GE

„საგანის „მე და საზოგადოება“ დანერგვა არც ერთ სკოლაში არ დაწყებულა“ – ლია გიგაური

განათლების მინისტრის მოადგილის, ლია გიგაურის თქმით, მცდარია  ინფორმაცია, თითქოს სკოლებში საგან „მე და საზოგადოებას“ პილოტირება დაიწყო. მისი განცხადებით, დაიწყო არა საგნის, არამედ ცალკეული სტანდარტების პილოტირება. ეს კი, სკოლებს მეტ თავისუფლებას აძლევს.

რაც შეეხება საგნის პილოტირებას, გიგაურის თქმით ამისათვის ბევრად საფუძვლიანი მომზადებაა საჭირო. ხოლო, როდესაც ყველაფერი, და პირველ რიგში, სახელმძღვანელო მზად იქნება, „მე და საზოგადოება“ თითოეულ სკოლაში სავალდებულო საგნად შევა.

„საგან „მე და საზოგადოების“ დანერგვა არც ერთ სკოლაში არ დაწყებულა. დაიწყო „მე და საზოგადოების“ ცალკეული სტანდარტის პილოტირება. ეს იმას ნიშნავს, რომ პროცესში ჩართულ თითოეულ სკოლას აქვს საშუალება სტანდარტის შესაბამისად თვითონ შექმნას რესურსები და სხვადასხვა საკითხები შეიტანოს დამატებით გაკვეთილებზე, პრაქტიკაში ნახოს თუ რამდენად მიღწევადია სხვადასხვა აქტივობების საშუალებით  სტანდარტით განსაზღვრული შედეგები.

„საგნის პილოტირებას ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგანმანათლებლო რესურსები სჭირდება, როგორიც არის  სახელმძღვანელო, ასევე სხვა დამატებითი რესურსები, მათ შორის ელექტრონული, დანერგვისთვის ასევე საჭიროა მასწავლებლების წინასწარ მომზადება-გადამზადება.

„საგნის დანერგვას დავიწყებთ სავალდებულო რეჟიმში, მას შემდეგ, რაც უკვე მზად ვიქნებით – გვექნება ყველა ტიპის რესურსი, რაც საგნის დანერგვას სჭირდება, მომზადებული იქნებიან მასწავლებლები. ანუ, 2018-2019 სასწავლო წლიდან, როდესაც ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა დაიწყება,“ – განაცხადა მან.

EDU.ARIS.GE-ს კითხვაზე, თუ რა აჩვენა ამ ეტაპისათვის სტანდარტების პილოტირებამ და გამოთქვამენ თუ არა მშობლები უკმაყოფილებას, მინისტრის მოადგილემ შემდეგნაირად გვიპასუხა.

„სტანდარტების პილოტირება ჯერ არ დასრულებულა. გაკვეთილებზე და მიღწეულ შედეგებზე მუდმივი მონიტორინგი ხორციელდება. პროექტში  მხოლოდ 15 სკოლის ის კლასები და  მასწავლებლები არიან ჩართული,  რომელთაც მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს. მას შემდეგ, რაც პილოტირება დასრულდება, თუ სტანდარტების გადახედვა გახდება საჭირო, ჩვენ გვაქვს მზაობა, საჭიროების შემთხვევაში  ეროვნულ სასწავლო გეგმაში შესაბამისი საგნის სტანდარტების ან რეკომენდირებული თემატიკის კორექტირება მოვახდინოთ,“ – აღნიშნა ლია გიგაურმა EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ „მე და საზოგადოების“ გაკვეთილები რამდენიმე სკოლაში ორიოდე კვირის წინ მშობლების თანდასწრებით დაიწყო.

რას ასწავლის და რა საკითხებს უნდა ფლობდეს მოსწავლე საგნის ”მე და საზოგადოება” დასრულების შემდეგ

საგანი “მე და საზოგადოება” და იწილო-ბიწილო

მოამზადა თაკო მათეშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური