საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორების – მინდია უგრეხელიძისა და ბექა ქანთარიას ორწიგნეულის პრეზენტაცია გაიმართა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებითა და მასპინძლობით, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) პროფესორების – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტის, მინდია უგრეხელიძისა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამეცნიერო ჟურნალის რედაქტორის, ბექა ქანთარიას ორწიგნეულის – „XIX საუკუნის საქართველო ევროპული სამართლებრივი კულტურის მაგისტრალზე“ პრეზენტაცია გაიმართა.
უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, ორივე ტომის რედაქტორია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი. ორწიგნეული მომზადდა და გამოიცა CIU-ს სამართლის ფაკულტეტის კონსტიტუციური დემოკრატიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ბაზაზე.
პრეზენტაციას საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწეები, კონსტიტუციონალისტები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ. სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევევბის დეპარტამენტის ხელმძღვანელი სესილი გოგიბერიძე, აკადემიკოსი მინდია უგრეხელიძე და პროფესორი ბექა ქანთარია.
ორწიგნეული წარმოადგენს მნიშვნელოვან სამეცნიერო გამოცემას, რომელიც დადასტურებაა იმისა, რომ საქართველოში კონსტიტუციური იდეების ჩასახვა, გავრცელება და განვითარება გაცილებით ადრე დაიწყო, ვიდრე XX საუკუნის 20-იან წლებში, რაზეც თანამედროვე ქართულ სამართალმცოდნეობაში ხშირად მიუთითებენ. ორტომეულში თავმოყრილი პუბლიკაციები, რომლებიც მე-19 საუკუნის ქართულ პერიოდიკაში იყო გამოქვეყნებული, ცხადყოფს, რომ ქართული საზოგადოება დიდი ინტერესით ეზიარა ევროპულ სამართლებრივ და კონსტიტუციურ კულტურას, სიღრმისეულად დაეწაფა ცოდნას კონსტიტუციური დემოკრატიის, სამართლის უზენაესობისა და ადამიანის ძირითადი უფლებების შესახებ.
გამოცემა იმ თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია, რომ იგი წარმოაჩენს საქართველოს, არა როგორც ევროპული სამართლებრივი სინამდვილის პერიფერიას, არამედ როგორც მისი ქმნადობის პროცესის უშუალო მონაწილეს. ეს კი მე-19 საუკუნის ევროპული კონსტიტუციონალიზმის ძირითადი ტენდენციების გავრცელებასა და დამკვიდრებასათანაა დაკავშირებული. ამ დროის ქართულ პრესაში დაბეჭდილი უაღრესად საინტერესო პუბლიკაციები კონსტიტუციის, სახელმწიფო მმართველობის, ხელისუფლების ცალკეული განშტოებების, დემოკრატიის, თავისუფლებისა და სამართლის ფუნდამენტურ საკითხებზე, იძლევიან მეცნიერული დასკვნის საშუალებას, რომ ამ ეპოქაში ქართველ ხალხს კონსტიტუციონალიზმის იდეები ფართოდ ჰქონდა გააზრებული და გათავისებული.
ორტომეული კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეროვნული სამართლებრივი და კონსტიტუციური აზროვნება ისტორიულად დასავლურ ტრადიციებთან იყო დაკავშირებული და ინტერესი ამ იდეების მიმართ, საქართველოში საუკუნეზე მეტი ხნის წინ არსებობდა. ამიტომ, გამოცემა არა მხოლოდ ისტორიული მნიშვნელობის წყაროა, არამედ სამეცნიერო ნაშრომია თანამედროვე ქართული კონსტიტუციონალიზმის ფესვების შესახებ.
ორწიგნეული ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ იღვწოდნენ დიდი ქართველი განმანათლებლები და მათი მიმდევრები, რათა გაეყვანათ ერი ევროპული სამართლებრივი კულტურის ფართო მაგისტრალზე. დიდწილად, სწორედ ამის ნაყოფია საქართველოს 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუცია, მათ შორის თანამედროვე ქართული კონსტიტუციონალიზმი.
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს, საქართველოს საპატრიარქოსა და სამედიცინო ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
CIU-ს მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტმა ევროპის სხვადასხვა ქვეყნის საელჩოებიდან ახალგაზრდა სტაჟიორებს უმასპინძლა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
CIU-ში პროფესიული მომზადების პროგრამის – „გერიატრიული ასისტენტის“ სასწავლო პროცესის გახსნის საზეიმო ღონისძიება გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი