GE

სამეურვეო საბჭოს არჩევნები ზოგიერთ სკოლაში არ ტარდება – სამინისტროს განმარტება

საქართველოს საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოების არჩევნები მიმდინარეობს.

ხმის მიცემის პროცედურა 16:00 საათზე დასრულდება და ამის შემდეგ ხმის დათვლის პროცედურა დაიწყება.

EDU.ARIS.GE-სთვის არსებული პირველადი ინფორმაციით, საარჩევნო პროცესი სტაბილურ გარემოში მიმდინარეობს, თუმცა 12:00 საათისთვის აქტივობა ამომრჩეველ მშობლებს შორის დაბალია.

განათლების სამინისტროს მიერ ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით კი სამეურვეო საბჭოს არჩევნები არ იმართება რამდენიმე სკოლაში:

“საქართველოს საჯარო სკოლებში 17 ივნისს სკოლის თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოს – სამეურვეო საბჭოს არჩევნები იმართება. სამეურვეო საბჭო სკოლის მმართველობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია, მის წევრებს მშობლები და პედაგოგები ირჩევენ. სამეურვეო საბჭო ირჩევს სკოლის დირექტორს, ამტკიცებს სკოლის ბიუჯეტსა და შინაგანაწესს, ითანხმებს სასკოლო სასწავლო გეგმას.

საბჭოს წევრები არიან სკოლის მასწავლებლები, მშობლები და საშუალო საფეხურის ერთი მოსწავლე. საქართველოს 2084 საჯარო სკოლიდან არჩევნები ტარდება 2071 საჯარო სკოლაში. არ ტარდება მცირეკონტიგენტიან სკოლებში კანდიდატების არ არსებობის გამო და 2 საჯარო სკოლაში, რომლებიც არაკონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს.

საარჩევნო უბნები გაიხსნა ზუსტად 9.00 საათზე. კენჭისყრის პროცესი დაიწო 10:00 საათზე და გაგრძელდება 16: 00 საათამდე. ამ ეტაპზე პროცესი მიმდინარეობს უხარვეზოდ”, – განგვიმარტეს სამინისტროში.

როგორც სამინისტრო განმარტავს, ინფორმაცია რომელიმე სკოლაში არჩევნების ჩაშლის შესახებ ამ ეტაპზე არ გააჩნიათ.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა განაცხადა, რომ პროცესი გამჭვირვალედ და ღიად მიმდინარეობს.

ძვირფასო მკითხველებო, ნებისმიერი საინტერესო ინფორმაციის შესახებ დღევანდელი არჩევნების პროცესის თაობაზე, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: 2 19 21 21; 596 10 64 64.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური