საბოლოოდ დაიკლებს თუ მოიმატებს? – ზვიად გაბისონია: „პროფესორ-მასწავლებლების რიცხვი ნებისმიერ შემთხვევაში შეიცვლება“
უმაღლესი განათლების რეფორმის ეროვნული კონცეფციის წარდგენის შემდეგ, საზოგადოების გარკვეულ ნაწილს აქვს განცდა, რომ პრინციპის – „ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტი“ ამოქმედება სახელმწიფო უნივერსიტეტებში პროფესორ-მასწავლებელთა რაოდენობის შემცირებას გამოიწვევს. იმის მიუხედავად, რომ პრემიერ-მინისტრისა და განათლების მინისტრის მიერ ხშირად ისმის დამაიმედებელი განცხადებები, საგანმანათლებლო წრეებში სვამენ კითხვას – როგორ შეინარჩუნებენ სამუშაო ადგილებს ადამიანები, თუ გაუქმდება ის პროგრამები, რომლებსაც ისინი ასწავლიდნენ.
ირაკლი კობახიძე: „ჩვენ ყველას ვეუბნებით, რომ არათუ კადრების შემცირებაზეა საუბარი, იმდენად მწირია ადამიანური რესურსი ჩვენი უმაღლესი განათლების სისტემაში, რომ მაქსიმალურად მოვუფრთხილდებით თითოეულ ადამიანს, რომელიც არის პროფესიონალი და რომელიც მუშაობს დღეს საუნივერსიტეტო სისტემაში”.
EDU.ARIS.GE-მ, საკითხში გარკვევის მიზნით, 4 თებერვალს, შეკითხვები პარლამენტში მყოფ განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეს, ზვიად გაბისონიას დაუსვა. როგორც ზვიად გაბისონიამ ჩვენთან საუბრისას განაცხადა, პროფესორ-მასწავლებლების რიცხვი „ნებისმიერ შემთხვევაში“ შეიცვლება.
კითხვას – ნიშნავს, თუ არა ეს, რომ „ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტის“ პრინციპის საფუძველზე, როდესაც სხვადასხვა სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელში პროგრამების შემცირება მოხდება, ადამიანური რესურსიც შემცირდება? – განათლების მინისტრის მოადგილემ ასე უპასუხა:
„რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ სხვა პროგრამები არ დაემატება. ჩვენი იდეა რა არის – მაგალითად, შეიძლება, სამართლის ნაწილი იყოს ერთ უნივერსიტეტში, მაგრამ ეს ხომ არ გამორიცხავს, რომ ახალი პროგრამა გაჩნდეს იმ უნივერსიტეტში, რომელსაც გამოუთავისუფლდა ეს პროგრამა… პროფესორ-მასწავლებლების რიცხვი ნებისმიერ შემთხვევაში იცვლება, მათ შორის რეფორმის დროსაც შეიცვლება თავისთავად. დაიკლებს თუ მოემატება, ძალიან რთულია ახლა თქმა – გულწრფელად გეუბნებით. ვგულისხმობ დამატებით პროგრამების ხარჯზე.
რეფორმა სულ რომ არ დაწყებულიყო, ასეთი ტიპის დინებები სულ არის. არის პროგრამა, რომელიც მილევადში გადადის – მაგალითად, სტუდენტები არ ჰყავთ. არის პროგრამა, რომელსაც პირიქით, ემატება სტუდენტები და ძალიან შემოსავლიანია. რატომ არის, რომ ბევრი იურიდიული ფაკულტეტებია? მოთხოვნადია, პოპულარულია და შემოსავლიანია“.
ზვიად გაბისონიას თქმით, აკადემიური პერსონალის შენარჩუნება იგეგმება მაქსიმალურად და „თუ დაკლება იქნება, ძირითადად იქნება მოწვეული ლექტორების ხარჯზე“.
„ზოგადად, აკადემიურ სექტორში არიან ადამიანები, რომლებიც შეთავსებით არიან ლექტორები (ჩემი ჩათვლით). 80% არის შეთავსებადი, რაც ნიშნავს იმას, რომ ისინი მუშაობენ სხვა ადგილზე და უნივერსიტეტში არიან დაკავებული საათობრივად. აკადემიური პერსონალის შენარჩუნება იგეგმება მაქსიმალურად. ამიტომ, თუ დაკლება იქნება, ჩვენი გათვლით, ძირითადად იქნება მოწვეული ლექტორების ხარჯზე, რომლებსაც სხვა ანაზღაურება აქვთ. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ძირითადი ყველა გადარჩეს.
იმ პროგრამებზე, სადაც არ იქნება, ლექტორებს მოუწევთ სხვა უნივერსიტეტში გადასვლა – თუ მოწვეული პროფესორები არიან, თუ საშტატო პროფესორები არიან – მაშინ სამსახურის შეცვლა. იმიტომ, რომ თუ პროგრამა არ არის – იქ სადაც პროგრამა არ არის, სამუშაო ადგილი როგორ იქნება?! რეფორმა, ზოგადად, გარკვეული ტიპის კორექტირებას გამოიწვევს, თავისთავად“, – გვითხრა განათლების მინისტრის მოადგილემ.
რა ბედი ელით თსუ-ისა და სტუ-ის პროფესორ-მასწავლებლებს
მთავრობამ გაერთიანების გადაწყვეტილება 9 თებერვალს უკან წაიღო, თუმცა „ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტის“ პრინციპი არსად წასულა.
იქამდე ზვიად გაბისონია განმარტავდა, რომ თუ გაერთიანების გადაწყვეტილებას არ მიიღებდნენ, „ადამიანური დანაკარგი გაცილებით დიდი იქნებოდა“ – რაც ნიშნავს, რომ სამსახურს ადამიანები ახლაც დაკარგავენ, თუმცა სხვა რაოდენობით.
EDU.ARIS.GE-მ განათლების მინისტრის მოადგილეს ამ განცხადების განმარტებაც სთხოვა და ჰკითხა, როგორ უზრუნველყოფდა გაერთიანება პროფესორ-მასწავლებლებისთვის სამუშაო ადგილების შენარჩუნებას.
როგორც ზვიად გაბისონია მაშინ გვიხსნიდა, ორი უნივერსიტეტის შერწყმის შემთხვევაში, სამუშაო რესურსების გაერთიანება იქნებოდა ის, რაც აკადემიური რესურსის ყველაზე ნაკლებ დანაკარგს გამოიწვევდა. იმ შემთხვევაში კი, თუ რომელიმე აკადემიური პოზიცია „ვერ გადარჩებოდა“, მის ნაცვლად პროფესორ-მასწავლებლებს ადმინისტრაციულ პოზიციას ან კვლევით ნაწილს შესთავაზებდნენ.
„გაერთიანების შემთხვევაში, როდესაც რეორგანიზაცია ხდება, ორი სუბიექტი ერწყმის ერთმანეთს, რეორგანიზაცია ხომ მიმდინარე პროცესია, ეს ხომ არ არის ერთჯერადი აქტი, რეორგანიზაციის დროს, ის პროგრამები, რომლებიც მილევად რეჟიმში გადავა – მაგალითად, სამართალი, ეკონომიკა და ა.შ. ორი ხომ ვერ იქნება, ჩვენი ლოგიკის მიხედვით, ამიტომ ხდება გადაჯგუფება. ამ დროს, თუ უნივერსიტეტი ერთიანდება – ჩვენ რატომ ვთქვით ეს – ყველაზე ნაკლები დანაკარგი იქნება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ სამუშაო რესურსებს გავაერთიანებთ, რადგან შერწყმა მიდის. ახლა ავიღოთ მეორე მაგალითი – შერწყმა არ მიდის, ვტოვებთ ცალ-ცალკე. მაგალითად, ტექნიკურ უნივერსიტეტს თეორიულად უუქმდება იურიდიული ფაკულტეტი მთლიანად, თავისი პროგრამებით – ათობით პროგრამაზეა საუბარი. მაგალითად, თსუ-ის უუქმდება ფიზიკა – ამ შემთხვევაში რა ხდება? მილევადი რეჟიმი იწყება – ეს ლექტორები სად მიდიან?“, – აცხადებდა მინისტრის მოადგილე მანამ, სანამ თსუ-ისა და სტუ-ის გაერთიანება მთავრობის გაცხადებულ მიზანს წარმოადგენდა.
თუმცა, გუშინ, 9 თებერვალს, ახალი გადაწყვეტილება გახდა ცნობილი – უნივერსიტეტები აღარ გაერთიანდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ორივე უმაღლესში საგანმანათლებლო პროგრამების საკითხი ახლა უკვე „ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტის“ პრინციპით უნდა გადაწყდეს. რაც ამ დროისთვის უკვე ვიცით, არის ის, რომ სტუ-ში სტუდენტები სამომავლოდ ისწავლიან მხოლოდ იმ დისციპლინებს, რომლებიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 1990-იან წლებამდე ისწავლებოდა. ყველა დანარჩენი დისციპლინა კი მილევად რეჟიმში გადავა და მათზე მიღება აღარ გამოცხადდება.
თუ ზვიად გაბისონიას დავესესხებით – „მილევადი რეჟიმი იწყება – ეს ლექტორები სად მიდიან?!“, თუმცა ახალი გადაწყვეტილების შემდეგ, პროფესორ-მასწავლებლების რაოდენობის ცვლილების საკითხზე, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ახალი განცხადება წამოგვეწია, რომელიც ისევ გვარწმუნებს, რომ აკადემიურ პერსონალზე იზრუნებენ.
„ზოგადად, ჩვენი დამოკიდებულება არის ის, რომ მაქსიმალურად უნდა ვიზრუნოთ აკადემიურ პერსონალზე. რაც შეეხება ჰუმანიტარულ მიმართულებებს ტექნიკურ უნივერსიტეტში, მილევად რეჟიმში რჩება და აქედან გამომდინარე, შესაბამისი აკადემიური პერსონალიც რჩება. რაც შეეხება ამ პროგრამების დასრულებას, ამის შემდეგ მაქსიმალურად უნდა ვიზრუნოთ აკადემიურ პერსონალზე. მთლიანობაში, საქართველოში არის, დაახლოებით, 6 000 პროფესორ-მასწავლებელი, რომელიც მუშაობს უმაღლესი განათლების სისტემაში, აქედან, ალბათ, მაქსიმუმ 1 000 არის ისეთი, ვინც მთლიანად არის, ასე ვთქვათ, დამაგრებული უმაღლეს სასწავლებლებში. დანარჩენები, როგორც წესი, შეთავსებით, ან არასრულ განაკვეთზე მუშაობენ უნივერსიტეტებში. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს დეფიციტი და არათუ შემცირებაზე უნდა იყოს საუბარი, პირიქით, მაქსიმალურად უნდა მოვიძიოთ კადრები უნივერსიტეტში მუშაობისთვის. შესაბამისად, შეგვიძლია, ხმამაღლა გავცეთ პირობა, რომ მაქსიმალურად ვიზრუნებთ აკადემიურ პერსონალზე ყველა უნივერსიტეტში, განურჩევლად გადაადგილების შინაარსისა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ 9 თებერვალს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
ასევე იხილეთ:
ესაუბრა მარიამ იმერლიშვილი
-
სტუ-ის აკადემიური საბჭოს დადგენილება – აკადემიური საბჭო არ ეთანხმება ტექნიკური უნივერსიტეტის თსუ-ისთან შერწყმას
by ARIS.GE-განათლება
-
ამ 5 წლის ბავშვებს მიეცეთ პირველ კლასში შესვლის უფლება – პარლამენტისგან გამონაკლისის დაშვებას ითხოვენ
by ARIS.GE-განათლება
-
თსუ-ის სენატი: „ორი უნივერსიტეტის გაერთიანების პროცესი ამ ფორმით უნდა შეწყდეს“
by ARIS.GE-განათლება