GE

საჯარო სკოლების ყველა კლასისთვის პროგრამა TEAMS-ში ვირტუალური საკლასო ოთახების შექმნაზე მუშაობა მიმდინარეობს

„მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს საჯარო სკოლების ყველა კლასისთვის პროგრამა TEAMS-ში ვირტუალური საკლასო ოთახების შექმნაზე“, – ამის შესახებ საქართველოს საჯარო სკოლებისთვის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ 18 მარტს გაგზავნილ წერილშია საუბარი, რომელიც განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ არის შედგენილი.

სკოლებმა მიიღეს დამატებითი ინფორმაცია ტექნიკური მიმართულების საკითხებზე, როგორიცაა სკოლის მოსწავლეების Microsoft 365 ის ანგარიშების შესახებ, ასევე სკოლის თანამშრომელთა ანგარიშები.

„აღნიშნული საკლასო ოთახების ასახვა სისტემაში მოხდება ეტაპობრივად, რამდენიმე დღეში, მას შემდეგ, რაც მონაცემები სინქრონიზდება Microsoft-ის ღრუბლოვან სისტემაში“, – ვკითხულობთ წერილში.

სკოლებს ასევე უნდა გაეგზავნოთ განახლებული პაროლები, (რადგან მასწავლებლების თქმით პაროლები არეული იყო და ვერ იყენებდნენ) და ეს პროცესიც, როგორც წერილი გვეუბნება დაწყებულია.

განახლებული ინფორმაციით, იმ საჯარო სკოლებმა, რომლებიც გადაწყვეტენ Microsoft office 365-ის პროდუქტების გამოყენებას სასკოლო საზოგადოებასთან კომუნიკაციისა და დისტანციური სწავლა-სწავლების პროცესის ხელშეწყობის მიზნით, მიიღეს რეკომენდაციები სკოლაში გამოყონ თანამშრომლები ან/და მაღალი კლასის მოსწავლეები, რომლებიც კარგად ფლობენ ტექნოლოგიებს და დისტანციურად შეძლებენ კონსულტაციების გაცემას.

იმ შემთხვევაში თუ ისინი ვერ ახერხებენ რიგ საკითხებთან დაკავშირებით სრულყოფილი კონსულტაციის გაცემას, რაიონის მასშტაბით მობილიზებული არიან მოხალისეები (ზოგადი განათლების რეფორმის პროექტის “ახალი სკოლის მოდელის” ტექნოლოგიების ექსპერტები), რომლებიც პროგრამა TEAMS-ის საშუალებით უპასუხებენ დასმულ შეკითხვებს და გასცემენ კონსულტაციებს Microsoft Office 365-ის პროდუქტებთან დაკავშირებით.

აღნიშნული მოხალისეები თავად შექმნიან TEAMS-ში ვირტუალურ საკონსულტაციო სივრცეს, რომლის ბმულიც რესურსცენტრების საშუალებით გაზიარდება სკოლებში დღეს დღის ბოლომდე. აღნიშნული ბმულის საშუალებით სკოლაში იდენტიფიცირებული პირები (სკოლის თანამშრომლები/მაღალი კლასის მოსწავლეები) შეძლებენ საკონსულტაციო სერვისის მიღებას.

600 000-ზე მეტ მოსწავლესა და 55 000-მდე მასწავლებელს სპეციალური პროფილები უკვე გააქტიურებული აქვთ და შესაძლებლობა ექნებათ სრულყოფილად ისარგებლონ შეთავაზებული ონლაინ ინსტრუმენტებით – Microsoft office 365- ით, რომელიც აერთიანებს Microsoft TEAMS, OneNote-ს და სხვა

„როგორც მოგეხსენებათ, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს გაუზიარა პირველადი რეკომენდაციები, რომლის ფარგლებშიც ერთ-ერთ რეკომენდაციას წარმოადგენს Microsoft office 365-ის პროდუქტების საკომუნიკაციო არხებად გამოყენება (მათ შორის სურვილის შემთხვევაში დისტანციური სწავლა-სწავლების პროცესში).

ასევე, სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ (EMIS) თითოეულ სკოლას გაუგზავნა სკოლის ადმინისტრაციის, მასწავლებლებისა და მოსწავლეების მომხმარებლის პროფილები (user) და ერთჯერადი პაროლები, რომლის მეშვეობითაც შეეძლებათ Office 365 ის შემდეგ პროგრამებში ავტორიზება (შესვლა):  Email, Microsoft Teams, Class Notebook, PowerPoint, Forms, OneDrive  და ა.შ.

სკოლებს ასევე გამოგეგზავნათ დამატებითი ინსტრუქცია სისტემაში მომხმარებლის პროფილის გააქტიურებასა და ასევე რეკომენდებული პროდუქტების საგანმანათლებლო მიზნებისთვის გამოყენებასთან დაკავშირებით.

რომლის ნახვა ასევე შესაძლებელია email.mes.gov.ge ინსტრუქციების განყოფილებაში“, – ვკითხულობთ თბილისის ერთ-ერთი სკოლისთვის გაგზავნილ წერილში.

ამავე თემაზე:

სამინისტროს 17 მარტის დამატებითი ინსტრუქციები სკოლებს დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებით

განათლების სამინისტროს ახალი ინსტრუქცია სკოლებსა და მშობლებს და ელექტრონული რესურსები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური