GE

სად და როგორ შეიტყობენ 2017 წლის აბიტურიენტები პირველად და საბოლოო შედეგებს?

2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ბოლო საგამოცდო დღე 27 ივლისია. აბიტურიენტების ინტერესს წარმოადგენს საკითხი, თუ როდის, როგორ და რა ფორმით უნდა შეიტყონ მათ თავიანთი პირველადი და საბოლოო შედეგები, ინფორმაცია გრანტისა და ჩარიცხვების შესახებ.

როგორც EDU.ARIS.GE-მ გამოცდების ცენტრის დახმარებით გაარკვია, აბიტურიენტების ნაშრომების გასწორების პროცესის დასრულების შემდგომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე განთავსდება ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგები – აბიტურიენტების მიერ თითოეულ გამოცდაში მიღებული ნედლი ქულა. ყველა აბიტურიენტს ექნება შესაძლებლობა, ნახოს პასუხების ფურცლები, რომლებიც განთავსდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე. აბიტურიენტი სპეციალური საძიებო სისტემის მეშვეობით – საიდენტიფიკაციო ნომრის მითითებით, შეძლებს იხილოს და ამობეჭდოს პასუხების ფურცლის ასლი სასურველ საგანში.

საბოლოო შედეგები – პროცესი, როდესაც გამოცხადდება ინფორმაცია აბიტურიენტის მიერ სწავლის გაგრძელების უფლების მოპოვების შესახებ:

სააპელაციო კომისიის მიერ აბიტურიენტთა საპრეტენზიო განაცხადების განხილვის დასრულების შემდეგ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გამოაქვეყნებს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებს. შედეგების გაცნობა შესაძლებელი იქნება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე.

აბიტურიენტები ინფორმაციას ჩარიცხვებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების შესახებ შეიტყობენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე (www.naec.gov.ge; online.naec.ge ), ასევე მოკლე ტექსტური შეტყობინებებით, რომელიც გათვლილი იქნება საქართველოში არსებული ნებისმიერი ქსელის აბონენტისთვის. (მოკლე ტექსტური შეტყობინების სპეციალური კოდი გამოქვეყნდება წინმსწრებად.)

ჩარიცხულთა სიების გამოქვეყნება –  ჩარიცხვების განხორციელების შემდეგ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი ამტკიცებს იმ აბიტურიენტთა სიას, რომლებმაც სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვეს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. ჩარიცხულთა სიაში მითითებული იქნება ინფორმაცია სახელმწიფო დაფინანსების მოპოვების შესახებ. საბოლოო სია იმ აბიტურიენტებისა, რომლებმაც მოიპოვეს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების უფლება, განთავსდება ცენტრის ვებ-გვერდზე და დაიგზავნება შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. გაგზავნილი სიისა და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი ატესტატის (ან მასთან გათანაბრებული საბუთის), აგრეთვე, სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირის მიერ სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე, აბიტურიენტი აფორმებს ხელშეკრულებას შესაბამის უმაღლეს სასწავლებელთან. ხელშეკრულების გაფორმებით სრულდება უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვის პროცესი.

პროცესი აგვისტოს ბოლომდე უნდა დასრულდეს.

ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური