„საპანიკო აქ არაფერია“ – რა არის აბიტურიენტთა არჩევით საგნებში შესული ცვლილების მიზეზი და მიზანი
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილებით, რომლის შესახებ ცნობილი 22 ნოემბერს გახდა, 2018 წლის აბიტურიენტები არჩევით საგნებში გამოცდას მხოლოდ ქართულ ენაზე ჩააბარებენ. გამონაკლისებით კი მხოლოდ ოკუპირებულ ტერიტორეიებზე მცხოვრები აბიტურიენტები ისარგებლებენ.
ცვლილება არ შეეხება ზოგადი უნარების გამოცდას და იგი კვლავ ქართულ, ოსურ, სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე ჩატარდება.
აღნიშნული ცვლილების მიზეზებზე, მიზანსა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე EDU.ARIS.GE-ს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ივა მინდაძე ესაუბრა.
-რას გულისხმობს ცვლილებები ერთიან ეროვნულ გამოცდებზე არჩევით საგნებთან დაკავშირებით?
-აქამდე, 2005 წლიდან, ჩვენ ვთავაზობდით აბიტურიენტებს, რომ ჩაებარებინათ არჩევითი საგნები რუსულ ენაზეც. რეალობა კი გვაჩვენებს, ამის მომხმარებელი არ არის ფართო და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საქართველოში ყველგან ისწავლება ქართული ენა. ამავდროულად, მოგეხსენებათ, ყველა აბიტურიენტმა უნდა ჩააბაროს ქართული ენისა და ლიტერატურის სავალდებულო გამოცდა. ამ ყველაფრის გათალისწინებით, ვფიქრობთ, რომ სავალდებულო გამოცდის რუსულ ენაზე ჩაბარების აუცილებლობა აღარ დგას, თუმცა იმ აბიტურიენტებს, რომლებიც ცხოვრობენ ვთქვათ ოკუპირებულ ტერიტორიებზე და რომლებიც ქართულს არ სწავლობენ, აქვთ საშუალება, მოითხოვონ რუსულ ენაზე გამოცდის ჩაბარება. რასაკვირველია, სურვილის შემთხვევაში.
-თქვენ ფიქრობთ, რომ ის აბიტურიენტები, რომლებიც წარმოადგენენ არაქართულენოვან სექტორს მზად არიან ქართულად ჩააბარონ გამოცდები?
-დიახ, მზად არიან, იმიტომ რომ ისინი უკვე აბარებენ სავალდებულო გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში. უნივერსიტეტში სწავლა მიმდინარეობს ქართულად და ცხადია, თუ აბიტურიენტი აპირებს ქართულ უნივერსიტეტში ქართულად სწავლას, მაშინ მან გამოცდაც ქართულად უნდა ჩააბაროს.
-რა გახდა ამ ცვლილების მიზეზი და რა არის მისი მიზანი?
-შეგვიძლია ვისაუბროთ რამდენიმე ფაქტორზე. ჯერ ერთი, რომ ვცდილობთ ქართული ენის სტიმულირებას. მეორეც ერთი, რომ სავალდებულოა ეს გამოცდა და მესამეც, რომ მსურველების რაოდენობა არ იყო ბევრი. ბოლოს კი, როგორც უკვე ვთქვი, უნივერსიტეტში სწავლება ქართულ ენაზე მიმდინარეობს.
-როდის გადაწყდა ეს ცვლილება?
-დადგენილება ოფიციალური რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა, თუმცა ამაზე ლაპარაკი რამდენიმე წელია მიმდინარეობს. იგივე სამაგისტრო გამოცდები არსებობდა რუსულად, ორი წლის წინ გაუქმდა და აღარ ითარგმნება. ზოგადი უნარების ტესტები შენარჩუნდება – რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენაზეც, რადგან აქ მნიშვნელოვანია მშობლიურ ენაზე ჩაბარება. ჩვენ ვლაპარაკობთ მხოლოდ დამატებით გამოცდებზე.
-ხომ არ იგეგმება ზოგადი უნარების გამოცდის ცვლილებაც?
-არა, ზოგადი უნარების ტესტების შეცვლაზე არ ვფიქრობთ.
-როგორ ფიქრობთ, რამდენიმე თვე საკმარისი იქნება მათთვის ვინც გამოცდების რუსულ ენაზე ჩაბარებისთვის ემზადებოდა, ხომ არ გამოიწვევს ეს ჩაჭრილთა რაოდენობის გაზრდას?
–არამგონია, თუ ლაპარაკობთ რაოდენობაზე, აბარებდა სულ რაღაც ოთხი-ხუთი ადამიანი. სიტყვაზე – ხელოვნებას, სამოქალაქოს, ქიმიას, ფიზიკას ერთეულები აბარებდნენ და არამგონია, მათ გაუჭირდეთ ამ დარჩენილი ცხრა თვის განმავლობაში რაიმე გარკვეული, თუნდაც ტერმინოლოგიური მომზადება. შესაბამისად, სერიოზულ გავლენას სტატისტიკურ მონაცემებზე ეს ვერ იქონიებს.
–როგორ უნდა მოიქცნენ ის აბიტურიენტები, ვინც წლების განავლობაში რუსულად იღებდა განათლებას და მათთვის მოულოდნელი იყო ცვლილება?
–ჩვენს ვებგვერდზე არის გამოქვეყნებული შარშანდელი ტესტის დავალებები, მოცემულია ფორმატი. გაეცნონ ამ ფორმატს და თუ შეკითხვები გაუჩნდებათ შინაარსთან დაკავშირებით, იმუშაონ უკვე მიზანმიმართულად ამ კუთხით. ნახონ ტესტები, როგორი არის და დარწმუნდებიან, რომ გაგების პრობლემები არ შეექმნებათ. საპანიკო აქ არაფერია.
ამავე თემაზე:
კიდევ ერთი ცვლილება – არჩევით საგანს 2018 წლის აბიტურიენტები მხოლოდ ქართულ ენაზე ჩააბარებენ
რა ცვლილებები ელით 2018 წელს აბიტურიენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე – მაია მიმინოშვილი
2018 წლის აბიტურიენტები გამოცდაზე საკუთარი კალმით მისვლას შეძლებენ
მოამზადა გვანცა გუბელაძემ
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება