საქართველოს მოსწავლეთა მიღწევები კითხვასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში მნიშვნელოვნად გაუარესებულია – PISA-ს ანგარიში
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის PISA 2018 წლის ოფიციალური შედეგების ძირითადი მიგნებები 2019 წლის დეკემბერში გამოაქვეყნა, დეტალური ანგარიში კი დაახლოებით ერთი წლის თავზე, დღეს 13 ნოემბერს შემოგვთავაზა.
PISA-ს ბოლო კვლევის, მიხედვით, საქართველოს შედეგები 2015 წლის შედეგებთან შედარებით ყველა ნაწილში – მათემატიკა, საბუნებისმეტყველო საგნები და წიგნიერება, გაუარესებულია. ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სოფო გორგოძეც საუბრობდა, თუმცა მისი შეფასება ისეთი რადიკალური არ ყოფილა, როგორც ეს კვლევის ანგარიშში იკვეთება.
“მოკლევადიანი პერსპექტივაში (2015-2018 წლები) საქართველოს მოსწავლეთა მიღწევის მაჩვენებლები კითხვისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სფეროებში მნიშვნელოვნად არის გაუარესებული. ამასთან, შეფასების თითოეულ ამ ორ სფეროში, 2018 და 2015 წლების შედეგებს შორის განსხვავება სტატისტიკურად მნიშვნელოვანია. გრძელვადიან პერსპექტივაში (2009-2018 წლები) ქვეყნის მაჩვენებელი ამ ორ სფეროში საწყის (PISA 2009-ის) მაჩვენებლებს მცირედ აღემატება, მაგრამ ეს განსხვავებები სტატისტიკურად მნიშვნელოვანი არ არის”, – ვკითხულობთ კვლევაში.
კვლევაში ჩაშლილადაა მოცემული კითხვის, მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების რა ნაწილში უჭირთ მოსწავლეებს ყველაზე მეტად.
მოსწავლეთა მიღწევები კითხვის კომპონენტების (ქვესკალების) მიხედვით:
კვლევაში წარმოდგენილია საქართველოს მოსწავლეების მიღწევები კითხვის სამ კომპონენტში: ინფორმაციის მოძიება, ტექსტის გაგება, შეფასება და რეფლექსია. მიღებული შედეგებით კი ირკვევა, რომ მოსწავლეებს პირველი კომპონენტის დავალებები განსაკუთრებით უჭირთ. ინფორმაციის მოძიების კომპონენტში მსგავსი მოკრძალებული შედეგი პარალელური და დაბრუნებით ძიების უნარების განუვითარებლობაზე მეტყველებს.
“ხსენებული უნარები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 2018 წლის ჩარჩოთი გათვალისწინებული იმ დავალებების შესასრულებლად, რომლებიც მრავლობით წყაროებს ეფუძნება. ამასთან ერთად, 2015 წლის ციკლთან შედარებით კითხვის კომპონენტებში შედარებით დაბალი მიღწევის ერთ-ერთი სავარაუდო მიზეზი შეიძლება 2018 წელს ტესტის ახალ ფორმატზე (CBA/CAT) გადასვლაც ყოფილიყო”, – აღნიშნულია PISA-ს ბოლო კვლევაში.
აღსანიშნავია, რომ კითხვის ნაწილში საქართველო მისი შედეგეთი მხოლოდ პანამას, ინდოენიზას, მაროკოს, კოსოვოს, დომინიკის რესპუბლიკასა და ფილიპინებს უსწრებს.
მოსწავლეთა მიღწევები მათემატიკაში:
მათემატიკაში მოსწავლეთა საშუალო ქულით (398) საქართველო 79 მონაწილე ქვეყნიდან იმ 44-ს შორისაა, რომლებშიც მოსწავლეთა მიღწევების საშუალო მაჩვენებელი მნიშვნელოვნად ჩამორჩება მათემატიკაში OECD-ის წევრი 37 ქვეყნის საშუალოს (489 ქულას). საქართველოს რეიტინგული ადგილი 79 ქვეყნის მოსწავლეთა შედეგების მიხედვით, 63-68-ე ადგილებს შორისაა მოქცეული.
საქართველოს მოსწავლეთა უმეტესი ნაწილი – 61% მათემატიკაში მიღწეული შედეგებით დაბალი მიღწევის ჯგუფში ანუ მე-2 დონის ქვემოთ მოხვდა, რას გულისხმობს ეს დონე კვლევის მიხედვით: “მეორე დონეზე მოსწავლეებს შეუძლიათ სიტუაციების ინტერპრეტრება და ამოცნობაისეთ კონტექსტში, რომელიც არ შემოიფარგლება უბრალოდ პირდაპირი ციტირებით. მათ შეუძლიათ ინფორმაციის ამოღება მხოლოდ ერთი წყაროდან და შედეგების წარდგენის მხოლოდ ერთი ფორმის გამოყენება. ამ საფეხურზე მოსწავლეებს შეუძლიათ ძირითადი ალგორითმების, ფორმულების გამოყენება, პროცედურებისა და პირობები ს შესრულება. ამ საფეხურზე მოსწავლეებს შეუძლიათ პირდაპირი მსჯელობა და ასევე შედეგების პირდაპირ ახსნა და წარმოდგენა”.
