სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის წესი
2025 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდა დასრულდა და კანდიდატები მიღებული შედეგების გამოქვეყნებას ელოდებიან. საერთო სამაგისტრო გამოცდაზე 10 000-ზე მეტი მსურველი იყო დარეგისტრირებული.
ვიდრე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი (NAEC) საბოლოო შედეგებს გაასაჯაროებს, EDU.ARIS.GE აპლიკანტებს სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის წესს შეგახსენებთ.
საგამოცდო ტესტი შედგება ოთხი ნაწილისაგან და იმისათვის, რომ ტესტის ნაწილში კანდიდატმა გადალახოს ზღვარი, მის მიერ ამ ნაწილში მიღებული ჯამური ქულა უნდა იყოს მეტი მოცემულ ზღვრულ ქულაზე :
წაკითხულის გააზრება
ზღვრული ქულა = 6.3 (21*30%)
ანალიტიკური წერა
ზღვრული ქულა = 5.4 (18*30%)
ლოგიკური მსჯელობა
ზღვრული ქულა = 5.1 (17*30%)
რაოდენობრივი მსჯელობა
ზღვრული ქულა = 4.75 (19*25%)
თქვენი ქულა გამსვლელია, თუ ის არის ზღვრულ ქულაზე მეტი (და არა უდრის) !
სსგ-ის ტესტის სამი ნაწილის (წაკითხულის გააზრება, ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა) თითოეულ დავალებას ახლავს 5 სავარაუდო პასუხი, რომელთაგან მხოლოდ ერთია სწორი.
თითოეული ეს დავალება ფასდება 1 (სწორია), 0 (არ არის შევსებული), ან -0,2 (არასწორია) ქულით. რაც შეეხება ტესტის ანალიტიკური წერის ნაწილის ორ დავალებას, თითოეული მათგანი ფასდება მაქსიმუმ 9 ქულით და სწორდება წინასწარ დადგენილი შეფასების სქემის მიხედვით.
და მთავარი – სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის პრინციპი
სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელია სსგ-ის ბარიერის დაძლევა, რაც გულისხმობს საგამოცდო ტესტის 4 ნაწილიდან რომელიმე 3-ში მაინც კომპეტენციის მინიმალური ზღვრის გადალახვას. ამასთან, უმაღლეს სასწავლებელს შეუძლია:
- თვითონ დააწესოს ის 3 ნაწილი, რომელშიც მოითხოვს კომპეტენციის მინიმალური ზღვრის გადალახვას;
- მოითხოვოს კომპეტენციის მინიმალური ზღვრის გადალახვა ტესტის ოთხივე ნაწილში;
- დააწესოს კომპეტენციის უფრო მაღალი მინიმალური ზღვარი ტესტის ერთი, რამდენიმე ან ყველა ნაწილისათვის.
სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის პროცესში უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას უფლება აქვს, ის კანდიდატები, რომლებმაც გადალახეს სსგ-ის ბარიერი, სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხოს მხოლოდ მის მიერ დანიშნული გამოცდის/გამოცდების შედეგების მიხედვით, ან სსგ-ის შედეგებისა და მის მიერ დანიშნული გამოცდის/გამოცდების შედეგების მიხედვით. იმ შემთხვევაში, თუ უმაღლესი სასწავლებელი საჭიროდ მიიჩნევს ჩარიცხვის პროცესში სსგ-ის შედეგების გათვალისწინებას, სასწავლებელი სსგ-სა და გამოცდას სპეციალობაში ანიჭებს გარკვეულ კოეფიციენტებს, რომელთა ჯამი 100-ის ტოლი უნდა იყოს.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის პირობები იხილეთ 2025 წლის სამაგისტრო პროგრამების გზამკვლევში.
სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის საკონკურსო ქულის დაანგარიშება ხდება შემდეგი პრინციპის მიხედვით: სსგ-ის თითოეული ნაწილისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების ნორმირებული ქულები (მიღებული შეფასება გაყოფილი მაქსიმალურ ქულაზე) მრავლდება შესაბამის კოეფიციენტებზე და ჯამდება.
გისურვებთ წარმატებას!
ასევე იხილეთ:
-
თუ საერთო სამაგისტრო გამოცდა 2025 წელს ჩააბარეთ – რომელ მაგისტრანტებს აქვთ 3 დღიანი ვადა
by სიახლეები სამაგისტრო გამოცდებზე
-
როგორ გავიგოთ ვართ თუ არა გრანტირებული მაგისტრანტი და როდის გამოქვეყნდება 2025 წელს დაფინანსებულთა სია
by სიახლეები სამაგისტრო გამოცდებზე
-
როგორ დავიბრუნოთ საპრეტენზიო განაცხადისთვის გადახდილი თანხა – საერთო სამაგისტრო გამოცდა 2025
by სიახლეები სამაგისტრო გამოცდებზე