საჯარო სკოლის დირექტორის ან მოვალეობის შემსრულებლის ვალდებულებები ელექტრონულ ჟურნალში – აქტივობების სია
2026-2027 სასწავლო წლის დაწყებამდე ელექტრონული ჟურნალის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებილების ელექტრონული ჟურნალის წარმოების განახლებული წესი დამტკიცდა.
განათლების მინისტრ გივი მიქანაძის 11 აგვისტოს ბრძანებაში გაწერილია სკოლის რომელი რგოლი რა ვალდებულებებითა და უფლებებით არის აღჭურვილი ელექტრონულ ჟურნალზე მუშაობის პროცესში და რა კონკრეტული აქტივობები რა ვადებში უნდა განხორციელდეს.
EDU.ARIS.GE წარმოგიდგენთ სკოლის დირექტორის ან სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ ელექტრონულ ჟურნალში განსახორციელებელი აქტივობების ჩამონათვალს:
1. საჯარო სკოლის დირექტორი/დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ვალდებულია ამ წესის შესაბამისად განახორციელოს ელექტრონული ჟურნალის წარმოების მონიტორინგი და დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში უზრუნველყოს მისი გამოსწორება.
2. საჯარო სკოლის დირექტორი/დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ვალდებულია ამ წესის მე-9 მუხლის მე-4, მე-8, მე-16, მე-17 და 21-ე და 22-ე პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ელექტრონული ჟურნალის მოთხოვნების მოდულში დაადასტუროს ან უარყოს მასწავლებლის მოთხოვნა.
3. სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული წესის შესაბამისად, საჯარო სკოლის დირექტორი/დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ვალდებულია ელექტრონული ჟურნალის გამოცდების მოდულში:
ა) კლასს აუსახოს (ჩაუნიშნოს) საგნის წლიური გამოცდა, რა დროსაც უნდა მიუთითოს აღნიშნულ გამოცდაზე მიღებულმა შეფასებამ უნდა იქონიოს თუ არა გავლენა საგნის წლიურ შეფასებაზე;
ბ) მოსწავლეს ჩაუნიშნოს საგნის სემესტრული გამოცდა;
გ) მოსწავლეს ჩაუნიშნოს საგნის საშემოდგომო გამოცდა;
დ) მოსწავლეს ჩაუნიშნოს საგნის ექსტერნატის გამოცდა (30%-იანი გაცდენის შემთხვევაში);
ე) მოსწავლეს ჩაუნიშნოს შესაბამისი საგნის/საგნების ექსტერნატის გამოცდა;
ვ) მოსწავლეს ჩაუნიშნოს სხვა აქტივობა.
4. საჯარო სკოლის დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ მოსწავლისათვის შესაბამის საგანში/საგნებში ელექტრონულ ჟურნალში ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სხვა აქტივობის ასახვის (ჩანიშვნის) შემთხვევაში, მან უნდა მიუთითოს:
ა) აქტივობის დასახელება;
ბ) შეფასების ტიპი (განმსაზღვრელი/განმავითარებელი);
გ) აღნიშნული აქტივობის შეფასება (განმსაზღვრელის შემთხვევაში) ასახული უნდა იქნეს თუ არა მოსწავლის სემესტრული შეფასების დათვლის მიზნებისათვის შეფასების სხვა კომპონენტებთან ერთად;
დ) აღნიშნული აქტივობის შეფასება (განმსაზღვრელის შემთხვევაში) უნდა გახდეს თუ არა მოსწავლის სემესტრული შეფასება;
ე) აღნიშნული აქტივობის შეფასება (განმსაზღვრელის შემთხვევაში) უნდა გახდეს თუ არა მოსწავლის წლიური შეფასება.
5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გამოცდების/სხვა აქტივობის ელექტრონულ ჟურნალში შეცვლის ან წაშლის უფლება გააჩნია საჯარო სკოლის დირექტორს/დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს;
6. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გამოცდების/სხვა აქტივობის შედეგების (შეფასების) ელექტრონულ ჟურნალში ასახვის უფლებამოსილება გააჩნია საჯარო სკოლის დირექტორს/დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შედეგების (შეფასების) ელექტრონულ ჟურნალში არასწორად ასახვის შემთხვევაში, საჯარო სკოლის დირექტორი/დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი უფლებამოსილია ელექტრონულ ჟურნალში შესაბამისი დასაბუთებით (კომენტარის სახით) განახორციელოს მისი შეცვლა შედეგების (შეფასების) ასახვიდან 8 კალენდარული დღის ვადაში.
8. საჯარო სკოლის დირექტორი/დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ამ წესის მე-9 მუხლის მე-19 პუნქტით გათვალისწინებული ჟურნალის დადასტურებამდე, უფლებამოსილია ელექტრონულ ჟურნალში მოსწავლეს აუსახოს (მოუნიშნოს) შესაბამისი პერიოდის გაცდენების საპატიოდ ჩათვლა.
9. მოსწავლის მიერ უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შემთხვევაში, საჯარო სკოლის დირექტორი/დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ვალდებულია ელექტრონულ ჟურნალში ასახოს ინდივიდუალური სასწავლო გეგმით ან ექსტერნატის გამოცდით დაძლეული იმ კლასის წინმსწრები კლასის/კლასების შესაბამისი საგნის/საგნების სემესტრული ან წლიური შეფასება/შეფასებები, რომელ კლასშიც განხორციელდა მისი ჩარიცხვა.
10. მოსწავლის მიერ მობილობის უფლებით სარგებლობის ან ამავე საჯარო სკოლის პარალელურ კლასში გადასვლის შემთხვევაში, საჯარო სკოლის დირექტორი/დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ვალდებულია აცნობოს შესაბამისი მოსწავლის ყველა მასწავლებელს/სპეციალურ მასწავლებელს აღნიშნულის თაობაზე და უზრუნველყოს მათ მიერ ელექტრონულ ჟურნალში განსახორციელებელი აქტივობების დროული შესრულება.
11. კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან საჯარო სკოლაში მოსწავლის მიერ მობილობის უფლებით სარგებლობის შემთხვევაში, საჯარო სკოლის დირექტორი/დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი/დამრიგებელი ვალდებულია ელექტრონულ ჟურნალში ასახოს:
ა) მიმდინარე სემესტრში მოსწავლის მიერ გავლილი ყველა საგნის შეფასებებისა (ყველა იმ კომპონენტში, რომელიც მონაწილეობას იღებს სემესტრული შეფასების დათვლაში) და გაცდენების შესახებ ინფორმაცია, იმ შემთხვევაში, თუ მობილობა ხორციელდება მიმდინარე სასწავლო წლის პირველი სემესტრის განმავლობაში. გარდა ამისა, შესაბამისი საფეხურის (რომელ საფეხურზეც განხორციელდა მობილობა) მანძილზე გავლილ საგნებში გამოთვლილი წლიური შეფასებები;
ბ) მიმდინარე სემესტრში მის მიერ გავლილი ყველა საგნის შეფასებებისა (ყველა იმ კომპონენტში, რომელიც მონაწილეობას იღებს სემესტრული შეფასების დათვლაში) და გაცდენების შესახებ ინფორმაცია, თუ მობილობა ხორციელდება მიმდინარე სასწავლო წლის მეორე სემესტრის განმავლობაში. გარდა ამისა, პირველ სემესტრში გავლილ საგნებში გამოთვლილი სემესტრული შეფასებები და გაცდენების შესახებ ინფორმაცია, ასევე – შესაბამის საფეხურზე (რომელ საფეხურზეც განხორციელდა მობილობა) გავლილ საგნებში გამოთვლილი წლიური შეფასებები;
გ) პირველ სემესტრში მის მიერ გავლილი ყველა საგნის სემესტრული შეფასებებისა და გაცდენების შესახებ ინფორმაცია, თუ მობილობა ხორციელდება მიმდინარე სასწავლო წლის პირველი სემესტრის დასრულების შემდეგ, მაგრამ მეორე სემესტრის დაწყებამდე. გარდა ამისა, შესაბამის საფეხურზე (რომელ საფეხურზეც ხორციელდება მობილობა) გავლილ საგნებში გამოთვლილი წლიური შეფასებები.
12. საჯარო სკოლის დირექტორი/დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი უფლებამოსილია მოსწავლის ჯანმრთელობის გაუარესებისა ან სხვა საპატიო მიზეზის არსებობის შემთხვევაში მისი სასწავლო პროცესიდან გათავისუფლების შემთხვევაში იმავე დღეს, ელექტრონულ ჟურნალში შექმნას „საშვი“, სადაც უნდა მიუთითოს სასწავლო პროცესიდან გათავისუფლების მიზეზი. „საშვის“ შექმნის შესახებ ინფორმაცია ელექტრონულ ჟურნალში ეგზავნება მოსწავლეს, მშობელს, კლასის დამრიგებელს, ხოლო მანდატურს/ მანდატურებს/უფლებამოსილ პირს ელექტრონული სისტემის erofficers.emis.ge-ს მეშვეობით.
13. დირექტორი/დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ვალდებულია ელექტრონულ ჟურნალში მანდატურის სამსახურის ელექტრონული სისტემიდან შემოსულ დარღვევის აღრიცხვის ფურცელზე მოახდინოს რეაგირება და ელექტრონულ ჟურნალში ღონისძიების განხორციელებიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა ასახოს რეაგირების დოკუმენტი.
14. საჯარო სკოლის დირექტორი/დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი უფლებამოსილია, ელექტრონული ჟურნალის „ჩატის“ მოდულიდან გაუგზავნოს შეტყობინება მასწავლებელს, საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილეს, მოსწავლეს და/ან მშობელს.
15. საჯარო სკოლის დირექტორი/დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი უფლებამოსილია ამ მუხლით მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობები დააკისროს დირექტორის მოადგილეს ან ადმინისტრატორს, გარდა ამ მუხლის მე-13 პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილებისა.
ასევე იხილეთ:
-
სასკოლო ფორმის ნებაყოფლობითობის შესახებ – „აუცილებელია, ეს ინფორმაცია განათლების სამინისტრომ საჯაროდ წარმოადგინოს“
by განათლებული ბლოგი
-
„ახალი სასკოლო წიგნების სარჩევი მაინც გამოაქვეყნეთ!“ – რა პასუხი აქვს განათლების სამინისტროს მე-5, მე-7 და მე-10 კლასების პროგრამის გასაიდუმლოებაზე
by ARIS.GE-განათლება
-
გამოქვეყნდა შედეგები და სწორი პასუხები მასწავლებლის გამოცდების ზოგიერთ საგანში – გამოცდები 2026
by სიახლეები პედაგოგთა გამოცდებზე