სან დიეგოს უნივერსიტეტის STEM აკადემია – ამერიკული განათლება და დიპლომი საქართველოდან გაუსვლელად
ამერიკელმა პროფესორებმა საინჟინრო და ტექნოლოგიური დარგებით დაინტერესებულ ქართველ აბიტურიენტებს ორდღიანი სემინარი ჩაუტარეს. 23 და 24 აპრილს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის (SDSU) მოწვეულმა პროფესორებმა STEM აკადემიით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ის ყველაფერი გააცნეს, რისი სწავლაც მათ სან დიეგოს უნივერსიტეტის პროგრამებზე ჩაბარების შემთხვევაში მოუწევთ.
STEM აკადემიის გახსნას დაესწრო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი ჯენერ ედელმანი, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანი, პროფესორი კენ უოლში. მათ შეკრებილ აბიტურიენტებს სიტყვითაც მიმართეს და სან დიეგოს უნივერსიტეტის პროგრამების მნიშვნელობა დაწვრილებით განუმარტეს.
ამერიკელი მეცნიერების საქართველოში ვიზიტის მიზანი იყო საინჟინრო, ტექნოლოგიური და საბუნებისმეტყველო (STEM – Science, Technology, Engineering, Math) დარგებით დაინტერესებული მე-12 კლასელებისათვის ქიმიის, ბიოლოგიის, ფიზიკის, მათემატიკის და ინჟინერიის სფეროს უახლესი აღმოჩენები და მიღწევები, აშშ-ის უმაღლესი განათლების სისტემა, საერთაშორისო აკრედიტაციის მნიშვნელობა და სხვა საინტერესო თემები გაეცნოთ.
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (SDSU), ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს უმაღლესი განათლების კომპონენტის ფარგლებში, საქართველოში 2015 წლიდან ახორციელებს მაღალი ხარისხის, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე (ABET, ACS, WASC) საბაკალავრო პროგრამებს საინჟინრო და ტექნოლოგიურ (STEM) დარგებში. კურსდამთავრებულები მიიღებენ ამერიკულ დიპლომს. აღნიშნული პროგრამები ხელს შეუწყობს საქართველოში საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიური დარგების განვითარებასა და ქვეყანაში მაღალკვალიფიციური სამუშაო ძალის მომზადებას.
პროექტი ფინანსურად აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერაა (MCC) მხარდაჭერილი და იგი საქართველოს სამ ქართულ სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, მათ ბაზაზე ხორციელდება. ეს უნივერსიტეტებია – თსუ, ილიაუნი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.
ღონისძიებას განათლების მინისტრმა უმნიშვნელოვანესი უწოდა და აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი ერთი ჩვეულებრივი, მორიგი პროექტი არაა. მისი მასშტაბიდან და შინაარსიდან გამომდინარე, სანიკიძის განცხადებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ესაა კომპონენტი, რომელაც უნივერსიტეტებში განათლების სტანდარტი შეცვალა.
„ესაა ის ახალი სტანდარტი, მითუმეტეს საინჟინრო და ტექნოლოგიური მიმართულებით, რომელიც საქართველოს შრომით ბაზარს დღეს ძალიან სჭირდება. ახალმა სტანდარტმა, ახალმა პროგრამებმა, მომზადებულმა კადრებმა, კარგმა სასწავლო პროცესმა და შესაბამისმა ინფრასტრუქტურამ პირველი შედეგები უკვე გამოიღო და როცა ამ პროექტის ამოქმედების შემდეგ ჩვენი პირველი კურსის სტუდენტების შეფასება მოხდა, აღმოჩნდა, რომ მათ უკეთესი შედეგები აჩვენეს, ვიდრე სან დიეგოს უნივერსიტეტის სტუდენტებმა.
„ეს იყო მოტივაცია იმისთვის, რომ ეს პროგრამა რაც შეიძლება მეტი სტუდენტისათვის იყოს ხელმისწავდომი. დღეს ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ დეტალური ინფორმაცია – რა ელოდებათ იმ შემთხვევაში თუ სან დიეგოს პროგრამებზე ჩაბარებას გადაწყვეტენ სამ სახელმწიფო უნივერსიტეტში – თსუში, ილიაუნიში და ტექნიკურ უნივერსიტეტში,“ – აღნიშნა სანიკიძემ.
STEM აკადემია, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მაგდა მაღრაძის თქმით, ნაწილია იმ პროექტისა, რომელსაც საფუძველი 2014 წელს ჩაეყარა და 2015 წელს დაიწყო – ესაა ამერიკული განათლების საქართველოში შემოტანა საბუნებისმეტყველო ინჟინერიის ტექნოლოგიის დარგებში.
მას 2019 წლის ჩათვლით ამერიკის მთავრობა დააფინანსებს. ამ პროექტის ფარგლებში სხვადასხვა აქტივობებია დაგეგმილი. მათ შორის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია ზემოთ ჩამოთვლილ სამ სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქართველ პროფესორთა გადამზადება და ყველაფერი ის, რაც ამერიკაში აკრედიტებული პროგრამების საქართველოში განსახორციელებლადაა აუცილბელი.
მაღრაძის თქმით, ეს პროექტი იმითაცაა უნიკალური, რომ მან საქართველოში ნამდვილი ამერიკული განათლება და სტანდარტი შემოიტანა. აკრედიტაციის კუთხით ხარისხი დაცულია. ანუ, ყველა ეს პროგრამა ზუსტად იგივენაირადაა აკრედიტებული, როგორც შტატებში, სან დიეგოს მთავარ კამპუსში განხორციელებული პროგრამები.
„დღეს აქ შეიკრიბნენ უფროსკლასელები, რომლებმაც სან დიეგოს უნივერსიტეტში სწავლის სურვილი გამოთქვეს და იქ ჩასაბარებლად დარეგისტრირდნენ. მათ საშუალება ეძლევათ თანადაფინანსება მიიღონ. გვაქვს 25%-დან 100 %-მდე სტიპენდიების პროგრამა. სწავლა, რა თქმა უნდა, ინგლისურ ენაზეა და საბოლოო ჯამში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დიპლომს მიიღებენ. ამ პროგრამის დასაწყისში ამერიკელი პროფესორები ასწავლიან, მესამე-მეოთხე წლიდან კი ქართველი პროფესორებიც აქტიურად ჩაერთვებიან.
„პროექტის დაწყების მიზეზი ის გახდა, რომ 2013 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით საქართველოში არ გვყავს შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი პროფესიონალები, რომლებიც კერძო სექტორს, დამსაქმებლებს განვითარებისათვის სჭირდება. კერძო ბიზნესის განვითარება კი, მოგეხენებათ ქვეყნის განვითარებისათვის აუცილებელია.
„შესაბამისად, ქართულმა მხარემ ამერიკის ხმარეს გაუგზავნა პროექტი და კონცეფცია, რომელიც 140 მილიონი დოლარის მოთხოვნას გულისხმობდა, იმისთვის, რომ STEM დარგებში საქართველოში ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარება შესაძლებელი ყოფილიყო. ჩვენი ფონდი სამივე მიმართულებით ანხორციელებს პროექტებს და ერთ-ერთ პროექტი სწორედ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტია, რომელიც საქართველოს STEM დარგებში პრფესიონალ კადრებს აწვდის,“ – განუცხადა EDU.ARIS.GE-ს მაგდა მაღრაძემ.
სემინარზე მოწვეულ მეცნიერებს შორის იყო სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, მეცნიერებათა დოქტორი ვილიამ (ბილ) ტონგი. პროფესორი ტონგი ცნობილია მისი აღმოჩენით – ლაზერული ტექნოლოგიებით, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი ხდება ძალიან მცირედი კონცენტრაციის მქონე ქიმიური ელემენტების გამოვლენა. ეს ტექნოლოგიები შესაძლებელს გახდის ალცჰეიმერის, სიმსივნური და სხვა დაავადებების ადრეულ ეტაპზე დიაგნოსტიკას და საგრძნობლად გაზრდის მათი განკურნების შანსს.
პროფესორი ტონგი EDU.ARIS.GE-საც ესაუბრა და განუცხადა, რომ იქ შეკრებილი აბიტურიენტები მოტივირებულები, მონდომებულები და ენერგიით სავსენი არიან. პროფესორის თქმით, ეს მათ უკვე ეტყობათ. აქვე გამოთქვა სურვილი, რომ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში მიღება მომდევნო წლებში მეტი ინტენსივობით გაგრძელდეს.
„გვინდა, რომ გამოცდილი კადრები აღვზარდოთ, რათა შემდეგ ამერიკიდან ჩამოვიყვანოთ კომპანიები, რომლებიც მათ სამუშაოზე აიყვანენ. ამით საქართველოს ეკონომიკაც გაძლიერდება,“ – გვითხრა პროფესორმა ტონგმა.
მოწვეულ სტუმრებს შორის ასევე იყვნენ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებების ფაკულტეტის დეკანი, აშშ-ის მთავრობის ყოფილი მრჩეველი ბიოლოგიური უსაფრთხოების საკითხებში და ამერიკის მიკრობიოლოგთა საზოგადოების ექსპრეზიდენტი, სტენლი მალოი; სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ენერგეტიკის სწავლების ცენტრის დირექტორი, პროფესორი ალან სვიდლერი და SDSU-ს ელექტრული და კომპიუტერული ინჟინერიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ლალ თუმალა.
კენ უოლში (სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანი, პროფესორი) : „STEM აკადემია პორველ რიგში იმიტომაა მნიშვნელოვანი, რომ მომავალმა სტუდენტებმა გაიგონ თუ როგორი მიდის სწავლება სანდიეგოს უნივერსიტეტში და იმ სტილს მოერგონ. ჩვენ გვყავს როგორც აქაური, ისე ამერიკიდან ჩამოყვანილი პროფესორები, რომლებიც მომავალ სტუდენტებს სწორედ ამ სემინარებს დახმარებით გაეცნენ. ისინი აუხსნიან თუ როგორი სწავლის მეთოდებია ჩვენთან და რას შეისწავლიან ჩაბარების შემდეგ
„დღეს აქ ის მეთორმეტე კლასელები შეიკრიბნენ, რომლებიც სანდიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში პირობითი ჩარიცხვით მიიღეს. თუმცა, რა თქმა უნდა, ეროვნული გამოცდებიც აუცილებლად უნდა ჩააბარონ.მათ მიღებას ის ქულებიც განსაზღვრავს. ასეთი ღონისძიებები მათ უკეთესად გაცნობაში გვეხმარება“.
მომავალ სტუდენტებს შემდგარი სტუდენტიც გაეცნო, რომელმაც ეს გზა უკვე გაიარა. კესი კაციტაძე სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოქიმიის ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტია. მისი თქმით, ეს უნივერსიტეტი იმიტომ აირჩია, რომ იგი საშუალებას იძლევა ამერიკული ცოდნა და დიპლომი საქართველოშივე მიიღოს.
„ ამერიკელი პროფესორები გვასწავლიან და შეგვიძლია სან დიეგოს მთავარ კამპუსშიც წავიდეთ სასწავლებლად გაცვლითი პროგრამების მეშვეობით. ვფიქრობ, რომ ეს პროგრამა კარიერაში წარმატების მისაღწევად შესაფერისია. იმ მეთორმეტეკლასელებმა, რომლებიც დღეს აქ არიან შეკრებილები, ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღეს, რადგან საქართველოში ეს უნივერსიტეტი ერთადერთია, რომელიც ასეთ შესაძლებლობებს იძლევა,“ – გვითხრა კესიმ.
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორების STEM აკადემიის ფარგლებში ჩატარებულ ლექციებს სულ 40 მეთორმეტე კლასელი დაესწრო, მათ შორის რეგიონებიდანაც.
დამატებითი ინფორმაციისთვის სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებისა და STEM აკადემიის შესახებ, ეწვიეთ ვებგვერდს georgia.sdsu.edu და ფეისბუქზე: https://www.facebook.com/SDSU.Georgia/
(R)
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება
-
შეძლებს თუ არა სტუდენტი მობილობას სახელმწიფოდან კერძო უნივერსიტეტში და პირიქით? – მინისტრის მოადგილის პასუხი
by ARIS.GE-განათლება