GE

SANGU-ს ფსიქოლოგიის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელებს ედუარდო ჯუსტის პრემია გადაეცათ

საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელებმა, პროფესორებმა – დიმიტრი ნადირაშვილმა და თეა გოგოტიშვილმა, მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო სამეცნიერო კვლევით კონფერენციაში „Open Science HUB 2025“, სადაც ფსიქოთერაპიის კვლევაში განსაკუთრებული წვლილისთვის, მათ ედუარდო ჯუსტის პრემია გადაეცათ.

„Open Science HUB 2025“ წარმოადგენს საერთაშორისო სამეცნიერო პლატფორმას, რომელსაც ხელს უწყობს კამპანიის რეგიონის ფსიქოლოგთა ორდენი და ორგანიზებას უწევს ასოციაცია Phenomena HUB APS. პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს მეცნიერებაში გამჭვირვალობას, ცოდნის გაზიარებას და კვლევითი საქმიანობის განვითარებას ღია მეცნიერების პრინციპების შესაბამისად.

უნივერსიტეტის მიერ 10 ნოემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ღონისძიება ორ ეტაპს მოიცავდა:

7 ნოემბერს, გაიმართა ონლაინ სესია, სადაც 150-ზე მეტმა საერთაშორისო მკვლევარმა საკუთარი ნაშრომი წარადგინა.

8 ნოემბერს, Palazzo Criscuolo-ში (Torre Annunziata, იტალია), გაიმართა მთავარი სამეცნიერო დღე, სადაც პროფესორებმა – დიმიტრი ნადირაშვილმა და თეა გოგოტიშვილმა თემაზე, „ფენომენოლოგიის ხელოვნებიდან სამეცნიერო კვლევამდე“, ერთობლივი მოხსენება წარადგინეს.

ჯილდო პროფესორებს პირადად გადასცა ედუარდო ჯუსტის მეუღლემ, ხოლო პრიზის ვიზუალური სიმბოლო, ვეზუვის ვულკანის ფერადი ფოიერვერკებით შთაგონებული ნამუშევარი, შექმნილია გამორჩეული იტალიელი არტისტისა და კინემატოგრაფისტის მარიო ამურას მიერ.

სანგუ გულითადად ულოცავს პროფესორ დიმიტრი ნადირაშვილს და პროფესორ თეა გოგოტიშვილს მიღწეულ წარმატებას, საერთაშორისო სამეცნიერო აღიარებასა და საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში უნივერსიტეტის ღირსეულად წარმოჩენას.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური