GE

საბაუნის სამართლის ფაკულტეტის დეკანის კვლევა ლუბლინის უნივერსიტეტში სამეცნიერო გამოცემაში გამოქვეყნდა

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა გიორგი გორაძემ, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ლუბლინის კათოლიკური უნივერსიტეტის მიერ გამოცემულ სამეცნიერო წიგნში – International Crimes Committed as Part of Russia’s Armed Aggression Against Ukraine and the Possibility of Their Prosecution by International Tribunals. წიგნის ერთ-ერთი თავი სწორედ მის მიერ მომზადებულ ანალიზს ეთმობა, რომელიც უკრაინის სამომავლო ტერიტორიულ მოწყობას განიხილავს.

აღნიშნული წიგნი აერთიანებს საერთაშორისო სამართლის ექსპერტების მიერ ჩატარებულ კვლევებს, რომლებიც რუსეთის აგრესიის სამართლებრივ შეფასებას, გენოციდის საკითხებსა და უკრაინის მომავალი ტერიტორიული მოწყობის პერსპექტივებს ეხება. ნაშრომი წარმოადგენს მნიშვნელოვან რესურსს იმ სამართლებრივი მექანიზმების განსაზღვრისთვის, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას საერთაშორისო ტრიბუნალებში რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულების გასასამართლებლად.

წიგნის რედაქტორები არიან პროფესორები ედიტა კრშიშტოფიკი (Edyta Krzysztofik) და ირინა კოზაკ-ბალანიუკი (Iryna Kozak-Balaniuk), ხოლო პუბლიკაცია ხელმისაწვდომია სამ ენაზე: ინგლისურად, პოლონურად და უკრაინულად.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პუბლიკაცია გამოიცა ორწლიანი საერთაშორისო პროექტის ფარგლებში – “Legal analysis of Russia’s actions in Ukraine since 2014 in terms of crimes of aggression, war crimes and genocide and legal solutions of Ukraine’s neighboring countries regarding the status of Ukrainian citizens”, რომელსაც ხელმძღვანელობს ლუბლინის კათოლიკური უნივერსიტეტი. პროექტში აქტიურად მონაწილეობენ საბაუნის აფილირებული აკადემიური პერსონალიც: პროფესორები გიორგი გორაძე და დიმიტრი გეგენავა, აგრეთვე ასისტენტი ცისია ოქროპირიძე.

აღნიშნული წარმატება ხაზს უსვამს საბაუნის აკადემიური პერსონალის მნიშვნელოვან როლს საერთაშორისო სამართლის განვითარებაში და კიდევ უფრო ამყარებს უნივერსიტეტის პოზიციას საერთაშორისო აკადემიურ საზოგადოებაში.

იხილეთ: ინფორმაცია პროექტის შესახებ 
წიგნს შეიძლება გაეცნოთ ბმულზე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური