GE

„საქართველოს ისტორია ნაკლებად იყო“ – რა თემებზე შეხვდათ დავალებები ისტორიის გამოცდაზე აბიტურიენტებს და როგორია მათი შეფასებები

17 ივლისს 2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები ისტორიის გამოცდით გრძელდება. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 45 000 აბიტურიენტია რეგისტრირებული, ისტორიის საგანი კი მათგან 22 600-მდე აბიტურიენტს აქვს არჩეული. გამოცდა ორი დღის განმავლობაში ჩატარდება.

ისტორიის გამოცდიდან გამოსული აპლიკანტები, რომლებმაც პირველი სესიის ტესტზე იმუშავეს იმ თემებს იხსენებენ, რომლებიც დავალებების სახით შეხვდათ და ასევე, გამოცდის სირთულეს აფასებენ.

ისტორიის გამოცდას დღეს და ხვალ 22 000-ზე მეტი აბიტურიენტი ჩააბარებს – რა შეიცვალა ტესტში და რამდენია დრო

აბიტურიენტების შეფასებით, ტესტი საშუალო სირთულის შეხვდათ და მიუხედავად ტესტში მოცემული ახალი ფორმატის დავალებისა, საგამოცდო დრო მათთვის საკმარისზე მეტი იყო, არც დავალებების შესრულების პროცესში ჰქონიათ სირთულეები.

თბილისის საგამოცდო ცენტრიდან გამოსული ლუკა ჭანკვეტაძე ტესტში მოსული ახალი ფორმატის დავალების პირობას იხსენებს.

“ეს დავალება შეეხებოდა ანტიკურ პერიოდს. იყო ძველბერძნულ კოლონიზაციაზე. დავალება გვთხოვდა, რომ განგვესაზღვრა, რა გახდა ბერძნული კოლონიზაციის დაწყების მიზეზი, რა შედეგით დასრულდა და რა ურთიერთკავშირში იყვნენ კოლონიზატორები კოლხეთის ქართულ სამეფოსთან. კიდევ ერთი დავალება მახსენდება. ბრძოლის ტექნიკური გეგმა იყო მოცემული და უნდა გამოგვეცნო, როგორ წარიმართებოდა. ევროპის ისტორიის შუა პერიოდიდან იყო ეს ბრძოლა, სახელს ვერ ვიხსენებ, რადგან ცნობილი ბრძოლა არ ყოფილა”, – ამბობს EDU.ARIS.GE-სთან ლუკა.

მარიამ გურასაშვილი კი აცხადებს, ტესტი მისთვის იოლი იყო, მაგრამ გული სწყდება, რომ საქართველოს ისტორიიდან მეტ კითხვას ელოდა და მისი მოლოდინი არ გამართლდა.

“ისტორიულ რუკაში არაბები პირდაპირ არ ყოფილა ნახსენები. საღვთო რომის იმპერიის დაპყრობებზე იყო რუკა და პუატიეს ბრძოლა. რადგან დასათაურებული იყო, მივხვდით, რომ არაბებს შეეხებოდა. საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიიდან (1918-1921 წლები), ასევე, 1991 წლის შემდეგი პერიოდიდან არ ყოფილა კითხვები. 1921 წელს შეეხებოდა წყარო, მაგრამ საპროტესტო გამოსვლებზე იყო. უფრო მეტი მოლოდინი მქონდა, რომ საქართველოს ისტორიიდან მეტი კითხვა იქნებოდა. დაახლოებით 70% მსოფლიოდან იყო”, – გვითხრა მუხიანის საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა აბიტურიენტმა.

ისტორიის გამოცდას აფასებენ გორში გახსნილი ცენტრის გამოსაცდელებიც და თვლიან, რომ საქართველოს ისტორიიდან ნაკლები საკითხების შემოსვლა კარგი არ არის.

“ტესტში საქართველოს ისტორია ნაკლებად იყო წარმოდგენილი. მხოლოდ რამდენიმე კითხვა თამარის ხანიდან, რაც ძალიან ცუდია. ჩვენ ქართველები ვართ და კარგი იქნება, რომ მეტი საკითხები სწორედ საქართველოს ისტორიიდან იყოს და არა მსოფლიოდან. მსოფლიოს ისტორიაც კარგად ვიცი, მაგრამ მაინც გულდაწყვეტილი ვარ. მგონი, სულ ასეა და არ შეაქვთ ქართველების ისტორია ტესტებში დიდი დოზით“, – აგვიხსნა ნინი ბიძინაშვილმა.

თეკლა ქიმერიძის შეფასებით, ტესტი ადვილი იყო და საკითხები უპრობლემოდ დაწერა.

“მე-6 დავალება იყო ახალი ტიპის და შემხვდა ბერძნული კოლონიზაცია. უნდა დაგვეწერა მისი ანალოგი. მე ანალოგად მოვიყვანე ხალხთა დიდი გადასახლება. ილუსტრაცია მოვიდა მეორე მსოფლიო ომიდან – 1941 წლის 7 დეკემბერი. სხვა საკითხები, ძირითადად, ძველი ისტორიიდან შემოვიდა და ძალიან ცოტა იყო კითხვები საქართველოს ისტორიიდან. რუკა გვქონდა უადვილესი. საღვთო რომის იმპერია დავწერე, იმპერიის გაფართოება. ამის წყარო იყო 1921 წლის საქართველოში მუშების ამბოხება, ვინაიდან რუსეთმა წაართვა ყველაფერი და რასაც იღებდნენ გლეხები, ისინი ყველაფერს ართმევდნენ. კითხვებიც უადვილესი იყო, რადგან პასუხები წყაროშიც ეწერა. ასევე, ქრონოლოგია იყო დასალაგებელი ინგლისის, საფრანგეთისა და ნიდერლანდების რევოლუცია“.

გორის მესამე საგამოცდო ცენტრიდან გამოსული კიდევ ერთი აპლიკანტი აქცენტს კვლავ საქართველოს ისტორიის საკითხებზე აკეთებს და იხსენებს, რომ ილუსტრაციის დავალებას ყველაზე მეტი დრო დაუთმო.

“ჩვენ ისეთი დიდი ისტორიის ქვეყანა ვართ, სირცხვილია, რომ საკითხების დიდი ნაწილი არა საქართველოს, არამედ მსოფლიოს ისტორიიდან იყო. სხვადასხვა ისტორიული საკითხი იყო მოცემული, კოლონიზაციებზე, რევოლუციები და იყო კარიკატურა/ილუსტრაცია, რომლის გარკვევასაც ყველაზე დიდი დრო დავუთმე. ადრე მოვრჩი გამოცდას და სურათი გამიძნელდა“, – აღნიშნავს გიგი მანველიშვილი.

თბილისის 177-ე საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრიდან გამოსული ზუკა ხაფავა თვლის, რომ ძალიან ძნელი დავალებები  არ ყოფილა. მისი აზრით, თუ ისტორიაში კარგი მასწავლებელი გყავს, ეს ყველასათვის საყვარელი საგანი იქნება.

“წლების ცოდნა არაფერში გჭირდებოდა. უბრალოდ, უნდა გვცოდნოდა ქრონოლოგია, თუ რა რის შემდეგ მოხდა. წყარო, ჩემი აზრით, ძნელი იყო, კითხვები უფრო დამაბნეველი, ვიდრე წინა წელს. ქრონოლოგიები ჩემთვის მარტივი აღმოჩნდა. ერთი იყო სასანიანთა ირანზე, მეორე იყო რევოლუციებზე და მესამე იყო სამხედრო ბლოკების შექმნაზე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, იდეაში ცივ ომზე. რუკა ფრანკთა სამეფოზე მოვიდა – გაფართოებაზე, საქსები და სხვა. კარიკატურა/ილუსტრაცია იყო პერლ-ჰარბორზე და ბრძოლის სქემა იყო კოსოვოს ბრძოლაზე, თუ არ ვცდები. პარალელების დავალება მარტივი იყო, მაგრამ არგუმენტები შედარებით რთული. ისტორიის ცოდნა ანალიზის უნარს და თვალსაწიერს გიფართოებს და ბევრად უფრო საინტერესო ადამიანი ხდები”, – ამბობს ზუკა.

“ჩავაბულბულე და გამოვედი, ზოგი მარტივი იყო, ზოგი – ისე რა”, – ასე პასუხობდნენ გულშემატკივრების კითხვებს ქუთაისის 23-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აბიტურიენტები, რომელთაც გამოცდა ისტორიაში ჩააბარეს.

აბიტურიენტები ჩვენთან საუბრისას ამბობენ, რომ საკითხები საშუალო სირთულის იყო. მათ შორის ახალი დავალება, რომელიც 6 ქულით ფასდება.

“მთლიანობაში ისეთი რთული არ იყო, როგორსაც ველოდი. წყარო და რუკები მარტივი მოვიდა. კარიკატურაზე/ილუსტრაციაზე პირდაპირ დაინახავდი მეორე მსოფლიო ომზე რომ იყო. ახალი ტიპის დავალება – 6 ქულიანიც არ გამიჭირდა, ამასაც უფრო რთულს ველოდი. არ ვიცი, რამდენ ქულას ავიღებ, მაგრამ მგონია, კარგად დავწერე. ბევრი აბარებს ისტორიას, მაგრამ მე ფსიქოლოგიაზე ვაბარებ. რომელი უნივერსიტეტიც მიწერია, ვფიქრობ, მაქვს შანსი პირველივეზე მოვხვდე”, – გვითხრა ნანუკა კიკნაძემ.

ახალი ფორმატის დავალებას აფასებს აბიტურიენტი ნინო ცინცაძეც და იხსენებს, რომ მსგავსი ტიპის დავალებებზე პედაგოგთან კარგად იმეცადინა:

“საშუალო სირთულის გამოცდა იყო. ზოგადი ცოდნაც სჭირდებოდა და ფაქტობრივიც. ტესტი ლოგიკურ აზროვნებასაც მოითხოვდა. წყაროები მარტივი იყო. რაც შეეხება ახალ დავალებას, არ გამირთულდა, პარალელების მოყვანა და არგუმენტაცია სჭირდებოდა. მსგავს დავალებებზე ნამუშევარი მქონდა და კარგად დავწერე”.

ზაური დევიძე ერთ-ერთი ის აბიტურიენტია, ვინც ისტორიის ახალი დავალების დაწერისგან თავი შეიკავა. ამბობს, რომ სხვა დავალებებისგან განსხვავებით, მეტ ცოდნას მოითხოვდა და შეცდომის დაშვების შანსი დიდი იყო.

“ახალი დავალება ზუსტ არგუმენტაციას მოითხოვდა, ისე არ გასწორდებოდა და ეს დავალების პირობაშიც ეწერა. შესაბამისად, მე საერთოდ არ დავწერე. დანარჩენი დავალებები გავაკეთე. ტესტი მთლიანობაში საშუალო სირთულის იყო. მეტ მარტივს არც ველოდი. ვფიქრობ, ქართულისა და უცხო ენის გამოცდა კარგად დავწერე. მესამე საგანი ისტორია მქონდა. დღეს დავამთავრე და ამოვისუნთქე”, – აღნიშნა ქუთაისის 23-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა აპლიკანტმა.

ასევე იხილეთ:

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადეს: მზეო შველიძემ, ბაჩანა ტყემალაძემ, ნიკა გაბლიშვილმა და ანა ჯიქიამ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური