GE

მასწავლებელთა ნაწილს PCR და სწრაფი ტესტის ნიმუშის აღებაში ატრენინგებენ – დეტალები

11 ოქტომბერს EDU.ARIS.GE-სთვის ცნობილი გახდა, რომ პედაგოგების ნაწილს PCR და სწრაფი ანტიგენ ტესტების ნიმუშის აღებას ასწავლიან, მასწავლებლების ნაწილისთვის ტრენინგები უკვე მიმდინარეობს, ნაწილი კი თავის რიგს ელის.

საკითხზე დეტალების გარკვევისას ჩვენ ვესაუბრეთ როგორც ტრენინგის მონაწილე მასწავლებლებს, ისე ერთ-ერთი რეგიონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენელსა და სკოლის დირექტორებს.

ტრენინგის მიმდინარეობის თაობაზე ინფორმაციას გვიდასტურებს მცხეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენელი ქეთევან გოგოლაშვილი, რომელიც თავადაც მონაწილეობს სკოლის თანამშრომელთა გადამზადების პროცესში.

მისი თქმით, გადამზადების პროცესში მხოლოდ პედაგოგები არ მონაწილეობენ.

,,ჩვენმა ზემდგომმა [დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა] მოითხოვა სკოლის პედაგოგების გადამზადება. მარტო პედაგოგების არა, სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი თუ ჰყავს სკოლას, მათიც. ზოგიერთი ბიოლოგია ჩართული, ზოგი – ქიმიკოსი. ვინც სურვილი გამოთქვა“, – ამბობს ქეთევან გოგოლაშვილი.

ჩვენს კითხვაზე, კონკრეტულად რისი სწავლა უწევთ ტრენინგის მონაწილეებს, სპეციალისტი გვპასუხობს:

,,სწავლება ითვალისწინებს უშუალოდ ნიმუშის აღებას, დაცვის საშუალებები როგორ უნდა მოიხმარონ, ხალათის ჩაცმა-გახდა. ჩვენ როგორც ვიღებთ ნაცხს, იდენტურად უნდა აიღონ მათაც. უნდა აიღონ კარგად, რომ სწორი შედეგი დადონ, არ დააინფიცირონ თავიანთი თავი ნაცხის აღების დროს“.

ქეთევან გოგოლაშვილის მიერვე მოწოდებული ინფორმაციით, ტრენინგები ტექნიკურ საკითხებსაც შეეხება, რაც შესაბამის პორტალზე (კორონა ლაბი) მუშაობას, სხვადასხვა მონაცემების შეყვანასა და ანგარიშების წარდგენასაც გულისხმობს.

„სკოლებიდან ტრენინგებისთვის მასწავლებლების შერჩევა საგანმანათლებლო რესურსცენტრმა მოითხოვა“, – გვეუბნება ჩვენი კიდევ ერთი რესპონდენტი N2 საჯარო სკოლის დირექტორი ნანა ბოხუა.

„ჩემთან მოვიდა წერილი, იკითხეს, ვინ მიიღებდა ტრენინგში მონაწილეობას. ექიმი და ქიმიის მასწავლებელი ჩავსვით, მაგრამ ჯერჯერობით ტრენინგზე არ არიან დაბარებულები. რესურსცენტრიდან იყო ეს წერილი. სექტემბრის ბოლოს გვწერდნენ, რომ შესაძლოა მოხდეს ტესტირება თანამშრომლების საშუალებით”, – ამბობს EDU.ARIS.GE-სთან საუბარში სკოლის დირექტორი.

მოუწევთ თუ არა პედაგოგებს და როდიდან PCR და სწრაფი ტესტების ნიმუშების აღება სხვა პედაგოგებისთვის, ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ არსებობს. იქამდე კი, EDU.ARIS.GE ესაუბრა პედაგოგსა და ერთ-ერთი სკოლის დირექტორს, რომლებმაც ტრენინგი უკვე გაიარეს. მათ ახალი ვალდებულების შესაძლო აღება ნაკლებად სიამოვნებთ და საკითხზე შეფასებების გაკეთებას მხოლოდ ვინაობის გამხელის გარეშე დათანხმდნენ:

მასწავლებელი: ,,ტრენინგზე გვასწავლეს PCR-ის გაკეთება, როგორ უნდა ავიღოთ და ჩავატაროთ ტესტი. გვითხრეს, რომ მხოლოდ პედაგოგებისთვის გვევალება და მოსწავლეებს არ ვეხებით. არც სხვა პერსონალს.“

სკოლის დირექტორი: ,,მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგი ტრენინგი იყო, არ არის მისაღები სკოლის პედაგოგისთვის და ზედმეტი დატვირთვაა. მე მიზანშეწონილად არ მიმაჩნია. ეგ არის ჯანდაცვის საქმე. ეგ არ არის პედაგოგის საქმიანობა.“

EDU.ARIS.GE-მ საკითხის გარკვევის მიზნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსაც მიმართა. გვაინტერესებდა ვინ არის მასწავლებლების ამ მიმართულებით დატრენინგების ინიციატორი, რამ განაპირობა ასეთი გადაწყვეტილების მიღება და როდის იგეგმება გადამზადებული მასწავლებლების ტესტირების პროცესში ჩართვა. მიხეილ ჩხენკელის უწყებისგან პასუხი არ მიგვიღია, თუმცა ამ საკითხებზე გვიპასუხა მცხეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენელმა.

„ჩვენს რეგიონში ნამდვილად არ იყო ამის საჭიროება. ზოგადად, ნებისმიერი წამოწყება ერთი კონკრეტული რაიონიდან და რეგიონიდან არ მოდის. როგორც ჩანს, სხვა რეგიონებში იყო პრობლემა ამასთან დაკავშირებით. ჩვენთან, მცხეთის რაიონში, ასე რომ ვთქვათ, 10-იანზე იყო აწყობილი ეს სისტემა. იმიტომ, რომ 2 კვირაში ერთხელ სისტემატიურად იტესტებოდნენ. ახლა მიზეზი შესაძლოა ის გახდა, რომ აუცრელები კვირაში ერთხელ უნდა დაიტესტონ და უბრალოდ ჩვენ აღარ გვაქვს რესურსი რომ ყოველ კვირას ტესტირება ჩავუტაროთ, სკოლებში აუცრელების ძალიან დიდი რაოდენობაა დარჩენილი“, – განგვიცხადა ქეთევან გოგოლაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ახალი ბრძანების თანახმად, ორჯერადად აცრილ მასწავლებლები კორონავირუსზე ორ კვირაში ერთხელ PCR ტესტით შემოწმდებიან. ერთჯერადად აცრილი, ან აუცრელი მასწავლებლები კი, კვირაში ერთხელ, სწრაფი ანტიგენ ტესტით.

ამავე თემაზე:

სკოლის აუცრელი თანამშრომლები ყოველ 7 დღეში ერთხელ გაიტესტებიან – ცვლილება პრემიერის ბრძანებაში

მოამზადა ეთო მიდელაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური