GE

საკლასო აქტივობა ინგლისურის პედაგოგისგან მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდისათვის – „გასეირნება გალერიაში“

ავტორი: ნინო ღარიბაშვილი, სსიპ კასპის მუნიციპალიტეტის, სოფელ ნიგოზას საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი

სპეციალურად EDU.ARIS.GE-ს მკითხველისათვის:

დღეს მოსწავლის ჩართულობის გაზრდა და დაინტერესება საგაკვეთილო პროცესით, ასევე, ეფექტური სწავლა–სწავლების სტრატეგიების შერჩევა მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით, მაინც დაბრკოლებად რჩება. ამიტომ, მნიშვნელოვანია ისეთი აქტივობების მოფიქრება, რაც მათ გაუზრდის ინტერესს, აუმაღლებს მოტივაციას და ხალისით, ყოველგვარი დაძაბულობის და სტრესის გარეშე აიმაღლებენ ცოდნას.

კოლეგებო, სტრატეგია, რომელიც მე მინდა შემოგთავაზოთ, მიზნად ისახავს მოსწავლისთვის არასტრესული, მეგობრული და სწავლაზე ორიენტირებული გარემოს შექმნას, რასაც ხელს უწყობს სწავლის პროცესში ინოვაციური და სახალისო მიდგომების გამოყენება.

მოცემული აქტივობის მორგება რამდენიმე მიზნისთვის შეგვიძლია:

წერის უნარის გასაუმჯობესებლად ან შეცდომების გასწორებისათვის. მოსწავლეები კედელზე აკრავენ საკუთარ ნამუშევრებს. ამ სახით უზიარებენ და ანონიმურად უფასებენ ერთმანეთს, წინასწარ შემუშავებულ რუბრიკაზე დაყრდნობით.

კითხვის უნარების გასაუმჯობესებლად, რათა მოსწავლეებმა შეძლონ აღმოჩენებით სწავლა და დასკვნების გამოტანა, კედელზე გაკრული არეული ტექსტების სწორი თანმიმდევრობით, სწრაფად დალაგება, მათში არსებულ სიახლეებზე საუბარი და დასკვნების გამოტანა.

წერის და წარმოსახვითი უნარების გასაუმჯობესებლად. მოსწავლეები კედლებზე გაკრული ნახატების შინაარსის მიხედვით წერენ მოთხრობებს.

კრიტიკული აზროვნების განსავითარებლად. მოსწავლეები მსჯელობენ კედელზე გაკრულ ციტატებზე, ირჩევენ მათთვის უმნიშვნელოვანესს. არგუმენტირებულად მსჯელობენ და ასაბუთებენ, ემხრობიან ან ეწინააღმდეგებიან მათ.

ამასთანავე, „გალერეა“ ხელს უწყობს კლასის დინამიკას. მოსწავლეები ფიზიკურად მოძრაობენ, დადიან ოთახში, რაც წარმოადგენს TPR-ის(ტოტალური ფიზიკური ჩართულობა) ერთ–ერთ მთავარ ელემენტს და ხელს უწყობს ყველა სენსორული არხით მიღებული ინფორმაციის სინთეზირებას და იმპრინტინგს, ყურადღების დინამიურ გადართვას, რაც მკვეთრად ამაღლებს დამახსოვრების კოეფიციენტს.

დისტანციური სწავლებისათვის

შესაძლოა, არსებული სტრატეგია განხორციელდეს დისტანციური სწავლების დროს. ამ შემთხვევაში, არსებულ ტექსტებს, ნაშრომებს, ციტატებს, ვაჩვენებთ ინტერაქტიული პრეზენტაციის სახით, შემდეგ დავყოფთ წყვილებად და/ან ჯგუფებად და ისე განვახორციელებთ ყველა ნაბიჯს. აქ დისტანციურობის მიუხედავად, მინიმალური ფიზიკური აქტივობის განხორციელება მაინც შესაძლებელია.

მოგეხსენებათ, რომ სამეტყველო უნარების განვითარება უცხო ენაში დღეს ისევ სირთულეს წარმოადგენს. ამაში თავის როლს დღევანდელ მძლავრ ინფორმაციულ ნაკადთან ბავშვთა არასწორი ურთიერთობაც თამაშობს. ბავშვებს უჭირთ ნასწავლი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება და ლექსიკური თუ გრამატიკული ერთეულებით წინადადებების სწორად კონსტრუირება. ამისათვის საჭიროა მუდმივი მუშაობა, თან ისე, რომ მოსწავლის ინტერესი უფრო მეტად გაღრმავდეს საგნის თუ პროცესის მიმართ და ამავდროულად, სახალისო და შემეცნებითი იყოს მისთვის, თავად ჩაერთოს აქტიურად ყველა პროცესში, დააკვირდეს, აღმოაჩინოს, იმსჯელოს საკითხზე და საკუთარი დასკვნები თუ მოსაზრებები გამოიტანოს. ამიტომ, გადავწყვიტე აქტივობის მოდიფიცირება და ჩემი მოსწავლეებისათვის უფრო მეტად საინტერესოდ და სასარგებლოდ გარდაქმნა. განსაკუთრებით ეფექტური აღმოჩნდა აღნიშნული აქტივობა ჯიგსოუს (თანამშრომლობითი სწავლების მეთოდი) ელემენტების გამოყენებით. მოსწავლეებმა შეძლეს ახალი ინფორმაციის აღმოჩენა, გაანალიზება, სურათების დასათაურება. გაიუმჯობესეს წარმოსახვის, კრიტიკული აზროვნების და დებატების ეფექტურად წარმართვის უნარები.

განხორციელების პროცესი

საკლასო ოთახში ფილმიდან ამოღებული სურათები განვალაგე „გალერეის სტილში“, მოსწავლეთათვის კომფორტულ სიმაღლეზე და ისე, რომ მათ განთავსებული ინფორმაციის წაკითხვა და ოთახში თავისუფლად სიარული მოეხერხებინათ. ნახატებს შორის დავიცავი მანძილი ისე, რომ თუნდაც გუნდურად მისული მოსწავლეები თავისუფლად გადაადგილებულიყვნენ.

ნახატებზე დაკვირვება და დასათაურება

მოსწავლეებმა ინდივიდუალურად დაათვალიერეს კედლებზე გაკრული სურათები და დაასათაურეს თითოეული მათგანი. შემდეგ, დაბრუნდნენ ჯგუფებში და ერთმანეთს გაუზიარეს მათი შინაარსი. დაალაგეს სურათები სწორი თანმიმდევრობით და დაასათაურეს ფილმი. მოსწავლეებმა სურათების მიხედვით, საკუთარი წარმოსახვით შექმნეს ფილმის სცენარი და გააცნეს თანაკლასელებს. ნახეს მოკლემეტრაჟიანი ფილმი ‘’The Reader”. იმსჯელეს მასში არსებულ პრობლემასა და სწავლის მნიშვნე ოვნებაზე.

საგნობრივ ცოდნასთან ერთად, მეტად მნიშვნელოვანია სხვადასხვა სააზროვნო უნარების განვითარება, შესაბამისად, გადავწყვიტე დებატების განხორციელება. დავყავი მოსწავლეები ორ ჯგუფად: მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად და გამართეს დებატები თემაზე ,,Nothing is impossible for willing heart’’(არაფერია შეუძლებელი თუ ეს მთელი გულით გსურს). დებატების ბოლოს, გამოვკვეთეთ ძირითადი არგუმენტები და დავასაბუთეთ საკუთარი მოსაზრება.

აქტივობამ მოსწავლეებს აუმაღლა ცნობიერება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და ხელი შეუწყო კრიტიკული აზროვნებისა და შემოქმედებითი უნარის განვითარებას

ასევე იხილეთ:

„სამუზეუმო გაკვეთილებით“ სწავლების მეთოდიკა და მუზეუმში ჩატარებული გაკვეთილის მაგალითი ქიმიაში

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური