფრო მეტი სიახლე და გაცილებით უფრო მასშტაბული იქნება თელავის უნივერსიტეტი,“- განუცხადა EDU.ARIS.GE-ს ირაკლი შიოლაშვილმა.

საფრენოსნო და საინჟინრო ფაკულტეტის სტუდენტები პრაქტიკულ მომზადებას აეროპორტში გადიან. ამჟამად მიმდინარეობს მათთვის განკუთვნილი საერთო საცხოვრებლის რემონტი. ახლო მომავალში კი, დაგეგმილია პილოტთა და ავიასპეციალისტთა  მომზადება შვეულმფრენზე.

13087635_1016848288389723_3482714289321979234_n,,საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში თეორიული სწავლების შემდეგ მიმდინარეობს პრაქტიკული მომზადება თელავის აეროპორტში. აქ  შექმნილია ყველანაირი კომფორტი იმისათვის, რომ პრაქტიკა მარღალ დონეზე გაიარონ სტუდენტებმა. აქ ასევე არის სტუდენტური საცხოვრებელი მატერიალიალ-ტექნიკური ბაზა მოწყობილი ისეთ დონეზე, რომ სტუდენტი პრაქტიკის გავლის შემდეგ უკვე პროფესიონალი ხდება. მე კმაყოფილი ვარ როგორც თეორიული, ასევე პრაკტიკული სწავლების მიღების შედეგად ჩემი გამოცდილებით, რაც სამომავლოდ ჩვენი პროფესიით დასაქმების დიდ შანსს გვაძლევს,“ – უთხრა EDU.ARIS.GE-ს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტმა ნიკა თიკანაშვილმა.

თელავის აეროპორტს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ საერთაშორისო ორგანოს „იკაოს“ ნორმების შესაბამისად საქალაქთაშორისო ფრენების შესრულების ლიცენზია 2012 წელს მიანიჭა.

აეროპორტი აღჭურვილია თანამედროვე სასწავლო მატერიალურ-ტექნიკური ბაზით და საჰაერო ხომალდებით. აშენდა თვითმფრინავების ტექნიკური მომსახურების საწარმო, სანავიგაციო კოშკურა, აეროვაგზლის შენობა მგზავრებისთვის და საერთო საცხოვრებელი პილოტ-ინსტრუქტორებისა და საინჟინრო-ტექნიკური პერსონალისთვის.

დღეისთვის თელავის აეროპორტში დასაქმებულია 40 ადამიანი. მათ შორის 16 ადგილობრივი მაცხოვრებელია.

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური