სადავო თუ შეცდომა – ინგლისური ენის სპეციალისტები გამოცდების ცენტრს არ ეთანხმებიან
აბიტურიენტები აბსოლუტურად მართლები არიან, გამოცდების ცენტრმა შეცდომა დაუშვა – ასეთია ინგლისური ენის სპეციალისტების ნაწილის შეფასება ერთიანი ეროვნული გამოცდების ინგლისური ენის მეოთხე ვარიანტის ერთი–ერთ დავალებასთან დაკავშირებით. მათი თქმით, ტესტში შეცდომაა და ცენტრს ჯიუტად არ უნდა ამის აღიარება.
მეორე ნაწილი კი ამბობს, რომ საკითხი სადავოა და ორივე მხარის არგუმენტებს აქვს არსებობის უფლება.
როგორც მოგეხსენებათ, ტესტში არსებული ხარვეზის შესახებ EDU.ARIS.GE-ს აბიტურიენტებმა მისწერეს და დახმარება სთხოვეს. მათი თქმით, სწორად გაცემულ პასუხს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი არასწორად უთვლის. ამის შესახებ ისინი აპელაციის გამოცხადების შემდეგ საჩივრის შეტანასაც გეგმავენ, თუმცა როგორც ინგლისური ენის ჯგუფის ხელმძღვანელმა რუსუდან ტყემალაძემ ჩვეთან საუბრისას განაცხადა, ამას აზრი არ ექნება. მისი მტკიცებით, ტესტში არანაირი შეცდომა არაა.
ამ თემაზე დაწერილ სტატიას საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. პედაგოგების ნაწილი გვწერდა, რომ ტესტში მართლაცაა შეცდომა. EDU.ARIS.GE საუკეთესო სპეციალისტებს დაუკავშირდა, რომელთა კომპეტენციაც ეჭვგარეშეა და დავალება გააცნო. ჩვენმა ერთ–ერთმა რესპონდენტმა ვინაობის დამალვა ობიექტური მიზეზების გამო გვთხოვა. მისი თქმით, აბიტურიენტებმა ბრძოლა არ უნდა შეწყვიტონ, რადგან მართლები არიან.
„ტექსტში წერია, რომ თითქმის არავის გაუკეთებია იმდენი საქმე, რაც პიკასომ გააკეთა. გამოყენებულია სიტყვა Hardly any, რაც ქართულად “თითქმის არც ერთ”-ს ნიშნავს. თითქმის-ში იგულისხმება, რომ შესაძლოა ერთმა მაინც გააკეთა იმდენი საქმე, რაც პიკასომ. ანუ, იგი კატეგორიულად არც ერთს არ ნიშნავს. პასუხში კი კატეგორიულად და გადაჭრით წერია, რომ არავის გაუკეთებია. სიტყვა „თითქმის“ გამორიცხავს კატეგორიულობას, რაც პასუხშია მოცემული. აქ Hardly any-ს სინონიმად გამოიყენეს „არც ერთი“, – რაც არასწორია.
„მე რომ გითხრათ ფული თითქმის არ მაქვს მეთქი, რას იფიქრებთ, იმას, რომ კაპიკი არ მაბადია? თუ იმას, რომ რაღაც გროშები კიდევ შემომრჩა? აქედან გამომდინარე, გამოდის, რომ ეს პასუხი შეცდომაა. ანუ, აბიტურიენტები მართლები არიან. ეს დარღვევაა. ვეთანხმები და ვუერთდები ბავშვების აღშფოთებას.
„ეტყობა, ქალბატონ რუსუდან ტყემალაძეს არ ესმის, ან არ უნდა გაიგოს პრინციპული სხვაობა ამ ორ სიტყვას შორის. თარგმნონ ზუსტად ქართულად და მიხვდებიან,“ – ამბობს ინგლისური ენის სპეციალისტი.
მისივე თქმით, აღნიშნული ტექსტი აბიტურიენტებისათვის ძალიან რთულია. ამბობს, რომ მისი სტრუქტურის სირთულე სცდება იმ დონეს, რასაც აბიტურიენტებს სთხოვენ. განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა სკოლებში უცხო ენის სწავლება ძალიან დაბალ დონეზეა.
„სკოლებიდან ჩემთან მოდიან ბავშვები, რომლებმაც წერა-კითხვა ძლივს იციან. იმათ რომ upper-intermediate-ს დონის ტექსტს დაუდებ, სადიზმია. ჯერ სკოლებში მოაგვარონ სიტუაცია და მერე დაუდონ ბავშვებს ასეთი ჩახლართული ტექსტები, თავადაც რომ ვერ არკვევენ ბოლომდე,“ – დასძენს ის.
ამავე საკითხზე გავესაუბრეთ სკოლა „ალბიონის“ ერთ-ერთ წამყვან მასწავლებელ მაკა ბოხოჩაძესაც. იგი ამბობს, რომ საკითხი სადავოა და რომ ლოგიკა, რომლითაც აბიტურიენტებმა იხელმძღვანელეს, გამართლებულია. თუმცა, ნაეკის პოზიციასაც არ მიიჩნევს ცალსახად მცდარად.
„ზმნიზედა hardly უარყოფითი კონტექსტის სიტყვაა (hardly=almost not), ქართულად თარგმნიან ხოლმე, როგორც – „ძლივს“, „თითქმის არ“. სწორედ თარგმნის გამო შეიძლება გვეგონოს, რომ მოცემულ სიტუაციაში წინადადებები: “Hardly had any other artist of his time created as many works” და “No other artist has pointed as many pictures of Picasso” არ არის იდენტური კონტექსტის. თუმცა სიტყვის ეტიმოლოგიიდან გამომდინარე, რადგან სიტყვა „Hardly“ უარყოფითი შინაარსისაა, ზემოხსენებული წინადადებები ერთი და იგივეა,“ – ამბობს იგი.
არის თუ არა შეცდომა ინგლისური ენის ტესტის პასუხებში – “ნაეკის” პასუხი აბიტურიენტებს
აბიტურიენტთა ინგლისურის გამოცდის ტესტის სწორი პასუხები ვარიანტების მიხედვით – გამოცდები 2017
გამოცდაზე გამოყენებული ტესტები 2017
მოამზადა თაკო მათეშვილმა
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება