GE

სანამ სკოლაში წავა, მოსწავლე უნდა ვავარჯიშოთ ამ წესების დაცვაში – პედიატრის მიმართვა მშობლებს

პედიატრი, თსსუ პროფესორი მაია ხერხეულიძე, მიიჩნევს, რომ სკოლაში პირბადის არ გამოყენება და ამის შედეგად მიღებული რეზულტატი, ისევ მომავალ თაობას დააყენებს ემოციური სტრესის წინაშე და სწორედ ამიტომ, თვლის, რომ მშობლებმა უნდა ავარჯიშონ შვილეები სკოლაში გაშვებამდე კონკრეტულ წესებში.

“ჩვენ ვიზრდებით ამ დაავადებასთან ერთად, ამიტომ, როდესაც დადგა საკითხი, რომ სკოლა უნდა გაიხსნას, სხვანაირად ჩვენ ვერ მივცემთ რეკომენდაციას რომ სკოლა გაიხსნას ნიღბის გარეშე. იმიტომ, რომ ეს იქნება ტოლფასი იმისა, რაც ზამთარში გადავიტანეთ ანალოგიური ტალღა გვქონდეს და შეიძლება, ბავშვებზე ნაკლებად აისახოს თავისი მძიმე მიმდინარეობის თვალსაზრისით, თუმცა ძალიან სერიოზულად აისახოს საერთო ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე და ამან ძალიან დიდი ემოციური პრობლემის, სტრესის წინაშე დააყენოს ჩვენი მომავალი თაობა”, – ამბობს პედიატრი.

ის იმ კონკრეტულ წესებსაც აყალიბებს, რაშიც მშობლებმა შვილები უნდა ავარჯიშონ:

“რა, თქმა უნდა, ყველა ამ რეკომენდაციის დაცვა რთულია განსაკუთრებით 6-დან 11-წლამდე ასაკის ბავშვებში. ამიტომ, აქ ძალიან მნიშვნელოვანია ერთის მხრივ მშობლების ჩართულობა და უნდა ვავარჯიშოთ სანამ სკოლაში წავა. უნდა ვასწავლოთ ეს ყველაფერი როგორ გააკეთოს; უნდა ვაჩვენოთ, რომ ნიღბის გაკეთების წინ ხელი უნდა დაიბანოს ან დაიმუშავოს 60%-ზე მეტი შემცველობის სპირტიანი ხსნარით; უნდა გავატანოთ ეს ხსნარი აუცილებლად სკოლაში, იმიტომ, რომ კი, სკოლაში უნდა იყოს კლასშიც და დერეფანშიც სადეზინფექციო ხსნარები, მაგრამ უმჯობესია, რომ მას ჰქონდეს თავისი და უნდა იცოდეს, რომ ნიღბის მოხსნის წინაც ხელი უნდა დაიმუშავოს და როდესაც იკეთებს, მაშინაც ხელი უნდა დაიმუშავოს. ასევე, უნდა ვასწავლოთ როგორ უნდა გაიკეთოს ნიღაბი, როდს უნდა შეიცვალოს და სად უნდა შეიცვალოს ნიღაბი. საათები არ არის დადგენილი, უნდა ვასწავლოთ, რომ თუ დასველდა ნიღაბი ლაპარაკის დროს უნდა გამოიცვალოს, უნდა იცოდეს ატაროს თუ არა გარე სივრცეში, როდესაც გამოვა და თუ ვთქვათ აქვს სპორტის გაკვეთილი ამ შემთხვევაში როგორ უნდა მოიქცეს. ყველაფერი ეს რეალურად პასუხისმგებლობაა და თუ ბავშვმა არ ივარჯიშა და თქვენ პირდაპირ ასე გაუშვით სკოლაში, შეიძლება პრობლემა დაინახოს, როდესაც ნახავს, რომ სხვა აბსოლუტურად განსხვავებულად აკეთებს ამას და თვითონ არ იცის ეს როგორ გააკეთოს. ამიტომ, ამაზე ვარჯიში აუცილებელია”, – ამბობს მაია ხერხეულიძე.

პროფესორის თქმით, პირბადის შერჩევა მნიშვნელოვანი იქნება ბავშვების გარკვეული ნაწილისთვის.

“არ არის რეკომენდაცია მოცემული, რომ ჩვენ გამოვიყენოთ მაინცდამაინც სამედიცინო ნიღაბი, თუმცა, თუ არის ბავშვი, რომელსაც აქვს ქრონიკული დაავადება და ჩვენ მას სკოლაში ვუშვებთ, (ასევეა მასწავლებლის შემთხვევაშიც), აქ, მან ნაჭრის ნიღაბი არ უნდა გამოიყენოს. აი, ასეთმა ბავშვმა და ასეთმა მასწავლებელმა უნდა გამოიყენოს აუცილებლად სამედიცინო ნიღაბი. სამედიცინო ნიღაბის დროს აუცილებელია მისი ცხვირზე კარგად მორგება, რომ ნამდვილად ასრულებდეს იმ მოვალეობას, რასაც ჩვენ ვაკისრებთ”, – აღნიშნავს სპეციალისტი საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში  “პირადი ექიმი-მარი მალაზონია”.

მისივე თქმით, მშობელმა შვილი სკოლაში ორი (გამოსაცვლელი) ნიღაბით უნდა გაუშვას და როდესაც ერთი დასველდება, თუ ის ნაჭრისაა შეინახოს ერთჯერად პარკში სახლში მიიტანოს და გაირეცხოს და თუკი სამედიცინო ნიღაბი უკეთია, ის უნდა გამოიცვალოს არახალხმრავალ სივრცეში და ძველი გადააგდოს შესაბამის ურნაში.

პედიატრი ამბობს იმასაც, რომ ცხადია, დაკეტილი უნდა იყოს ის სივრცე, სადაც სხვადასხვა ასაკის მოსწავლეები ერთად მიირთმევენ ხემსს, ეს დაუშვებელია.

სპეციალისტი დასძენს, რომ ნებისმიერი წესის ახსნისა და მოსწავლისთვის მიწოდების დროს მშობელი უნდა იყოს ყურადღებიანი და სწორად შეარჩიოს საკომუნიკაციო ენაც, რომ მისი სიტყვები მოზარდისთვის მისაღები და დამაჯერებელი იყოს.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 15 თებერვლიდან სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდება მთელი საქართველოს მასშტაბით იმ გამონაკლისების გარდა, როდესაც შეზღუდვები წერტილოვნად, სკოლების ან კლასების მიხედვით წესდება ან უკვე დაწესებულია.

15 თებერვლიდან სკოლებს დაუბრუნდებიან სამი დიდი ქალაქის – თბილისი, რუსთავი და ქუთაისის მოსწავლეებიც.

ამავე თემაზე:

მოსწავლისა და მშობლის ვალდებულებები საკლასო სწავლების აღდგენის შემდეგ

სამინისტრო სკოლებს: თითოეული მოსწავლე ასაკის შესაბამისად და ყველა მშობელი ინფორმირებული უნდა იყოს ამ საკითხებზე

რა წერია სამინისტროს მიერ სკოლებისთვის გაგზავნილ განახლებულ რეკომენდაციებში – გეგმა 15 თებერვლისთვის

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური