GE

„სამედიცინო მიმართულებაზე ვინც აბარებს, ბიოლოგიას უნდა ირჩევდეს და არა ტექნიკურ საგნებს“ – დღეს აბიტურიენტებისთვის გამოცდა ბიოლოგიაში ტარდება

„ვფიქრობ, ვინც კარგად იცის ბიოლოგია, მან იცის ანატომიაც. ადამიანის ანატომიის ცოდნა კი სამედიცინო განათლების საფუძველი მგონია“, – ამბობს EDU.ARIS.GE-სთან თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის მომავალი სტუდენტი თეკლა ყამარაული, რომელიც დღეს ერთიან ეროვნულ გამოცდას ბიოლოგიაში, 175-ე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში აბარებს.

ბიოლოგიას არამხოლოდ სამედიცინო მიმართულებით დაინტერესებული აბიტურიენტები აბარებენ, თუმცა თეკლა გვიყვება, რომ მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო მიმართულებაზე არჩევით საგნად სხვა საგნების შერჩევაც შეეძლო, მათ შორის ტექნიკური საგნების, ბიოლოგია გამიზნულად გადაწყვიტა და ამისთვის საკუთარი არგუმენტიც აქვს:

“სამედიცინო მიმართულებაზე ჩაბარების მსურველი აბიტურიენტების ძირითადი ნაკადი ბიოლოგიას, ქიმიას, ფიზიკას, მათემატიკას, ირჩევენ. მე კი ვფიქრობ, რომ ბიოლოგიას უნდა ირჩევდნენ და არა ტექნიკურ საგნებს, რადგან აქ ისეთი საკითხები ისწავლება, რომლის საბაზისო ცოდნაც ყველა მედიკოსისთვის საჭიროა. ანატომიის, გენეტიკის, უჯრედების ცოდნის გარეშე ძალიან რთულია, პირდაპირ შეეჯახო სამედიცინო განათლების ურთულეს საკითხებს, რომელთა შესწავლაც უნივერსიტეტში მოგვიწევს”, – გვიხსნის თეკლა.

ჩვენი რესპონდენტი აღნიშნავს, რომ ბიოლოგიას სკოლის დამამთავრებელ კლასში მხოლოდ ორი საათი ეთმობოდა, რაც მისი აზრით საკმარისი არ არის და მიდგომა შესაცვლელია:

“ჩემს სკოლაში მეთორმეტე კლასში კვირაში 2 საათი ვსწავლობდით ბიოლოგიას. ეს დრო არასაკმარისი იყო. კი, მართალია, რომ სხვა კლასებშიც ვსწავლობდით, მაგრამ რეპეტიტორთან მომზადების გარეშე მაინც რთულია. 2 საათი არ არის მეცადინეობისთვის საკმარისი დრო”.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 14 ივლისს, ერთიანი ეროვნული გამოცდები ბიოლოგიის საგნით გრძელდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბიოლოგიის საგანზე 3 600-ზე მეტი აბიტურიენტია დარეგისტრირებული, გამოცდაზე კი 95%-მდე აბიტურიენტი გამოცხადდა.

ასევე იხილეთ:

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადა მზეო შველიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური