GE

„დირექტორს სამეურვეო საბჭო ირჩევს? მართლა პირველად გავიგე“ – ამომრჩეველი 173-ე სკოლიდან

საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოების არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცედურა დილის 10 საათიდან დაიწყო თბილისის 173-ე საჯარო სკოლაში. დაწესებულებაში სამეურვეო საბჭოში მოსახვედრად 8 მასწავლებელი და 9 მშობელი იბრძვის. სკოლაში, სადაც 2037 მოსწავლე ირიცხება, არჩევნებზე აქტივობა არის, მაგრამ განსაკუთრებულად ინტენსიური – არა.

საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ფიქრია ჩანგაშვილის განცხადებით, პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

„საარჩევნო კომისიის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, დადგენილი ვადების ფარგლებში, დავიწყეთ სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატების განცხადებების მიღება. სხვა კუთხით ჩვენ არაფერში არ ვერეოდით, გუშინ მოვაწყვეთ ოთახი და გადმოგვცეს არჩევნებისთვის საჭირო დოკუმენტაცია. რაც შეეხება ამომრჩევლის ინფორმირებას, საარჩევნო პროცედურების შესახებ ინფორმაცია დ სიები ფოიეში საჯაროდ გვქონდა გამოკრული, იქვეა კანდიდატების ბიოგრაფიებიც და დაინტერესებული პირი ადვილად შეამჩვენდა. გარდა ამისა, კლასის დამრიგებლებიც ატყობინებდნენ მშობლებს, რომ სკოლაში ტარდებოდა არჩევნები და შეეძლოთ მონაწილეობის მიღება“-განაცხად კომისიის თავმჯდომარემ ჩვენთან საუბარში.

მშობლების თქმით, სამეურვეო საბჭოს არჩევნების შესახებ ინფორმაცია მათ სკოლაში მიიღეს და სასურველი კანდიდატებიც შეარჩიეს, თუმცა მათ შორის აღმოვაჩინეთ ისეთებიც, რომლებიც არჩევნებზე იყვნენ, მაგრამ სამეურვეო საბჭოს ფუნქციების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ.

“პირველად ვარ სამეურვეო საბჭოს არჩევნებზე, დაწყებით საფეხურზე მყავს შვილი, მასწავლებელმა მითხრა რომ არჩევნებია, კანდიდატების შესახებ, რა თქმა უნდა, ინფორმაცია მაქვს და სასურველს ხმაც მივეცი, სხვას ვერაფერს ვერ გეტყვით”, – გვითხრა ერთ-ერთმა მშობელმა.

„სასწავლო წლის განმავლობაში სკოლაში ხშირად დავდივარ და მქონდა ინფორმაცია არჩევნების შესახებ, კანდიდატიც ვიცი, პარალელური კლასის მშობელია და ასე თუ ისე ვიცნობ და მისაღები იყო ჩემთვის. ამ არჩევნების შემდეგ ზუსტად ვერ გეტყვით, რა უნდა მოხდეს, მაგრამ რაღაც, ალბათ, უკეთესობისკენ უნდა შეიცვალოს. დირექტორი როდის უნდა აირჩიონ მომავალ წელს? დირექტორზე მართლა პირველად გავიგე, ასე ღრმად არ ვარ გათვითცნობიერებული ამ საკითხში“, – განაცხადა კიდევ ერთმა მშობელმა.

სკოლის პედაგოგ ნინო ამანათიძის თქმით, მან არჩევანი უკვე გააკეთა და იმედი აქვს, რომ სკოლაში არსებული ტრადიციები, რაც მაგალითად შიდა გამოცდების ჩატარებას ეხება მომავალშიც შენარჩუნდება.

„ჩემს რჩეულს უკვე მივეცი ხმა, ალბათ მომავალი გვიჩვენებს რა შეიცვლება, წინასწარ ვერაფერს ვიტყვი, კარგის მოლოდინში ვარ. დაწყებითი საფეხურის პედაგოგი ვარ, სწავლის პერიოდში მშობლებს მივაწოდე ინფორმაცია მხოლოდ იმის შესახებ, რომ ტარდებოდა არჩევნები, ხოლო ვინ და როგორ აირჩიონ, ეს მათი გადასაწყვეტია. ჩემი კლასიდან ორი მშობლის მეტი ჯერ არავინ არ ჩანს, ალბათ, მოვლენ, მაგრამ დიდი ნაწილი, ალბათ, უკვე გასულია რაიონებში. ჩვენი სკოლა ტრადიციების მქონე სკოლაა და ვიმედოვნებ ასეც გაგრძელდება. მას შემდეგ რაც ამჟამინდელი დირექტორი გვყავს მე-7 დ მე-11 კლასის ჩათვლით, რამდენიმე წელია ტარდება სკოლის შიდა გამოცდები, მასწავლებლები, რომლებიც არ ვასწავლით საგანს ვართ დამკვირვებლები, ახლაც გამოცდებზე ვიყავი. ვინც ვერ ჩააბარებს საშემოდგომო ყვება. რადგან წინასწარ იციან, რომ გამოცდები ექნებათ მობილიზებულები არიან და ეს კარგია. ყველაფერს კარგს ველოდებით მომავლისგან“, – განაცხადა პედაგოგმა EDU.ARIS.GE-სთან საუბარში.

სამეურვეო საბჭოების არჩევნების კენჭისყრის პროცესი დღეს 10:00 საათზე დაიწყო და 16: 00 საათამდე გაგრძელდება. სამინისტროს ცნობით, ამ ეტაპზე პროცესი უხარვეზოდ მიმდინარეობს.

მათივე ცნობით, 12:00 საათის შედეგებით, არჩევნებში მასწავლებელთა აქტივობა 63.9%, ხოლო მშობელთა აქტივობა – 13% შეადგენს. ხაზგასასმელია, რომ სამეურვეო საბჭოს არჩევნები სკოლებში სამ წელიწადში ერთხელ ტარდება თუმცა, 2016 წლის ანალოგიურ არჩევნებში, 12:00 საათის მდგომაროებით მასწავლებელთა აქტივობა 35%, ხოლ – მშობელთა აქტივობა 8,5%-ს შეადგენდა.

სამეურვეო საბჭო სკოლის მმართველობაში შემავალ ერთ-ერთ მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენს, რომლის წევრებს მშობლები და პედაგოგები ირჩევენ. სამეურვეო საბჭო ირჩევს როგორც სკოლის დირექტორს, ამტკიცებს ასევე სკოლის ბიუჯეტსა და შინაგანაწესს, ამასთანავე, ითანხმებს სასკოლო სასწავლო გეგმას. სამეურვეო საბჭოს წევრები არიან სკოლის მასწავლებლები, მშობლები და საშუალო საფეხურის ერთი მოსწავლე. 2019 წლის 17 ივნისს, საქართველოს 2084 საჯარო სკოლიდან არჩევნები 2071 საჯარო სკოლაში ტარდება.

არჩევნები არ იმართება მცირეკონტიგენტიან სკოლებში კანდიდატების არ არსებობის გამო და იმ ორ საჯარო სკოლაში, რომელიც არაკონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს.

ამავე თემაზე:

სამეურვეო საბჭოს არჩევნები ზოგიერთ სკოლაში არ ტარდება – სამინისტროს განმარტება

სამეურვეო საბჭოს არჩევის პრინციპი საჯარო სკოლებისთვის – დოკუმენტი

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური