GE

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტმა USAID-თან თანამშრომლობით ორწლიანი საგანმანათლებლო პროექტი დაიწყო

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტმა, USAID-თან თანამშრომლობის ფარგლებში პროფესიული განათლების პროგრამების შემუშავებისა და გაძლიერების ორწლიანი საგანმანათლებლო პროექტი დაიწყო.

პროექტი მიზნად ისახავს საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების ტექნიკოსებისა და აეროდრომების ექსპლუატაციის სპეციალისტთა მოსამზადებელი ახალი პროფესიული პროგრამების შემუშავებას და საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სექტორის განვითარების ხელშემწყობი ღონისძიებების ორგანიზებას. კერძოდ, თანამშრომლობის ფარგლებში უნივერსიტეტი მოამზადებს და გადაამზადებს საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ პერსონალს საზღვარგარეთ უნივერსიტეტის პარტნიორ სასწავლო დაწესებულებებში. უკვე დაწყებულია სასწავლო ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესების სამუშაოები, თანამედროვე სასწავლო ლიტერატურისა და ელექტრონული რესურსების შეძენა. ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით მიიღწევა შრომის ბაზრის საჭიროებებზე მორგებული ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს IV დონის შესაბამისი 4 გრძელვადიანი ახალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავება:

  • აირტურბინული ძრავების მქონე საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურება – კატეგორია A
  • 2000 კილოგრამზე ნაკლები მაქსიმალური ასაფრენი მასის მქონე საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურება – კატეგორია B3
  • აირტურბინული ძრავების მქონე შვეულმფრენების ტექნიკური მომსახურება – კატეგორია B 1.3
  • აეროდრომების ექსპლუატაცია

გრანტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია პრაქტიკული კომპონენტის გაძლიერება 2 (ორი) არსებული ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს V დონის შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისათვის:

  • აირტურბინული ძრავების მქონე საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურება – კატეგორია B 1.1
  • საჰაერო ხომალდების ავიონიკის ტექნიკური მომსახურება – კატეგორია B2

2023 წლის 6 ივლისს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში პროექტის გახსნის ღონისძიება გაიმართა, რომელსაც დაესწრნენ და პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ბატონმა გიორგი ამილახვარმა, აშშ-ის ელჩის მოადგილემ ბატონმა ალან ფერსელმა, საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ ბატონმა გივი მიქანაძემ. პროექტი დადებითად შეფასდა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, პროფესიული უნარების სააგენტოს, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების, უნივერსიტეტის პარტნიორი ავიაკომპანიების წარმომადგენელთა და სტუდენტების მიერ.

მოწვეულმა სტუმრებმა აღინიშნეს რომ, პროექტის შედეგებს პოზიტიური გავლენა ექნება საქართველოში პროფესიული განათლების დონისა და საავიაციო დარგის განვითარებისათვის. პროექტი ხელს შეუწყობს შრომის ბაზრის მოთხოვნებზე მორგებული პროგრამების შემუშავებას, უზრუნველყოფს დასაქმების პირობების გაუმჯობესებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.

პროექტის განხორციელება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დახმარებით გახდა შესაძლებელი. საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი მადლობას უხდის USAID-ს თანამშრომლობისა და მხარდაჭერისათვის!

(რ)

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
aris.ge-adm