„საიდან იციან, რომ სოფლის სკოლებში საფრთხე არ არის?!“ – სამინისტროს პასუხი სკოლის მოსწავლეთა მშობლებს და მათი პოზიცია
მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად დამატებითი შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც შესაბამისად საგანმანათლებლო დაწესებულებების მუშაობასაც შეეხება.
გამკაცრებული ზომების მიუხედავად, რეგიონის სკოლები კვლავ დასწრებულ რეჟიმზე აგრძელებენ სწავლებას და მათი გადასვლა დისტანციურ მოდელზე იძულებით, მას შემდეგ ხდება, რაც სკოლის თანამშრომელს, ან რომელიმე კლასის რამდენიმე მოსწავლეს კორონავირუსი უდასტურდება. ცნობილია ისიც, რომ არაერთ რეგიონში მშობლები სკოლებს განცხადებებით მიმართავენ რომ სწავლა დისტანციურად გაგრძელდეს. მსგავსი მოთხოვნები აქვთ პედაგოგებსაც, თუმცა მათი უმეტესობა ამაზე საჯაროდ საუბარს ერიდება.
როგორც EDU.ARIS.GE-ს ერთ-ერთი მშობელი უყვება, მან მიმართა სამინისტროს ცხელ ხაზს თერჯოლიდან და მისი თქმით, განათლების სამინისტროში განუცხადეს, რომ რეგიონის სკოლებისთვის არაფერი არ იცვლება, სასწავლო პროცესი დასწრებულ რეჟიმში გრძელდება და სკოლა საჭიროების შემთხვევაში, სამინისტროსთან შეთანხმებით, ინდივიდუალურად მიიღებს დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის გადაწყვეტილებას.
„რეგიონების შემთხვევაში არაფერი არ იცვლება, თუ სკოლა არ არის გადასული სამინისტროსთან შეთანხმებით დისტანციურ სწავლებაზე კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენის გამო, სწავლა ჩვეულებრივად დასწრებულ რეჟიმში გაგრძელდება. შეზღუდვა მხოლოდ ეხება დიდ ქალაქებს“, – განაცხადეს განათლების სამინისტროში.
იმ ფონზე, როდესაც პატარა რეგიონებსა და ქალაქებში კორონავირუსის შემთხვევების გამო, სკოლები ერთი მეორის მიყოლებით, სწავლების დისტანციურ ფორმაზე გადადის, მთავრობა კი შესაბამის გადაწყვეტილებას არ იღებს, მატულობს მშობლების პროტესტიც.
ანა სამხარაძე ერთ-ერთი იმ მშობელთაგანია, რომლის შვილიც ჯერ კიდევ ახერხებს სკოლაში გაკვეთილებზე დასწრებულ რეჟიმში გამოცხადდეს, თუმცა ანას მიაჩნია, რომ ვირუსის ამ მასშტაბის გავრცელების გამო, დაზღვეული არავინაა და სურს, რომ მისმა შვილმაც დისტანციურად ისწავლოს.
„დღეში უკვე ათასობით შემთხვევაა და საიდან იციან, რომ რეგიონების სკოლებში საფრთხე არ არის, ამ ლოგიკას ვერ ვხვდები. შეიძლება დისტანციური სწავლის ხარისხით კმაყოფილი არ ვიყო, ბავშვმა ის შედეგი ვერ აჩვენოს რაც საჭიროა, მაგრამ ჯანმრთელობა ამ დროს უფრო მნიშვნელოვანია ჩემთვის, როგორც მშობლისთვის. მით უფრო, რომ ოჯახში მაღალი რისკის ქვეშ მყოფი ადამიანებიც ცხოვრობენ. ამიტომ ვისურვებდი, რომ ეს შეზღუდვა რეგიონების სკოლებსაც შეეხოს“.
ნათია ფ. -ს შვილიც თერჯოლის რაიონის ერთ-ერთი სოფლის სკოლის მოსწავლეა. გუშინდელმა გადაწყვეტილებებმა დააბნია, რადგან ვერ გაარკვია როგორ გააგრძელებდა სწავლას მისი შვილი, თუმცა მასწავლებელმა როგორც განუცხადა, ჯერჯერობით მათთვის არაფერი იცვლებოდა და სკოლაში ჩვეულებრივ უნდა გამოცხადებულიყვნენ.
„ვის არ უნდა მისმა შვილმა სკოლაში იაროს, მაგრამ შექმნილმა ვითარებამ სხვა გამოსავალი არ დატოვა, ჩვენი სკოლა საკმაოდ მრავალრიცხოვანია, არავინ არ ვართ დაზღვეული რომ ვირუსი არ გავრცელდება, ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩვენი სკოლებიც ონლაინ სწავლაზე უნდა გადასულიყვნენ. ჯერ კიდევ მგონია, რომ ასეც იქნება, რადგან დადასტურებულად არ გამოუცხადებიათ, თუმცა მასწავლებელს ვესაუბრე და მითხრა, რომ სკოლაში ჩვეულ რეჟიმში უნდა გამოვცხადებულიყავით“.
ქვეყანაში ეპიდსიტუაციის დამძიმების ფონზე, ყოველდღიურად იმატებს რეგიონის სკოლების რიცხვი, რომლებიც დასწრებული სწავლებიდან დისტანციურ რეჟიმში ინაცვლებენ. ორთვიანი შეზღუდვების შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების გახმოვანების შემდეგ, იყო მოლოდინი, რომ სწავლების დისტანციური რეჟიმი მთელი ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდებოდა, თუმცა პრემიერმაც და განათლების მინისტრმაც მხოლოდ დიდ ქალაქებზე ისაუბრეს.
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება