GE

საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში ვირუსის სწრაფი გავრცელება გრძელდება – ათეულობით ბაღი, სკოლა და კლასი უკვე დახურულია

კორონავირუსის შემთხვევების სწრაფად ზრდის გამო ქვეყანაში ყოველდღიურად არაერთი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულება იხურება, ან სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადადის.

როგორც EDU.ARIS.GE-მ დღეს ბაღების მართვის სააგენტოში გაარკვია, 14 ოქტომბრის მდგომარეობით, თბილისში 186-დან უკვე 88 საბავშვო ბაღია დახურული.

ბაღები სრულად და ასევე ცალკეული ჯგუფები იხურება საქართველს სიდიდით მეორე ქალაქ ქუთაისშიც, სადაც როგორც ადგილობრივი ბაღების სააგენტო გვიხსნის, 14 ოქტომბრის მდგომარეობით, დაკეტილია 13 საბავშვო ბაღი და 6 საბავშვო ბაღის რამდენიმე ჯგუფი.

რაც შეეხება სკოლებს, ქუთაისში ონლაინ სწავლების რეჟიმზე ერთი სკოლა და 45 ცალკეული კლასი იმყოფება.

,,ქუთაისში სრულ დისტანციურ რეჟიმზე მხოლოდ ერთი, 28-ე სკოლა გადავიყვანეთ, რომელიც მცირე კონტინგენტიანია. ადგილზე კორონავირუსი რამდენიმე მოსწავლესთან ერთად პედაგოგსაც დაუდგინდა. გარდა ამისა, ქალაქში არსებული 38 საჯარო სკოლიდან სწავლების ონლაინ ფორმატზეა გადასული 45 კლასი”, – განაცხადა  EDU.ARIS.GE-თან საუბრისას ქუთაისის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მაია ცქიტიშვილმა.

რეგიონული მედიის ცნობით, 14 ოქტომბრის მდგომარეობით, კორონავირუსის შემთხვევების სწრაფად ზრდის გამო, კახეთში უკვე 7 სკოლა და 39 საბავშვო ბაღი დაიკეტა, ონლაინ სწავლების რეჟიმზე კი, 75 კლასი და ხუთი სააღმზრდელო ჯგუფი გადავიდა.

როგორც EDU.ARIS.GE-მ დღეს გაარკვია, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო დისტანციურ სწავლებაზე გადასული სკოლებისა და ცალკეული კლასების სტატისტიკას კვირაში ერთხელ გამოაქვეყნებს. დღეს კი, უქმე დღის გათვალისწინებით, მონაცემები ჯერ არ განახლებულა. სამინისტროს 11 ოქტომბრის მონაცემებით, სასკოლო სივრცეში სწავლის დაწყებიდან ერთ კვირაში დისტანციურ სწავლებას 7 სკოლა და 90 ცალკეული კლასი დაუბრუნდა.

საზოგადოებას და განსაკუთრებით საგანმანათლებლო სექტორში დასაქმებულ პირებს, ვაქცინაციისკენ მოუწოდა დღეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორთან ტედროს გებრეიესუსთან შეხვედრის შემდეგ.

“დღევანდელ დღეს ჩვენ საქართველოში 4 212 ახალი შემთხვევა აღინიშნა. ეს ნიშნავს, რომ პანდემია გრძელდება და შეიძლება რაღაც მატებაც იყოს. აცრა აუცილებელია ყველასათვის და პირველ რიგში, იმ ადამიანებისთვის, ვინც ჯანდაცვის სექტორში და სკოლებში მუშაობს, მასწავლებლებისა და სხვებისათვის. თუ გვინდა, რომ ბავშვებმა გააგრძელონ (და ყველას ეს ძალიან გვინდა) სკოლებში სიარული და არ ვიყოთ იძულებული ახალი რეგულაციები შემოვიტანოთ, აუცილებელია, რომ ჩვენ ყველა ვიყოთ პასუხისმგებელი. აცრა და პირბადე, პირბადე და აცრა!”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებებისთვის რეგულაციებში ცვლილებები არ იგეგმება და როგორც სკოლებმა, ასევე ბაღებმა შემუშავებული წესების სრული დაცვით უნდა იმუშაონ.

ასევე იხილეთ:

მასწავლებელთა ნაწილს PCR და სწრაფი ტესტის ნიმუშის აღებაში ატრენინგებენ – დეტალები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური