GE

რომელ მაგისტრანტებს მოუწევთ ხელახლა საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარება და რა შემთხვევაში ისწავლით უგამოცდოდ

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ახალი ბრძანებით, „სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებაში“ ცვლილება შევიდა. 18 მაისით დათარიღებული დოკუმენტით, რომელსაც ხელს აწერს გივი მიქანაძე, განისაზღვრა, რა პრინციპით შეძლებენ სტუდენტები უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე სწავლას, თუ ორწლიან მაგისტრატურაზე [1+1] სწავლა გარკვეული შუალედით ან სხვადასხვა უნივერსიტეტში სურთ.

საქმე იმაშია, რომ უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში, 2026-2027 სასწავლო წლიდან, სტუდენტები სწავლას 3+1 მოდელით დაიწყებენ, რაც სამწლიან ბაკალვრიატსა [პირველი საფეხური] და ერთწლიან მაგისტრატურას [მეორე საფეხური] გულისხმობს. გარდა ამისა, მთავრობის გადაწყვეტილებით, არსებობს შესაძლებლობა, რომ სტუდენტმა მაგისტრატურაზე 1+1 პრინციპით ისწავლოს. ეს იმას ნიშნავს, რომ თუკი პირველი საფეხურის კურსდამთავრებულს სურს მხოლოდ მაგისტრატურაზე სწავლის გაგრძელება, ის მეორე საფეხურზე ერთი წლის განმავლობაში ისწავლის. იმ შემთხვევაში კი, თუ სტუდენტს აქვს მესამე საფეხურის (დოქტორანტურა) დამთავრების გაცხადებული გადაწყვეტილება, მას მაგისტრატურაზე სწავლა ორი წელი [1+1] მოუწევს.

„სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებაში“ დამატებული ახალი ჩანაწერით კი განისაზღვრა, რომ სტუდენტს, რომელმაც კონკრეტულ უნივერსიტეტში გაიარა ერთწლიანი მაგისტრატურა, უფლება ექნება, სამაგისტრო გამოცდების ჩაბარების გარეშე, მაგისტრატურის მეორე წელი გაიაროს იმავე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მეორე საფეხურზე ჩარიცხვიდან არ არის გასული 5 წელი. ვადის გასვლის დროს კი მას სამაგისტრო გამოცდის ჩაბარება მოუწევს.

დოკუმენტის მიხედვით, სტუდენტი სამაგისტრო გამოცდას ხელმეორედ ჩააბარებს იმ შემთხვევაშიც, თუ მაგისტრატურის პირველ წელს ერთ უნივერსიტეტში გაივლის, ხოლო მეორე წლის გავლას სხვა უმაღლესში გადაწყვეტს.

დებულების ახალი ჩანაწერი ასეთია:

„არანაკლებ 120-კრედიტიანი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის 60 კრედიტის მოცულობის პირველ ნაწილზე სამაგისტრო გამოცდებით ჩარიცხული პირი, რომელიც დაასრულებს აღნიშნულ ნაწილს, უფლებამოსილია სამაგისტრო გამოცდების ჩაბარების გარეშე გააგრძელოს სწავლა იმავე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანაკლებ 120-კრედიტიანი იმავე სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის 60 კრედიტის მოცულობის მეორე ნაწილზე, იმ შემთხვევაში, თუ პირველი ნაწილზე ჩარიცხვიდან არ არის გასული 5 წელი.

აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, არანაკლებ 120-კრედიტიანი იმავე სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის 60 კრედიტის მოცულობის მეორე ნაწილზე ჩარიცხვისთვის, პირი ვალდებულია ჩააბაროს სამაგისტრო გამოცდა. სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების არანაკლებ 120-კრედიტიან იმავე სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის 60 კრედიტის მოცულობის მეორე ნაწილზე ჩარიცხვისთვის პირი, რომელმაც დაასრულა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების არანაკლებ 120-კრედიტიანი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის 60 კრედიტის მოცულობის პირველი ნაწილი, ვალდებულია ჩააბაროს სამაგისტრო გამოცდა“, – წერია ბრძანებაში, რომელიც ძალაშია 18 მაისიდან.

ამავე დოკუმენტით განსაზღვრულია, რომ ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში, გარდა მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო, სახელოვნებო–შემოქმედებითი ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამის მაგისტრატურისა, მაგისტრანტობის კანდიდატები „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით დადგენილი წესით ირიცხებიან.

განსაკუთრებით დაინტერესებულთათვის: განათლების მინისტრის ბრძანება

ასევე იხილეთ:

რა ელის სტუდენტს, რომელმაც ერთწლიანი მაგისტრატურა დაასრულა და რამდენიმე წელში დოქტორანტურაზე სწავლა სურს? – სამინისტროს გეგმა

ორი მაგისტრატურა – ჯერ უცნობია, შეეძლება თუ არა სტუდენტს, ერთწლიანი მაგისტრატურის შემდეგ მეორე წელი სხვაგან გაიაროს

განისაზღვრა ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე კრედიტების მაქსიმალური რაოდენობები

ამ საგანმანათლებლო პროგრამებზე კრედიტების რაოდენობა 240 და 120 იქნება – სია და პირობების ახალი ჩამონათვალი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური