GE

საჭირო, ნაყოფიერი, საინტერესო და აუცილებელი – პროფესიული განათლების პოპულარიზაციის პროექტის შედეგიანი დასასრული

ყველაზე სახალხო პროექტი – საგანმანათლებლო პორტალ EDU.ARIS.GE-სა და ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს თანამშრომლობით განხორციელებული იდეა, რომელიც ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ (ISWD) მცირე საგრანტო კონკურსის ფარგლებში მომზადდა და პროფესიული განათლების მიმზიდველობისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობას ისახავდა მიზნად, დასასრულს მიუახლოვდა. მასში ჩართული თითოეული მხარე აცხადებს, რომ პროექტი შედგა და მან კონკრეტული შედეგები ჯერ კიდევ დასრულებამდე მოიტანა.

პროექტი მრავალფეროვან აქტივობებს მოიცავდა და თითოეული მათგანი პროფესიული განათლების მიმართ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისაკენ იყო მიმართული. თავდაპირველად შეირჩა 15 პროფესიული და საზოგადოებრივი კოლეჯი, რომელთათვისაც შეიქმნა ვებ-გვერდი edu.aris.ge/tvet/ და კოლეჯების შესახებ სხვადასხვა სახის ინფორმაცია განთავსდა. კონკრეტულად: კოლეჯების მოკლე ისტორია, მიმდინარე მოდულური და დუალური პროგრამები, მათი საფეხური და სწავლის ხანგრძლივობა, ადგილების რაოდენობა, სწავლების დაწყების თარიღი და საკონტაქტო ინფორმაცია. ამავე გვერდზე განთავსდა კოლეჯებისთვის მომზადებული ათეულობით საიმიჯო სტატია, არაერთი ინტერვიუ წარმატებულ კურსდამთავრებულებთან, საპრეზენტაციო ვიდეორგოლები და ა.შ.

სტატიები

საპრეზენტაციო ვიდეორგოლები

გარდა ამისა, პორტალ EDU.ARIS.GE-ს მიერ შეიქმნა საკომუნიკაციო პლატფორმა „დაჩექინდი,“ რომლის პრეზენტაციაც აღნიშნულ 15-ვე სასწავლებელში გაიმართა. პლატფორმა გულისხმობს სტუდენტების პროფესიული ნიშნით გაერთიანებას და სტუდენტთა დასაქმების გამარტივებას. რეგისტრაციის შემდეგ სტუდენტსაც და დამსაქმებელსაც ერთმანეთთან პირდაპირი წვდომის შესაძლებლობა უჩნდებათ.

აღნიშნულ შემოთავაზებას კოლეჯების ადმინისტრაცია და სტუდენტები ენთუზიაზმით შეხვდნენ. ამ დროისათვის „დაჩექინებულ“ სტუდენტთა რაოდენობა 627 სცდება და ყოველდღიურად იზრდება.

სტუდენტისა და კურსდამთავრებულის სარეგისტრაციო სივრცე

დამსაქმებლის ზონა

EDU.ARIS.GE- მიერ განხორციელებულ პროექტი საინტერესო და მისასალმებელია“…

მოგეხსენებათ, პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობაში ლომის წილი „ათასწლეულის გამოწვევის ფონდს“ ეკუთვნის, რომელმაც ამაში უზარმაზარი თანხები ჩადო. „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში რამდენიმე მიმართულება დააფინანსა: 12 მილიონი აშშ დოლარის გრანტი გაიცა 10 პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის, სადაც 51 ახალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა შეიქმნა. პროექტის მეშვეობით დაფინანსდა საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის საჭირო ისეთ დარგებში, როგორიცაა: საზღვაო, საინჟინრო, ტურიზმი, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ავიაცია და სოფლის მეურნეობა; განახლდა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურა და სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა რამდენიმე ცენტრს, სასწავლებლები აღიჭურვა უახლესი სიმულატორებითა და ლაბორატორიებით.

პროფესიული განათლების პოპულარიზების მიზნით ფონდმა ასევე დააფინანსა რამდენიმე მცირე პროექტი და შეიქმნა სასწავლო რესურსი, რომლის მიზანი პროფესიული განათლების პოპულარიზება და დაინტერესებულ მხარეთა რაოდენობის გაზრდა და მონაწილეობის გაძლიერებაა.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე ამბობს, რომ პროფესიონალი კადრების შესაძლებლობების გაძლიერება ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მთავარი პრიორიტეტია. მისი თქმით, დღეს, კერძო სექტორს, სახელმწიფოს სჭირდება ადამიანური რესურსი, რომლიც ქვეყნის განვითარებას შეუწყობს ხელს.

„პროფესიული განათლება არის თანამედროვე უნარების მქონე სპეციალისტების მომზადების ერთ–ერთი საუკეთესო და სწრაფი შესაძლებლობა. სწორედ ამ მიზნით, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი ახორციელებს პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროექტს „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“, რომლის ბიუჯეტია 16 მლნ აშშ დოლარი. პროექტს აფინანსებს აშშ–ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია (MCC) საქართველოსთვის გამოყოფილი 140 მილიონი აშშ დოლარის გრანტის – კომპაქტის ფარგლებში. კომპაქტის მიზანია ადამიანური კაპიტალის განვითარების ხელშეწყობა საქართველოში და მას ფონდი 2013 წლიდან ახორციელებს”, – აცხადებს მაგდა მაღრაძე.

EDU.ARIS.GE-ს მიერ განხორციელებულ პროექტს იგი საინტერესოს უწოდებს და  ამბობს, რომ ახლა ინფორმაცია პროფესიული განათლების მიმწოდებლების და მათ მიერ განხორციელებული პროგრამების შესახებ უკვე ფართოდაა ხელმისაწვდომი. მისივე თქმით, მსგავსი რესურსის შექმნა მისასალმებელია, ვინაიდან,  ნებისმიერ დაინტერესებულ პირს უკვე შეუძლია მარტივად მოიძიოს ინფორმაცია, თუ რა პროგრამები  არსებობს ქვეყანაში პროფესიული განათლების კუთხით.

ხარისხიანი პროფესიული განათლება, რომელიც ხელს უწყობს სტუდენტებისთვის შრომის ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი უნარების და ცოდნის მიცემას საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი რომაა, ამ აზრს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი ჯენერ ედელმანიც იზიარებს. მიიჩნევს, რომ ეს აძლიერებს ქვეყნის კონკურენტუნარიანობას და ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას.

„დღევანდელი მონაცემებით, ასობით სტუდენტმა გააკეთა განაცხადი და სწავლობს ფონდის მიერ დაფინანსებულ პროგრამებზე. ამ ახალგაზრდების აღჭურვა თანამედროვე უნარებით და ცოდნით, ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას, განსაკუთრებით, საბუნებისმეტყველო, ტექნოლოგიურ, ტურიზმის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ლოჯისტიკის, ინფორმაციული ტექნოლოგიების და სოფლის მეურნეობის სფეროებში. ამ პროგრამებში, ჩვენმა პარტნიორებმა საჯარო და კერძო სექტორიდან, $6 მილიონზე მეტის თანადაფინანსება განახორციელეს. ეს ფაქტი ადასტურებს, რამდენად მნიშვნელოვანია კერძო სექტორისთვის კვალიფიციური კადრების არსებობა.

„რაც შეეხება პროფესიული განათლების პოპულარიზაციას, ვფიქრობ, რომ აუცილებელია ამ საკითხში ჩართული მხარეების მჭიდრო თანამშრომლობა, ისევე როგორც, წარმატებული ახალგაზრდების, ზრდასრული მსურველების, განსაკუთრებით, კი ქალების მოზიდვა პროფესიულ განათლებაში”, – დასძენს ჯენერ ედელმანი.

მისასალმებელია, რომ არსებობენ მედიასაშუალებები, რომელთაც პროფესიულ განათლებაზე გული შესტკივათ

პროექტის ფარგლებში EDU.ARIS.GE-ს არაერთი კოლეჯის ადმინისტრაციასთან მოუწია ურთიერთობა და უნდა ითქვას, რომ თითოეულის შემთხვევაში აშკარა იყო თავდადებული მუშაობა და საქმის გულით კეთება. ჩვენ ვნახეთ დირექტორები, რომლებიც სტუდენტების საუკეთესო მეგობრები და მრჩევლები იყვნენ. ვნახეთ ისეთებიც, რომლებიც სტუდენტების დასაქმებაზე ისევე ზრუნავდნენ, როგორც საკუთარი შვილების და ვნახეთ შემთხვევებიც,  როდესაც მათი ოჯახის წევრები თავად იყვნენ პროფესიული სასწავლებლის სტუდენტები.

მამუკა ჯანჯალიაინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიის ხელმძღვანელია. განხორციელებულ პროექტს იგი ნაყოფიერს უწოდებს და ამბობს, რომ თითოეული ნაბიჯი, რომელიც პროფესიული განათლების ხელშესაწყობად იდგმება, მისასალმებელია. მისი აზრით, რაც მეტი ორგანიზაცია ჩაერთვება ამ პროცესში, როგორც კერძო, ისე საჯარო სტრუქტურები, ეს პროფესიულ განათლებას კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის.

„პროექტი, რომელიც EDU.ARIS.GE-მ განახორციელა, მართლაც ფანტასტიკურია. ნამდვილად გაიზარდა ცნობადობა, იმატა მომხმარებელთა რაოდენობამ. პროექტი ძალიან კარგად იყო ორგანიზებული და მოიცავდა მრავალფეროვან ღონისძიებებს – სტატიებს, ვიდეორგოლებს, „დაჩექინების“ პლატფორმას და ა.შ.

„მისასალმებელია, რომ არსებობენ მედიასაშუალებები, რომელთაც პროფესიულ განათლებაზე გული შესტკივათ. თანამშრომლობისათვის ყოველთვის მზად ვართ. გამოხმაურებამ ცხადყო, რომ სხვა კოლეჯების ხელმძღვანელობაც აქტიურად იყო ჩართული. მართალია, თითოეულ კოლეჯს საკუთარი ვებ და ფეისბუქის გვერდი გააჩნია, რომლის მეშვეობითაც საზოგადოებას ინფორმაციას აწვდის, მაგრამ როცა ამით მედია დაინტერესდება და ადამიანებამდე, დამსაქმებლებამდე, ფართო მასებამდე რეალურ ინფორმაციას მიიტანს, ამას სულ სხვა ძალა აქვს. იმედია, ეს ყველაფერი წარმატების მომტანი იქნება ჩვენთვისაც და იმ მოქალაქეებისთვისაც, რომელთაც სურვილი აქვთ დაეუფლონ პროფესიულ განათლებას და დასაქმების მოკლე გზას მიაგნონ“, – აცხადებს მამუკა ჯანჯალია.

ნონა ღუდუშაური, საზოგადოებრივ კოლეჯმერმისის“  (“პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო 2018”-ის ჯილდოს მფლობელი)  ხელმძღვანელი: „ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი, სასიკეთო და საინტერესო პროექტი გამოვიდა. თითოეული სტატია ძალიან საინტერესო იყო. მათი მეშვეობით ადამიანებმა უკეთესად გაიგეს რა შესაძლებლობები არსებობს დღეს პროფესიულ კოლეჯებში. ძალიან ბევრმა არ იცის, თუ რას წარმოადგენს დღევანდელი პროფესიული განათლება. მათ შორის არ იციან აკადემიურ წრეებშიც კი. არ აქვთ ინფორმაცია თუ როგორია პროფესიული განათლების მიმწოდებელი დაწესებულებები. ეს ძალიან გულსატკენია. ამიტომაა საჭირო ბევრი ასეთი პროექტი, რომ ადამიანებმა უკეთ გაიცნოს ეს დაწესებულებები და ადამიანები, რომლებიც აქ მუშაობენ. სამომავლოდაც სიამოვნებით ჩავერთვებით მსგავს პროექტებში. ამ თანამშრომლობით ძალიან კმაყოფილი ვარ.“

თითოეულ სტუდენტს ვურჩევ ეს შანსი გამოიყენონ

„Pankisi Camping – პანკისი ქემფინგ“ – პირველი ტურისტული–სათავგადასავლო ბანაკია პანკისის ხეობაში, რომელიც  28 წლის გოგოს ხორცშესხმული ამბიციაა. მანანა ქავთარაძე პროფესიით ეკონომისტი იყო. საქმიანობის სფეროს შეცვლა რადიკალურად 28 წლის ასაკში გადაწყვიტა, „სათავგადასავლო ტურიზმის სკოლაში“ ჩააბარა, სამთო გამყოლის ერთწლიანი პროგრამა წარმატებით გაიარა და სრულიად ინოვაციური და ამბიციური იდეა – პანკისში ტურიზმის განვითარების შესახებ, სისრულეშიც მოიყვანა. მისი წამოწყებული საქმიანობა იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ ამჟამად მანანა ბიზნეს დაჯილდოება 2018-ზე „წლის ქალი მეწარმეს“ ნომინაციაზეა წარდგენილი.

მანანა ამბობს, რომ ეს ყველაფერი არ გამოუვიდოდა რომ არა პროფესიული განათლება და ის შანსი, რომელსაც სახელმწიფო ნებისმიერ მსურველს სთავაზობს. გული სწყდება, რომ ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, რომელთაც ამ შანსის შესახებ არაფერი იციან.

„აუცილებელია რომ არსებული ინფორმაცია მივიდეს საზოგადოებამდე, ახალგაზრდებმა გააკეთონ სწორი არჩევანი. პირველ რიგში, დაფიქრდნენ იმაზე, რომ მომავალი დაგეგმონ სწორად, აკეთონ ის საქმე, რაც მოსწონთ და გამოსდით.

„რაც შეეხება სტატიებს სტუდენტებსა და კოლეჯებზე, მნიშვნელოვანია იმით, რომ მომავალი თაობისთვის ხდები მაგალითი. როდესაც კითხულობენ კონკრეტული ადამიანის ამბავს, ეს მეტ ნდობას  იწვევს და თავად გაუჩნდებათ სურვილი პროფესიულ კოლეჯში ჩაბარებისა. ამიტომაც არის ის ყველაზე სახალხო საქმე და პროექტი”, – ამბობს მანანა.

მარიამ ჩხარტიშვილი, 22 წლისაა და საზოგადოებრივ კოლეჯ „ახალი ტალღაში” ბაგა-ბაღის აღმზრდელი/პედაგოგის პროგრამაზე სწავლობს. მარიამის კოლეჯი ერთ–ერთია იმ თხუთმეტთაგან, სადაც EDU.ARIS.GE-ს მიერ შექმნილი პროგრამის „დაჩექინდი“ პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაცია მარიამისთვის იმდენად საინტერესო აღმოჩნდა, რომ იგი პლატფორმაზე დაუყოვნებლივ „დაჩექინდა“და ამით საკუთარი მონაცემები დამსაქმებლებისათვის ხელმისაწვდომი გახადა. დარწმუნებულია, რომ სწავლის დასრულების შემდეგ მისით არაერთი დამსაქმებელი დაინტერესდება.

„პროფესიული განათლება იმიტომ ავირჩიე, რომ მაინტერესებდა ეს საქმე, მინდოდა შემესწავლა და წარმატებით დავსაქმებულიყავი. მაისში სწავლას დავასრულებ და დარწმუნებული ვარ მალევე ვიშოვნი სამსახურს. ამაში დამეხმარება თქვენი პლატფორმაც, სადაც უკვე 1 თვეა „დავჩექინდი“. ეს ძალიან კარგი შესაძლებლობაა. კარგია, რომ არსებობს ერთგვარი ბაზა, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით თითოეული კოლეჯის შესახებ მოიცავს ინფორმაციას და სადაც თავმოყრილია პროფესიონალი კადრების ინფორმაცია და დამსაქმებელს თავად შეუძლია მოძებნოს იგი. თანაც დაუყოვნებლივ ვიღებ ინფორმაციას სიახლეების შესახებ. დარწმუნებული ვარ სწავლის დასრულების შემდეგ შემოთავაზებებიც მექნება. ყველას, თითოეულ სტუდენტს ვურჩევ ეს შანსი გამოიყენონ“, – ამბობს მარიამი.

EDU.ARIS.GE რჩება პროფესიული განათლების გულშემატკივრად.

პროფესიული განათლება

აღნიშნული სტატია მომზადდა ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ (ISWD) მცირე საგრანტო კონკურსის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (www.mcc.gov) მიერ. ინფორმაცია, რომელიც მოცემულია აღნიშნულ გამოცემაში არ წარმოადგენს აშშ-ის მთავრობის, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციისა და ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს პოზიციას.
დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური