GE

საბაუნის ორი დოქტორანტი CUP-ის საზაფხულო სკოლაში მონაწილეობდა

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის დოქტორანტებმა, თინათინ ფეიქრიშვილმა და იოსებ ედიშერაშვილმა, ხორვატიაში, ქალაქ დუბროვნიკში გამართულ საზაფხულო სკოლაში, სახელწოდებით „მდგრადობის ვარჯიშები – მზადება აღდგენისთვის“ მიიღეს მონაწილეობა.

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის მიერ 27 აგვისტოს გამოქვეყნებული ინფორმაციით, საზაფხულო სკოლა კათოლიკური უნივერსიტეტების პარტნიორობის (CUP), ნანოვიკის ევროპათმცოდნეობის ინსტიტუტისა (აშშ) და ხორვატიის კათოლიკური უნივერსიტეტის ერთობლივი თანამშრომლობით იყო ორგანიზებული.

ათდღიანი საზაფხულო სკოლის პროგრამა 2022 წელს, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის და ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ პირველად ჩატარდა და მიზნად უკრაინელი ხალხის მხარდჭერას და ომისშემდგომი აღდგენისთვის მომზადებაში დახმარებას ისახავდა. შესაბამისად, საზაფხულო სკოლის მთლიანი პროგრამა წარსულის მაგალითების განხილვასა და სამომავლოდ, აღდგენისთვის იდეების შემუშავებაზე იყო ორიენტირებული. საზაფხულო სკოლა ინტენსიური აკადემიური ნაწილის მიღმა, კულტურულ-სპირიტუალურ-სოციალურ ღონისძიებებსაც მოიცავადა.

„საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე ღირებული და დაუვიწყარი გამოცდილება იყო. მიუხედავად იმისა, რომ ტრენინგების თემები სერიოზულ საკითხებს ეხებოდა, პროგრამის მრავალფეროვნებამ, სხვადასხვა პროფესიის ტრენერის ჩართულობამ, ვორქშოფებმა და აქტივობებმა შექმნა ბალანსი და მთლიანი პროცესი ძალიან პროდუქტიული და საინტერესო გახადა.

სასიამოვნო ატმოსფერო, დუბროვნიკის სილამაზე და ადამიანების გულწრფელი დამოკიდებულება ქმნიდა გარემოს სწავლის, მხარდაჭერისა და მეგობრობისთვის.

საბოლოოდ, საზაფხულო სკოლამ არა მხოლოდ ცოდნა და გამოცდილება შემმატა, არამედ გამაცნო ბევრი საინტერესო ადამიანი, გამიფართოვა კონტაქტები და მაჩუქა არაერთი მეგობარი. ეს იყო პერიოდი და ადგილი, სადაც სწავლა, მხარდაჭერა, მოგზაურობა, თავგადასავლები და სასიამოვნო საღამოები შესანიშნავად ერწყმოდა ერთმანეთს“,- განაცხადა თინათინ ფეიქრიშვილმა.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური