სახელფასო მატება და დანიშვნა კონკურსის წესით – საგანმანათლებლო რესურსცენტრების უფროსები საჯარო მოხელეები გახდებიან
საქართველოს პარლამენტში ორი სხვადასხვა კანონის პროექტი განიხილება, რომლის მიღების შემთხვევაში, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსებიც (როგორც სხვა თანამშრომლები) საჯარო მოხელეები გახდებიან და მათზე გავრცელდება “საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი. გარდა ამისა, მათ გაეზრდებათ შრომის ანაზღაურება.
“ისინი გახდებიან ამ ცვლილებით საჯარო მოსამსახურეები, მათი თანამდებობა გაუთანაბრდება სამმართველოს უფროსის თანამდებობას (სისტემაში არსებული მეორად სტრუქტურულ ერთეულს ვგულისხმობ) და მათი ხელფასი გაიზრდება, რომელიც ძალიან ბევრად ჩამორჩება თუნდაც სკოლის დირეტორის ხელფასს. მათ დაახლოებით 400-დან 500 ლარამდე ემატებათ ხელფასი. ამაზე არის საუბარი. რაც შეეხება კონკურსს, ჩატარდება საჯარო სამსახურის შესახებ კანონით გათვალისწინებული წესით. რაც შეეხება კრიტერიუმებს, დადგინდება ვინ მიიღებს მონაწილეობას და გავითვალისწინებთ რა იქნება საჭირო რესურსცენტრის ხელმძღვანელისთვის, განსაკუთრებული მოთხოვნები არ იქნება”, – განაცხადა 16 ოქტომბერს გამართულ განათლების კომიტეტის სხდომაზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილმა.
EDU.ARIS.GE– კანონების პრიოექტებს გაეცნო. საინტერესო ფაქტია, რომ კანონის პროექტის თანახმად, წარმოდგენილი ცვლილებების ამოქმედებამდე დანიშნული რესურსცენტრის უფროსები ცვლილებების ამოქმედებისთანავე გადაინიშნებიან უფროსის ფუნქციათა შემსრულებლებად. ასევე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უზრუნველყოფს რესურსცენტრის უფროსების კონკურსის წესით დანიშვნას. რესურსცენტრის უფროსების კონკურსის წესით დანიშვნა კი გამოიწვევს გადანიშნული შესაბამისი რესურსცენტრის უფროსის ფუნქციათა შემსრულებლის უფლებამოსილების შეწყვეტას.
ნიშნავს, თუ არა ეს ცვლილებები საგანმანთლებლო რესურსცენტრებში დაგეგმილ საკადრო ცვლილებების დასაწყისს, უცნობია, თუმცა კანონის პროექტი ცვლილების მიზანს განსხვავებულად ხსნის.
რაც შეეხება ასეთი ცვლილების საჭიროებას და მიზეზს, როგორც კანონის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, დღეს რესურსცენტრის უფროსები არ წარმოადგენენ საჯარო მოხელეებს და აღნიშნული პირებისათვის საჯარო მოხელისათვის კანონით გათვალისწინებული კარიერული განვითარების პირობების შექმნის, მოტივაციის ამაღლების, მატერიალური კეთილდღეობის ხელშეწყობის, საჯარო სამსახურის სტაბილურობის უზრუნველყოფის, ასევე პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლების, წახალისების, ასევე, რესურსცენტრების გაძლიერების მიზნით მიზანშეწონილია, რომ რესურსცენტრის უფროსებიც გახდნენ საჯარო მოხელეები და მათზე გავრცელდეს ზემოხსენებული კანონი.
“კანონპროექტის მიღება იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, რადგან გაიზრდება საგანმანათლებლო რესურცენტრის უფროსების ხელფასი, რაც გაზრდის საშემოსავლო გადასახადის ოდენობას”, – წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილების შედეგად 70 საგანმანათლებლო
რესურსცენტრის უფროსს გაეზრდება ხელფასი. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს, 62 საგანმანათლებლო რესურსცენტრის, აჭარის
ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს
ტერიტორიული ორგანოს, 6 საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს, 2
საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსების მიდინარე პერიოდის თანამდებობრივი სარგო
შეადგენს 1,754.5 ლარს.
კანონპროექტის თანახმად, იქიდან გამომდინარე, რომ საგანმანათლებლო რესურცენტრის უფროსის ხელფასი გაიზრდება, შესაბამისად გავლენას იქონიებს, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის, ისე აჭარის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. მიმდინარე წელს რესურსცენტრის უფროსის თანამდებობრივი სარგო შეადგენს 1,754.5 ლარს, კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებების შედეგად თანამდებობრივი სარგო გაიზრდება და გახდება 2,178.0 ლარი (საბაზისო ხელფასი 1,210 ლარის 1.8 სახელფასო კოეფიციენტთან მისადაგებით).
“იმის გათვალისწინებით, რომ 2024 წლიდან თანამდებობრივი სარგო 10% იანი ზრდის შემთხვევაში განისაზღვრება 1,928.5 ლარით. ხოლო, კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილების შედეგად მათი ხელფასი 2024 წელს განისაზღვრება და გახდება 2,394.0 ლარი (საბაზისო ხელფასი 1,330 ლარის 1.8 სახელფასო კოეფიციენტთან მისადაგებით) წლიური ბიუჯეტის ზრდის ეფექტი იქნება დაახლოებით – 391.0 ათას ლარი. მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯის ზრდის წლიური მაჩვენებელი – 346.3 ათასი ლარი, ხოლო აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ხარჯის ზრდის წლიური მაჩვენებელი – 44.7 ათასი ლარი”, – ნათქვამია კანონის პროექტში.
ცვლილებები შედის „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებში.
ასევე იხილეთ:
„ფაქტობრივად, ანტიდედაენა იქნა შერჩეული და წელს ყველა პირველკლასელი ამით ისწავლის“
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება