საჯარო სკოლას ბუფეტის გამო, შესაძლოა სასამართლო დავა დასჭირდეს
ბავშვის კვება სკოლაში, ჩვენს ქვეყანაში, წლებია პრობლემური საკითხია. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო გარკვეულ ზომებს მიმართავს, სასწავლო დაწესებულების ბუფეტი პოპულარული და უსაფრთხო მაინც ვერ გახდა. გარდა ამისა, სკოლებს არაკეთილსინდისიერ კვების კომპანიებთან უთიერთობის გასაწყვეტად, ბიუროკრატიული პროცედურების გამო, თვეები სჭირდებათ და ფინანსურად ზარალდებიან.
ერთ-ერთი მაგალითია თბილისის 55-ე საჯარო სკოლა, რომელმაც კერძო კომპანიისგან 7000 ლარამდე ზარალი მიიღო. დირექტორი ამბობს, რომ გასულ წელს, აუქციონში გამარჯვბეულმა კომპანიამ, რომელსაც ბუფეტში გარკვეული სარემონტო სამუშაოები უნდა შეესრულებინა და კვების პროდუქტებიც შეეტანა, ვალდებულებები ვერ შეასრულა. სკოლის ადმინისტრაციას რადენიმე თვე დასჭირდა, რომ სხვადასახვა უწყებებისგან, ჯერ აუქციონის შედეგების გასაუქმებლად თანხმობა მიეღო, შემდეგ კი ხელახალი აუქციონი გამოეცხადებინა.
ადმინისტრაციასა და კომპანიას შორის დაწყებული დავის გამო, სკოლის ბუფეტი რამდენიმე თვის მანძილზე დახურული იყო, მოსწავლეებს კი სკოლის ტერიტორიის დატოვების გარეშე კვება არ შეეძლოთ.
ჩვენ ვესაუბრეთ რამდენიმე მოსწავლეს, რომელთა ნაწილმაც გვითხრა, რომ არც აინტერესებთ და არც სარგებლობენ სკოლის ბუფეტით. ერთ-ერთი მოსწავლის განცხადებით კი იქ უხარისხო პროდუქცია იყიდებოდა „მაკარონიანი ხაჭაპურები იყო, ამბობენ რომ გამყიდველს უჩივლესო და ახლა დახურულია. სახლიდან მომაქვს ხოლმე საკვები და იმას მივირთმევ“, – უთხრა მან EDU.ARIS.GE-ს. ერთ-ერთი მშობლის თქმით კი, რამდენიე წლის წინ, როცა გამოტანილ პროდუქციას შეხედა, მის მერე არც მას და არც ბავშვს, ბუფეტისკენ არ გაუხედავთ.
სკოლის დირექტორი მაია აბრამიძე ამბობს, რომ მაკარონიანი ხაჭაპურის შესახებ მასთან ინფორმაცია არ შესულა. მისივე თქმით, ძველი კომპანია სურსათის ეროვნული სააგენტოს მოთხოვნებს ასე თუ ისე იცავდა, მაგრამ ხარისიხი, რასაც ელოდნენ, ნამდვილად არ იყო.
„ჩვენთან იყო ერთ-ერთი კომპანია ოთხწლიანი ხელშეკრულებით 2016 წლის სექტემბერში გაუვიდა ვადა და ახალი კომპანია ჩვეულებრივად, როგორც ყველგან, აუქციონით შემოვიდა. ჩვენს შორის გაფორმდა ხელშეკრულება. მათ კოსმეტიკური სამუშაოები უნდა შეესრულებინათ და მომსახურების სრულ პაკეტსაც თავის თავზე იღებდნენ. ჩაატარეს ეს სამუშაოები, თუმცა ბუფეტში რაღაც ახალი გარემო ვერ შექმნეს. პროდუქციაც შემოიტანეს, სამი თვის მანძილზე იმუშავეს. ვერ გეტყვით, რომ კმაყოფილები ვიყავით, მაკარონიანი ხაჭაპური ნამდვილად არ ყოფილა, უბრალოდ არ იყო ის დონე, რასაც ხელშეკრულებით ვითხოვდით. ძალიან ცნობილი კომპანიაა და კოლეგიალობის პრინციპიდან გამომდინარე არ მინდა დავასახელო. გარდა იმისა, რომ უკმაყოფილოები დავრჩით ხარისხით, მათ ფინანსური ვალდებულებებიც ვერ შეასრულეს“,– ამბობს დირექტორი.
აღნიშნულის გათვალისწინებით, როგორც ირკვევა, სკოლის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა არაკეთილსინდისიერ კომპანიასთან თანამშრომლობა გაეწყვიტა, თუმცა სწორედ აქ ჩნდება სკოლისთვის ბიუროკრატიული დაბრკოლებები, რაც ცალსახად ახანგრძლივებს სკოლაში ბუფტის არარსებობის პერიოდს.
ხელშეკრულების შეწყვეტისთვის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან ახალი თანხმობაა საჭირო, შემდეგ კი ქონების მართვის სააგენტოს ნებართვა ახალ აუქციონზე.
„მეორე საკითხია საგადასახადო ვალდებულებების შეუსრულებლობა. აქ უკვე სამთვიანი ვადა გვაქვს. თუ მოიჯარე თანხას არ გადაიხდის, გაფრთხილებას ვაძლევთ. სწორედ სამი თვის თავზე ცალმხრივად შევწყვიტეთ მათთან ურთიერთობა. ჯამში სკოლამ 7000 ლარამდე ზარალი მიიღო. ამჟამად მათთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ვალის გადანაწილებაზე. თუ უარს იტყვიან, მოგვიწევს სასამართლოს მივმართოთ. ზოგადად ეს პროცედურები არის სტანდარტული, არ გვაქვს უფლება ეთჯერადი გზით ხელშეკრულება დავდოთ კომპანიასთან, ამიტომ ეს ყველაფერი დროში იწელება“, – ამბობს მაია აბრამიძე.
კითხვაზე, დაზარალდა თუ არა იმავე კომპანიის არაკეთილსინდისიერი მუშაობის გამო სხვა სკოლები პასუხის მოძიება კომპანიის სახელწოდების არგამჟღავნების გამო ვერ ხერხდება, თუმცა ერთი სკოლის მაგალითით, სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს შეუძლიათ მარტივად გამოიტანონ დასკვნები და მოსწავლეების ინტერესები და თავიანთი თავი შეძლებისდაგვარად დააზღვიონ.
უცნობია იღებენ თუ არა რეკომენდაციებს სკოლები იმის თაობაზე, რომელი კომპანია შეუშვან სკოლაში და არსებობს თუ არა ე.წ პრივილეგირებული კომპანიები. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ასეთი პასუხი აქვს, რომ საჯარო სკოლები ფართებს გასცემენ იჯარით და ამის შემდეგ სურსათის ხარისხზე პასუხისმგებელი თავად კომპანიაა, რომელსაც „სურსათის უვნებლობის სააგენტო“ აკონტროლებს. რაც შეეხება ხელშეკრულების დამრღვევ მოიჯარეებს, სამინისტროში მიესალმებიან, რომ სკოლებმა მათთან ურთიერთობა შეწყვიტონ.
ბოლოს გამართულ აუქციონზე, 55-ე საჯარო სკოლის ბუფეტის ყოველთვიური იჯარის თანხამ 1600 ლარი შეადგინა, გამარჯვებული კომპანია მუშობას უკვე იწყებს. კვების ობიექტის გახსნა ამ დღეებში იგეგმება, თუმცა ჯერ-ჯერობით უცნობია, რამდენად მოიპოვბს ის პოპულარობას მოსწავლეებსა და მშობლებში.
სკოლის ადმინისტრაციას კი ბევრი დრო და პროცედურა აქვს დარჩენილი რომ კუთვნილი 7000 ლარი დაიბრუნოს.
სკოლის ბუფეტები – ბიზნესი მოსწავლეების ჯანმრთელობის ხარჯზე
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება