GE

„სასკოლო სისტემის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება დღის წესრიგში ყველა ხელისუფლების პირობებში დგას“

„სკოლების დეპოლიტიზება: ძირითადი ტენდენციები, მიგნებები და გამოწვევები“ – „განათლების კოალიციისა“ და „ღია სივრცე კავკასიის“ ორგანიზებით, რეგიონული ნდობის ჯგუფების საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა.

ანგარიში მიმოიხილავს პროექტის „რეგიონული ნდობის ჯგუფები განათლების დეპოლიტიზებისთვის“ ფარგლებში გამოკვეთილ ტენდენციებსა და გამოწვევებს, სისტემის ყველა დონეზე, წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიზაციის ინსტრუმენტებისა და ბერკეტების გამოყენების შესახებ. ორგანიზატორების განმარტებით, მასში წარმოდგენილი რეკომენდაციები მიმართულია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებზე არამართლზომიერი პოლიტიკური გავლენების შემცირებისა და აღმოფხვრისაკენ, რაც პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტებისა და ბერკეტების ხელისშემწყობი საკანონმდებლო ხარვეზების აღმოფხვრას, სისტემურ ცვლილებებსა და საინფორმაციო კამპანიის წარმართვას გულისხმობს.

მათივე თქმით, პროექტის მიზანი ზოგადი განათლების სისტემის დეპოლიტიზების მხარდაჭერისთვის რეგიონული ნდობის ჯგუფების ჩამოყალიბებაა, რაც ხელს შეუწყობს განათლების სფეროში დასაქმებული ადამიანების ინფორმირებულობის ხარისხის გაზრდას, პოლიტიკური გავლენებისგან დაცვას და მათი რესურსების არამართლზომიერი გამოყენების პრევენციას.

პრეზენტაცია გახსნა და განათლების დეპოლიტიზების მნიშვნელობაზე ისაუბრა „განათლების კოალიციის“ დირექტორმა გიორგი ჭანტურიამ და დასძინა, რომ კოალიციის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ ესაა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეს თემა 2012 წლიდან მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ პრიორიტეტად სახელდებოდა, მნიშვნელოვანი წინსვლა, ამ მიმართულებით, არ ყოფილა.

„ვიცით, რომ ამ პრობლემას ფესვები აქვს გადგმული, მაგრამ არსებობენ ადამიანები, სკოლებშიცა და სკოლის გარეთაც, რომლებიც ინდივიდუალურად, თავისთვის მუშაობენ. მუშაობის პროცესში მივხვდით, რომ შეუძლებელი იქნებოდა რაიმე მნიშვნელოვანი წინსვლა გვქონოდა, თუ ჩვენთან ერთად, ეს ადამიანები არ იქნებოდნენ, რომლებიც ამ თემაზე ადგილებზე იმუშავებდნენ. გვინდოდა, ამ პროექტით პრობლემები საჯაროდ გამოგვეტანა, გვეჩვენებინა, რომ ისინი არსებობენ და დღის წესრიგში დაგვეყენებინა. ასევე, ის ძალისხმევა, რასაც ჩვენ, ყველა, ინდივიდუალურად ვდებთ, გაგვეერთიანებინა და ერთ სივრცეში, ერთ მოძრაობაში მოგვექცია, რომელსაც სკოლის დეპოლიტიზების მოძრაობას ვეძახით. ამ პროექტის მთავარი ამოცანა ეს იყო და ვფიქრობ, გამოგვივიდა. იმედი მაქვს, რომ ერთობლივად კიდევ უფრო მეტი წინსვლა გვექნება“, – განაცხადა განათლების კოალიციის დირექტორმა.

შეხვედრაზე რეგიონული ნდობის ჯგუფების კოორდინატორებმა და წამომადგენლებმა დეპოლიტიზების საზოგადოებრივი მოძრაობის საქმიანობის სპეციფიკის, დაბრკოლებებისა და განვითარების სამომავლო გეგმების შესახებაც იმსჯელეს.

„ღია სივრცე კავკასიის“ თავმჯდომარე ირმა პავლიაშვილი EDU.ARIS.GE-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ მუშაობის პროცესმა ნათლად აჩვენა – პოლიტიზების ინსტრუმენტების გამოყენება, წინასაარჩევნო და საარჩევნო პერიოდში, სისტემური პრობლემაა. ძირითადად კი, რა თქმა უნდა, მმართველი პარტიისადმი ლოიალური დამოკიდებულება იკვეთება.

„მასწავლებლებისა და დირექტორების წინააღმდეგ იძულების ხერხების გამოყენება ხდება, რათა საარჩევნო პროცესში, აგიტაციაში იძულებით ჩაერთონ. აგრეთვე, განათლების სისტემის ბერკეტები მუშაობს იმისთვის, რომ ისინი მორჩილ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, დაიწესონ თვითცენზურა და შესაბამისად, შეიზღუდონ გამოხატვის თავისუფლება. პრეზენტაციაზე იმ რეკომენდაციებზე ვისაუბრეთ, რომლებიც სკოლების დეპოლიტიზების საკითხის სისტემური ხედვის ჩამოყალიბების პროცესში ყველაზე მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რათა საზოგადოების ფართო წარმომადგენლობა ჩაერთოს და ეს თემა სახელმწიფოსთვის პრიორიტეტული გახდეს“, – აცხადებს ირმა პავლიაშვილი.

კვლევის პროცესში ინფორმაცია გროვდებოდა როგორც პირველადი წყაროდან (პედაგოგები, დირექტორები), ისე მეორადი წყაროების მეშვეობით (მედია, ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიები). მუშაობა 2021 წლის არჩევნების წინა და შემდგომ პერიოდში წარიმართა, თუმცა გაანალიზდა უფრო ადრეული წლების (მაგალითად, 2018-2020 წლების) მდგომარეობაც. ამ ყველაფერზე დაყრდნობით, „ღია სივრცე კავკასიაში“ განმარტავენ, რომ მსგავსი ფაქტები არც ერთჯერადია და არც მხოლოდ ბოლო დროის პრობლემაა.

ორგანიზატორები, ახლა, კვლევის შედეგების განხილვაში რაც შეიძლება მეტი დაინტერესებული მხარის ჩართვას გეგმავენ. მიიჩნევენ, რომ ამ ფაქტების სააშკარაოზე გამოტანა (რა თქმა უნდა, რესპონდენტთა კონფიდენციალურობის დაცვით), სკოლების დეპოლიტიზებისათვის აუცილებელია.

„მუშაობას ვაგრძელებთ. ვეცდებით, რომ კვლევა ყველა დაინტერესებულ პირს გავაცნოთ, ადგილზე ნდობის ჯგუფების საქმიანობა გაძლიერდეს და ერთად, მეტ ჩართულობით, შევძლოთ იმ ნაბიჯების გადადგმა, რომლებიც სახელმწიფოსა და პოლიტიკური პარტიების მხრიდან დამოკიდებულებას შეცვლის“, – დასძენს „ღია სივრცე კავკასია“ თავმჯდომარე ირმა პავლიაშვილი.

პროექტის ხელმძღვანელი, განათლების სპეციალისტი რეზო აფხაზავა კი კვლევის მნიშვნელობაზე საუბრობს და ამბობს, რომ პროექტის წარმატების მთავარი გასაღები ნდობის ჯგუფების შექმნა და მათში ადგილობრივების ჩართვა იყო, რომელთაც პედაგოგებისა და დირექტორების მეტი ნდობის მოპოვება შეძლეს.

მისი თქმით, მათთან მუშაობის პროცესში რამდენიმე მსხვილი პრობლემა გამოიკვეთა. პირველ რიგში, ინფორმაციის ნაკლებობა, რადგან ხშირ შემთხვევაში, პედაგოგებმა არ იციან, რომ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას ჩადიან, ან აშკარა ზეწოლას განიცდიან და ა.შ. პრობლემების კომპლექსურობიდან გამომდინარე კი საჭიროებებიც კომპლექსურია.

„საზოგადოებამ უნდა გაითავისოს, რომ განათლების სფეროში პოლიტიკური ჩარევები არ შეიძლება. ეს აზარალებს მთლიანად სისტემას და ჩვენი შვილების მომავალს. შესაბამისად, ჩვენი მუშაობა ერთი მხრივ ადამიანებისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდებასა და არსებულ დარღვევებზე რეაგირებას ემსახურება, მეორე მხრივ კი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის იმ სადამსჯელო მექანიზმების ჩამოშორებას, რაც აქვს. შევეცდებით ამ წელსაც მაქსიმუმი გავაკეთოთ, რათა განათლების სამინისტროს დისკრედიტაციული უფლებები ჩამოსცილდეს. მათი მხრიდან მზაობას ნამდვილად ვერ ვხედავ. გამოცდილება გვაჩვენებს, რომ სამწუხაროდ, ამ უფლებებს, სამინისტრო არამართლზომიერად იყენებს. თუმცა, გვგონია, რომ ამ მიმართულებით მუშაობას ეფექტი ნამდვილად ექნება. შესაძლოა, ეს უცებ არ მოხდეს, მაგრამ ნელ-ნელა მაინც. საუბედუროდ, პოლიტიკური დევნის ბევრი ფაქტი გვაქვს და ეს “ტრადიცია”, როგორც მინიმუმ, საქართველოში 2 ათეულ წელს ითვლის. ამას, რაღაცნაირად, უნდა დავემშვიდობოთ და ძალისხმევას არ დავაკლებთ”, – აცხადებს პროექტის ხელმძღვანელი.

პროექტის ფარგლებში ნდობის ჯგუფების მიზანი, უფრო დეტალურად რომ აღვწეროთ, განათლების სფეროში დასაქმებული პირების პოლიტიკური ნიშნით შევიწროების, ზეწოლის, ან/და საარჩევნო პროცესებში არამართლზომიერი ჩართვის ფაქტების იდენტიფიცირება, რეაგირება და ადგილებზე მათი მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელება იყო. ასევე, ზოგადი განათლების სისტემაში დასაქმებული პირების ცნობიერების ამაღლება მათი უფლებების, ვალდებულებებისა და სამართლებრივი შეზღუდვების შესახებ, მათ შორის საარჩევნო/პოლიტიკური უფლებების კუთხით.

ნაზიბროლა რეხვიაშვილი, აჭარის რეგიონში ნდობის ჯგუფის კოორდინატორია. გვიყვება, რომ ქვეყნის ყველა რეგიონში, დაახლოებით, ერთი და იგივე სურათი გამოიკვეთა. მისივე თქმით, სასკოლო სისტემის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება დღის წესრიგში ყველა ხელისუფლების პირობებში დგას. ეს კი სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებას უშლის ხელს, რომელიც თავისუფალი და კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანებისგან უნდა შედგებოდეს.
ნდობის ჯგუფების მთავარი ფუნქცია, მისი განმარტებით, მასწავლებლების ნდობა მოპოვებაა, რათა მათ შეძლონ და ღიად ისაუბრონ, თუ რატომ თანხმდებიან სხვისი პოლიტიკური ნების შესრულებას – „ვცდილობთ ჩვენი საქმიანობით ახლოს მივიდეთ მათთან და ნდობა მოვიპოვოთ. ეს ძალიან ჭირს და ამისთვის პირადი კონტაქტების გამოყენება გვჭირდებოდა. უკუკავშირზე წამოსვლა მარტივი არ იყო“, – გვიხსნის ქალბატონი ნაზიბროლა.

პანდემიის დაწყების შემდეგ, მისი თქმით, მრავლად იყო ფაქტები, როცა პედაგოგები ონლაინ გაკვეთილების ხარჯზე პოლიტიკურ შეხვედრებში მონაწილეობდნენ.

„მე პირადად მაქვს რამდენიმე ასეთი შემთხვევა. გადავამოწმე კიდეც და დირექტორებმა ეს დაადასტურეს. აგრეთვე არის შემთხვევები, როცა სკოლების შიდა ჯგუფებში ამა თუ იმ კანდიდატის მხარდამჭერ მესიჯებს, ან მოწოდებებს აგდებენ. ეს ღიად არ ხდება, უფრო მინიშნებებით, თითქოს მათ კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. მთავარი პრობლემა კი ისაა, რომ ბევრ მასწავლებელს თავი პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ მყოფად არ მიაჩნია. თვლიან, რომ ეს მათთვის კომფორტული გარემოა, რადგან შემდეგ სხვა დივიდენდებს იღებენ – მეტ საათს, სადმე წასვლას და ა.შ. სანამ არ გააცნობიერებენ, რომ კანონს დარღვევაა ის, რასაც საარჩევნო კამპანიის დროს აკეთებენ, მანამდე ამას ვერ მოეშვებიან. ბუნებრივია, ამაში დიდი როლი აქვს განათლების სამინისტროს, რომელმაც მასწავლებლები თავისი ზედამხედველობიდან უნდა გაუშვას“, – აღნიშნავს EDU.ARIS.GE-სთან ინტერვიუში ნაზიბროლა რეხვიაშვილი.

პროექტს „რეგიონული ნდობის ჯგუფები სკოლების დეპოლიტიზებისთვის“ „განათლების კოალიცია“ და ორგანიზაცია „ღია სივრცე კავკასია,“ ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებენ.

„საგანმანათლებლო რესურს-ცენტრები სულ სხვა დანიშნულებით შეიქმნა და ყოველთვის სხვა ამოცანებს ემსახურებოდნენ“ – განათლების კოალიციის ახალი ინიციატივა

კოალიცია „განათლება ყველასათვის – საქართველო”

(R)

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური