GE

საბაზო განათლების მქონე პირი პროფესიულ პროგრამაზე ჩაბარების შემთხვევაში ატესტატს მიიღებს – ვადები და დეტალები

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძესთან და პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროს ირინე წეროძესთან ერთად, განათლების რეფორმის ფარგლებში, პროფესიული განათლების მიმართულებით პრეზენტაცია წარადგინა.

როგორც ირინა წეროძემ EDU.ARIS.GEს კითხვის საპასუხოდ განაცხადა, საბაზო განათლების მქონე პირებს პროფესიულ პროგრამაზე ჩაბარების შემთხვევაში ექნებათ საშუალება მიიღონ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი ატესტატი.

„მათ პროფესიულ პროგრამასთან ერთად საშუალება ექნებათ ისწავლონ მე-10, მე-11 და მე-12 კლასების მასალა. თუკი საბაზო განათლება აიწევს მე–10 კლასამდე, რა თქმა უნდა, ეს იქნება მე-11, მე-12 კლასის მასალები. რაც შეეხება ვადებს, ეს არის მაისი. თავად კანონი განსაზღვრავს, რომ 2019 წლის მაისიდან სამინისტრო ეტაპობრივად დაიწყებს ამ პროგრამების განხორციელებას და აღებული დიპლომი იქნება გათანაბრებული სრულ ზოგად განათლებასთან. პირველ ეტაპზე ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ პროგრამებს დავიწყებთ სოფლის მეურნეობის მიმართულებით, მთელი საქართველოს მასშტაბით, მერე, რა თქმა უნდა მოხდება მასშტაბების ზრდა, ამისთვის გვაქვს სრულად ორი წელი”,- განმარტავს ირინე წეროძე.

რეფორმის თანახმად იხსნება ბარიერი, რომლის მიხედვითაც პროფესიული სასწავლებლის სტუდენტს, უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელება აღარ შეეძლო.

„პროფესიული განათლება აქამდე იყო ჩიხი იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც სურვილი ჰქონდათ სწავლა გაეგრძელებინათ უმაღლეს სასწავლებელში. ეს ბარიერი იხსნება. მე-10 კლასის საბაზო განათლების მქონე პირისთვის ხელმისაწვდომი იქნება პროფესიული განათლება, ხოლო მე-12 კლასის განათლების მქონე პირისთვის უმაღლესი პროფესიული პროგრამები“, – აღნიშნა წეროძემ.

როგორც დღეს პრეზენტაციაზე ითქვა, პროფესიული განათლების სისტემის განვითარება არაერთ მიმართულებას მოიცავს და ორიენტირებულია კერძო სექტორთან თანამშრომლობის გაუმჯობესებაზე, რეგიონული განვითარების საჭიროებების გათვალისწინებით, სამუშაო ძალის კონკურენტუნარიანობის ამაღლებასა და სწრაფ დასაქმებაზე.

პროფესიული განათლების რეფორმის მომდევნო, სამწლიანი ფაზის პერიოდში გათვალისწინებულია ახალი საგანმანათლებლო სერვისების შეთავაზება, როგორც ახალგაზრდების ასევე ზრდასრული მოსახლეობისათვის.

პროფესიული განათლების შემადგენელი ნაწილი იქნება მოკლე გადამზადების პროგრამები ზრდასრულთათვის. აღნიშნულ პროგრამებს კერძო ორგანიზაციები განახორციელებენ, რომელთაც სამინისტროსგან შესაბამისი აღიარება ექნებათ მიღებული.

მიხეილ ბატიაშვილის განმარტებით, ადამიანი რომელიც ფლობს რაღაც პროფესიას და დასაქმებულია, მაგრამ არ აქვს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი, შესაძლებლობა ექნება მოკლევადიანი კურსი გაიაროს და არაფორმალური განათლების აღიარება მოხდეს.

“მარტიდან დაიწყება და ყოველდღე ახალი პროგრამები დაემატება, კერძო სექტორის ჩართულობით, რაც შეიძლება მეტ ადამიანს ჰქონდეს შესაძლებლობა სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატი მიიღოს”, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა

ზოგადი განათლების ინტეგრაციის ხელშეწყობა,  საბაზო განათლების მქონე ახალგაზრდებს (9 კლასი) საშუალებას მისცემს, პროფესიის შესწავლის პარალელურად, სრული ზოგადი განათლება მიიღონ.

სრული ზოგადი განათლების მქონე პირებს (მე-12 კლასი) შესაძლებლობა ექნებათ ისწავლონ უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომლებიც შემუშავებულია დამსაქმებლების მონაწილეობით.

ფორმალური განათლების ფარგლებში, სწრაფი დასაქმებისთვის, მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების კურსებით გათვალისწინებულია ასევე ზრდასრულთა განათლების სისტემის განვითარება, რაც გულისხმობს მოსახლეობის უნარების განახლებას ან ახალი კომპეტენციების შეძენას.

როგორც სამინისტრო განმარტავს, სამწლიანი ფაზა მიზნად ისახავს ასევე: არაფორმალური განათლების აღიარების მექანიზმების დანერგვას; პროფესიული პროგრამების განხორციელებაში დამსაქმებლების ჩართულობის ხელშეწყობას, სამუშაოზე დაფუძნებული/დუალური სწავლების მასშტაბების გაზრდით; გაცვლითი პროგრამებისა და საერთაშორისო სერტიფიცირებული პროგრამების დანერგვას; პროფესიული კონსულტირების სისტემის განვითარებას; პროფესიული განათლების მასწავლებლების, პროფესიული განვითარების ახალი მოდელის დანერგვას.

რეფორმა მოიცავს ასევე რეგიონული დაფარვის გაუმჯობესებას, ადგილობრივი საჭიროებების გათვალისწინებითა და საჯარო-კერძო პარტნიორობის მოდელის გამოყენებით.

გარდა ამისა, განათლების სამინისტროს განმარტებით, პროფესიულ სასწავლებლებში გაძლიერდება სამეწარმეო განათლება და ინოვაციური სწავლება. განვითარდება მაღალტექნოლოგიური ცენტრები (EXCELLENCE CENTERS), რომლებიც ხელს შეუწყობს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მომავლის პროფესიების შესწავლას და ტექნიკური, ციფრული, სამეწარმეო და შემოქმედებითი უნარების განვითარებას.

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური