„საქართველოში უმაღლესი განათლების მქონე სამუშაო ძალის უმუშევრობის დონე ერთ-ერთი ყველაზე მაღალია ქვეყნებს შორის“ – კვლევა
დადასტურებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2026 წელს სტუდენტი კიდევ მრავალი ათასი ახალგაზრდა გახდება. თუმცა, რამდენად სწორად აირჩიეს უმაღლესი განათლების პროფილი და გამოიმუშავებენ თუ არა მიღებული პროფესიით შემოსავალს, ეს ჯერ უცნობია.
უმაღლესი განათლების მქონე უმუშევარი მოქალაქეების რაოდენობა სხვა ქვეყნებთან არის შედარებული „გალტ & თაგარტის“ კვლევაში, რომელიც საქართველოს განათლების სექტორს ეხება და სადაც კიდევ ერთხელ შეგვახსენებენ, რომ „ადგილობრივ ბაზარზე, კურსდამთავრებულების პროფილი შრომის ბაზრის მოთხოვნებს არ შეესაბამება“.
კვლევაში ახსნილია, თუ როგორ მივდივართ ამ შედეგამდე:
“საქართველო გამოირჩევა ბიზნესის, სამართლისა და სოციალური მეცნიერებების მიმართულებებზე სტუდენტების უჩვეულოდ მაღალი წილით, ხოლო განათლების, ინჟინერიის, პროფესიული და ტექნიკური მიმართულებების სტუდენტების წილი მნიშვნელოვნად დაბალია. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ 2026 წელს ჩატარებული შრომის ბაზრის ანალიზის მიხედვით, ქვეყანაში ბიზნესის, სამართლისა და სოციალური მეცნიერებების მიმართულებების კურსდამთავრებულთა მიწოდება აღემატება შრომის ბაზრის მოთხოვნას, მაშინ როდესაც პროფესიული/განათლების მიმართულებით მწვავე დეფიციტი ფიქსირდება. შედეგად, საქართველოში უმაღლესი განათლების მქონე სამუშაო ძალის უმუშევრობის დონე ერთ-ერთი ყველაზე მაღალია შესადარის ქვეყნებს შორის”, – ვკითხულობთ ანგარიშში.
რაც შეეხება უმაღლესი განათლების მქონე მოქალაქეების შედარებას სხვა ქვეყნებთან, აღნიშნულია, რომ საქართველოში უმაღლესი განათლების მქონე პირებში უმუშევრობის დონე 2024 წელს 11% იყო, რაც მნიშვნელოვნად აღემატება OECD-ის საშუალო მაჩვენებელს (4.8%) და უმაღლესი განათლების შედეგებსა და შრომის ბაზრის მოთხოვნებს შორის სუსტ შესაბამისობაზე მიუთითებს.
კვლევაში ერთი დამაიმედებელი პასაჟიც არის, რომლის თანახმად, 2024 წელს 20-34 წლის კურსდამთავრებულთა დასაქმების დონე 59.7%-მდე გაიზარდა 2020 წლის 49.4%-დან, რაც კურსდამთავრებულების შრომის ბაზარზე ინტეგრაციის გაუმჯობესებაზე მიუთითებს.
(„გალტ & თაგარტი“ არის წამყვანი საინვესტიციო ბანკი საქართველოში და ლონდონის ბირჟაზე განთავსებული Lion Finance Group PLC-ის შვილობილი კომპანია).
-
სასკოლო ფორმის ნებაყოფლობითობის შესახებ – „აუცილებელია, ეს ინფორმაცია განათლების სამინისტრომ საჯაროდ წარმოადგინოს“
by განათლებული ბლოგი
-
„ახალი სასკოლო წიგნების სარჩევი მაინც გამოაქვეყნეთ!“ – რა პასუხი აქვს განათლების სამინისტროს მე-5, მე-7 და მე-10 კლასების პროგრამის გასაიდუმლოებაზე
by ARIS.GE-განათლება
-
გამოქვეყნდა შედეგები და სწორი პასუხები მასწავლებლის გამოცდების ზოგიერთ საგანში – გამოცდები 2026
by სიახლეები პედაგოგთა გამოცდებზე