მათემატიკაში მიღწეული შედეგებით მაღალი მიღწევის ჯგუფში კი (მე-5 და მე-6 დონეები) მოსწავლეთა მხოლოდ 1% აღმოჩნდა. რას გულისხმობს მაგალითად მე-6 დონე და რა მახასიათებლები აქვს ამ დონეზე მოხვედრილ მოსწავლეებს: ” მეექვსე დონეზე მოსწავლეებს შეუძლიათ საკუთარი დაკვირვებებიდან ან კომპლექსური პრობლემური სიტუაციის მოდელირებიდან მიღებული ინფორმაციის კონცეპტუალიზაცია, განზოგადება და გამოყენება. მათ შეუძიათ სხვადასხვა წყაროსა და რეპრეზენტაციის ერთმანეთთან დაკავშირება. ამ საფეხურზე მოსწავლეებს შეუძლიათ უფრო მაღალი რიგის სააზროვნოუნარების გამოყენება და მსჯელობა. გარდა ამისა, ამ მოსწავლეებს აქვთ უნარი, გამოიყენონ ცოდნა სიმბოლური და ფორმალური მათემატიკური ოპერაციებისა და ურთიერთკავშირების შესახებ და მათზე დაყრდნობით შეიმუშაონ შესაფერისი მიდგომები და სტრატეგიები ახალი სიტუაციის/პრობლემის გადასაჭრელად. ამ საფეხურზე მოსწავლეებს შეუძლიათ თავიანთი ემოციების, ინტერპრეტაციების, მიგნებების, არგუმენტებისა და მათი შესაბამისობების მიხედვით ქცევებისა და ფიქრის პროცესის ფორმულირება და ზუსტად გადმოცემა”.
მოსწავლეთა მიღწევები საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში:
საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში მოსწავლეთა მაჩვენებლის (383 ქულა) მიხედვით, საქართველო იმ 49 ქვეყანას შორისაა, რომლებშიც მოსწავლეთა მიღწევების საშუალო მაჩვენებელი მნიშვნელოვნად ჩამორჩება საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში OECD-ის საშუალოს (489 ქულას). საქართველოს რეიტინგული ადგილი 79 მონაწილე ქვეყნის მოსწავლეთა შედეგების მიხედვით 71-74-ე ადგილებს შორისაა მოქცეული. საქართველოს მოსწავლეთა საშუალო მიღწევა საბუნებისმეტყველო საგნებში სტატისტიკურად მნიშვნელოვნად არ განსხვავდება შემდეგი ქვეყნების საშუალო მაჩვენებლებისგან: საუდის არაბეთი, ლიბანი და მაროკო.
აქაც, მაღალი მიღწევის ჯგუფში (მე-5 და მე-6 დონეები) საქართველოს მოსწავლეთა მხოლოდ 1%-ზე ნაკლები აღმოჩნდა, ხოლო მოსწავლეთა უმეტესი – 64% დაბალი მიღწევის ჯგუფში (მე-2 დონის ქვემოთ) მოხვდა.
როგორც კვლევიდან ირკვევა, სამივე მიმართულებაში საქართველო მოსწავლეთა შედეგებით მონაწილე ქვეყნებს შორის ბოლო პოზიციებს იკავებს. თუმცა როგორც კვლევაშია აღნიშნული, გარდა სხვა გარემო ფაქტორებისა, PISA-ს ყველა ციკლის შედეგები ცხადყოფს, რომ ყველა მონაწილე ქვეყანაში მოსწავლეთა სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი მათ მიღწევებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.
“PISA 2018-ის მონაცემების თანახმად, საქართველოში კითხვაში დაბალი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე მოსწავლეების მიღწევების საშუალო 68 ქულით ნაკლებია მაღალი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე მოსწავლეებისაზე”, – აღნიშნულია კვლევაში.
შეგახსენებთ, რომ მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა (PISA) ციკლური ხასიათის საერთაშორისო კვლევაა, რომელიც 2000 წლიდან სამ წელიწადში ერთხელ ტარდება. კვლევას ატარებს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია( OECD) და მასში მონაწილეობენ ორგანიზაციის წევრი და პარტნიორი ქვეყნები. საქართველო PISA-ში 2009 წლიდან მონაწილეობს.
PISA -ს ფარგლებში ფასდება მოსწავლეთა კომპეტენციები კითხვის, მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სფეროებში. PISA 2018-ის ციკლში (ისევე, როგორც 2000 და 2009 წლებში) წამყვან სფეროს კითხვა წარმოადგენდა. მასში 79 ქვეყნისა და ეკონომიკის დაახლოებით 600 000-მა 15 წლის ასაკის მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.ისინი მოსწავლეთა 32-მილიონიან პოპულაციას წარმოადგნდნენ.
PISA 2018-ში მონაწილეობა მიიღო საქართველოს 326 სკოლის 5 572 მოსწავლემ.
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება