GE

სამედიცინო პერსონალი 2086 საჯარო სკოლიდან 1807-ს ჰყავს – სკოლებში უკვე დასაქმებული კადრები შეთავსებით მუშაობენ

2024 წლის მარტის თვის მონაცემებით, სამედიცინო პერსონალი 2086 (საქსტატის მონაცემი) საჯარო სკოლიდან 1807-ს ჰყავს. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის მიერ მომზადებულ ანგარიშში ვკითხულობთ, რომელიც საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სანიტარიულ-ჰიგიენური და სკოლის ექიმების ნორმების დაცვის პრაქტიკასა და არსებულ გამოწვევებს ეხება.

როგორც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის მოკვლევის ანგარიშიდან ვიგებთ, კადრების დეფიციტის გამო სკოლებს სხვაგან დასაქმებული სპეციელისტების აყვანა უწევთ, რომლებიც სკოლაში მოსწავლისთვის აუცილებელი დროით ვერ რჩებიან.

“საჯარო სკოლაში დასაქმებულია სამედიცინო პერსონალი, ექიმი ან/და ექთანი და ყველა კერძო სკოლას აქვს სამედიცინო მომსახურება. საერთო ჯამში, სკოლების 87%-ში არის სკოლის ექიმი და სამედიცინო კაბინეტი. თუმცა, სკოლებში ახალი ვაკანსიების გაჩენამ (ექიმი/ექთანი) გამოიწვია კადრების დეფიციტი, რადგან ექიმების უმეტესობა არაერთ ადგილზეა დასაქმებული. როდესაც სკოლა საჭირო კადრს ვერ პოულობს, იძულებულია, მიიღოს აპლიკანტი, რომელიც უკვე დასაქმებულია და სურვილი აქვს, შეთავსებით იმუშაოს, იმის მიუხედავად, რომ სკოლაში ექიმის/ექთნის ყოფნა მოსწავლის გამოცხადებიდან მის სახლში წასვლამდე აუცილებელია. 2023 წლის ნოემბერის მონაცემებით 326 საჯარო სკოლაში ვაკანსია იყო გამოცხადებული (უმეტეს შემთხვევაში დეფიციტი არის მაღალმთიან დასახლებებში, სოფლებისა და დაბების საჯარო სკოლებში)”, – აღნიშნულია თემატური მოკვლევის ანგარიშში.

თუ რა ვალდებულება აქვს სკოლის სამედიცინო პერსონალს სამუშაო საათების განმავლობაში, ეს კონკრეტული ბრძანებით რეგულირდება და ჩამონათვალი საკმაოდ შრომატევადია. კვლევაში არ არის აქცენტირებული, როგორ შეიძლება სკოლაში სხვა სამსახურთან შეთავსებით დასაქმებულმა სამედიცინო პერსონალმა ეს ვალდებულებები ჯეროვნად შეასრულოს:

  • იცავს სკოლაში მოსწავლის ჯანმრთელობას;
  • ახდენს დაკვირვებას მოსწავლის ზრდა განვითარებაზე ასაკის შესაბამისი რისკების გათვალისწინებით და საჭიროების შემთხვევაში რეფერირებას სპეციალისტთან;
  • ატარებს დაავადებების საწინააღმდეგო პრევენციულ ღონისძიებებს;
  • აწარმოებს მოსწავლეების ქრონიკული დაავადებების მართვას სკოლაში;
  • ახორციელებს პირველადი დახმარების ღონისძიებებს მოსწავლეების და სკოლის პერსონალისთვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მოსვლამდე;
  • სკოლის ადმინისტრაციასთან ერთად მონიტორინგს უწევს წყალს, სანიტარია/ჰიგიენას და კვების ბლოკის ფუნქციონირებას კანონის და რეგულაციების მოთხოვნების შესაბამისად;
  • ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას.

ნიშანდობლივია, რომ მოკვლევის ავტორთა ორი რეკომენდაცია სწორედ სკოლის სამედიცინო პერსონალს უკავშირდება, კერძოდ კი მათი შესაძლებლობების გაძლიერებას: 1.სკოლის ექიმისთვის/ექთნისთვის საჭირო სპეციფიკური, პროფესიული უნარების გაძლიერების მიზნით შემუშავდეს, სპეციალური უწყვეტი პროფესიული განათლების პროგრამა და მოხდეს მათი ეტაპობრივი გადამზადება; 2. გაფართოვდეს სკოლის ექიმის განათლებისა და გამოცდილების სავალდებულო მოთხოვნების ჩამონათვალი და შეფასდეს სკოლის ექიმის სახელფასო პოლიტიკა.

თემატურ მოკვლევაში მონაწილე 86 საჯარო სკოლიდან 8 სკოლაში არ ყოფილა სამედიცინო პერსონალი.

“სკოლის სამედიცინო პერსონალის განაწილების პრინციპი განისაზღვრება მოსწავლეთა რაოდენობისა და სასწავლო შენობების მიხედვით. დიდკონტიგენტიან სკოლებში სამედიცინო პერსონალის არსებობა სავალდებულოა, ხოლო სკოლებში, სადაც მოსწავლეთა რაოდენობა განსაკუთრებით მცირეა, მაგალითად, მაღალმთიან სოფლებში, დასაშვებია სამედიცინო მომსახურების, სანიტარია-ჰიგიენიისა და ჯანმრთელობითი განათლების სერვისების მიწოდების ალტერნატიული გზები, როგორიც არის სოფლის ექიმის მომსახურება, ხოლო აღნიშნულის შეუძლებლობის შემთხვევაში, ტერიტორიული სიახლოვის პრინციპით, შესაძლებელია შეირჩეს ორი სკოლა, სადაც თითოეულში მოსწავლეთა რაოდენობა 50-ზე ნაკლებია და აღნიშნული სკოლების გაერთიანებას მოემსახუროს ერთი ექთანი/ექიმი, რომელიც დადგენილი პერიოდულობით (მორიგეობით) განახორციელებს ნაკისრი ვალდებულების შესრულებას კვირის დღეების მიხედვით შედგენილი გრაფიკის ან სკოლებში არსებული საჭიროებების შესაბამისად”, – წერია პარლამენტის მოკვლევის დოკუმენტში.

ანგარიშში არ არის ნახსენები თუ რამდენ სკოლაში მოეწყო უკვე ექიმის კაბინეტი. ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი კაკაურიძე ჯერ კიდევ 2021 წელს ამბობდა, რომ თუ 2022-ში არა, 2023 წლის ბოლოს ექიმის კაბინეტი სკოლების 90%-ზე მეტში იქნებოდა.

ასევე იხილეთ:

დიდ სკოლებში სამედიცინო კაბინეტები მოეწყობა, რეგიონებში კი, სკოლის მოსწავლეებს სოფლის ამბულატორია მოემსახურება – ვადები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური