GE

როგორ შევამოკლოთ სიტყვები და ვწეროთ სათაურები გამართულად (სავარჯიშოები მეცადინეობისათვის)

სათაურების მართლწერა და სიტყვათა შემოკლების წესები (სავარჯიშოები მეცადინეობისათვის)

ავტორი: ქეთევან გოჩიტაშვილი

სათაურების მართლწერა

თხზულების, გაზეთის ან ჟურნალის ერთსიტყვიანი სახელწოდება ჩვეულებრივ იბრუნვის, როგორც ცალკე წარმოდგენილი, ისე მსაზღვრელთან ერთად:

გაზეთი „ქუთაის-ი“
გაზეთ-მა „ქუთაის-მა“
გაზეთ „ქუთაის-ს“
გაზეთ „ქუთაის-ის“
გაზეთ „ქუთაის-ით“
გაზეთ „ქუთაის-ად“
გაზეთ-ო „ქუთაის-ო“

მსაზღვრელ საზღვრულის მსგავსად იბრუნვის ორ- და მეტსიტყვიანი სათაურები: „ვაზის ყვავილობა”, „მარტის მამალი” და ა. შ. თანდებულიან ბრუნვებში თანდებული ბრჭყალების შიგნით იწერება. მაგ.: რომან „ჯაყოს ხიზნებში“ (და არა „ჯაყოს ხიზნებ“-ში).

თუ სათაური მოცემულია წინადადების სახით (მაგ.: „კაცი, რომელსაც ლიტერატურა უყვარდა“) ან თანდებულიანია („სარჩობელაზედ“) ან გადმოცემულია სხვა ბრუნვის ფორმით („ნინა ჭავჭავაძეს“) არ უნდა დაერთოს ბრუნვის ნიშნები, უნდა ვარბუნოთ მსაზღვრელი და თანდებულებიც მას დავურთოთ:

ლექსი-ი „არ უკიჟინო სატრფოო“
ლექს-მა „არ უკიჟინო სატრფოო“
ლექს-ს „არ უკიჟინო სატრფოო“
ლექს-ის „არ უკიჟინო სატრფოო“
ლექს-ით „არ უკიჟინო სატრფოო“
ლექს-ად „არ უკიჟინო სატრფოო“
ლექს-ო „არ უკიჟინო სატრფოო“
ლექს-ში „არ უკიჟინო სატრფოო“
(და არა: ლექს „არ უკიჟინო სატრფოო“,)

სავარჯიშოები:

გაასწორეთ შეცდომები:

1. ლექსში „მთაწმინდის მთვარე“-ში გადმოცემულია ბუნების აღწერა.
2. ნაწარმოებ „სურამის ციხემ” მკითხველის მოწონება დაიმსახურა.
3. ლექსს „განთიადს”აკაკი დიმიტრი ყიფიანს უძღვნის.
4. „შვლის ნუკრის ნაამბობ”-ზე ბევრი რამ მსმენია.
5. ლექსმა „არ უკიჟინო სატრფოომ” გადმოგვცა ბარათაშვილის ტკივილი.
6. ნაწარმოებში „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდაში” გადმოცემულია საინტერესო პიროვნების ცხოვრება.
7. მოთხრობა „ამოდის, ნათდებაში” საინტერესო ფაქტებია აღწერილი.
8. რომანზე „დიდოსტატის მარჯვენაზე” ბევრი რამ თქმულა.

სიტყვათა შემოკლების წესები

ქართულ ენაში დამკვიდრებულია სიტყვათა შემოკლების შემდეგი წესები:

ადამიანის სახელის გვართან ერთად გამოყენებისას უფრო მისაღებია სახელის ერთი ბგერით წარმოდგენა:

კ. გამსახურდია, ვ. ჰიუგო, ა. აბაშელი, ი. ჯავახიშვილი

გაიხსენეთ: ფსევდონიმებისა და წოდებების გამომხატველი გვარ-სახელების შემოკლება არ შეიძლება: არ იხმარება: ქ. წამებული, დ. თავდადებული და ა. შ.

დროის ერთეულები მოკლდება შემდეგი სახით:

წმ. – წამი
წ. – წელი
წთ. – წუთი
წწ. – წლები
სთ. – საათი
ს. – საუკუნე
ა. წ. – ამა წლის
სს. – საუკუნეები

წონისა და სიგრძის საზომი ერთეულები:

მგ. – მილიგრამი
მმ. – მილიმეტრი
გ. – გრამი
სმ. – სანტიმეტრი
კგ. – კილოგრამი
დმ. – დეციმეტრი
ც. – ცენტნერი
კმ. – კილომეტრი
ტ. – ტონა
ჰა – ჰექტარი
კვ. მ. – კვადრატული მეტრი

ტექსტთან დაკავშირებული შემდეგი შემოკლებანი:

თხზ. – თხზულება
სქ. – სქოლიო
შრ. – შრომა
იხ. – იხილე
ტ. – ტომი
შდრ. – შეადარე
თ. – თავი
ნ. – ნახე
ნაწ. – ნაწილი
ნახ. – ნახატი
გვ. – გვერდი
მაგ. – მაგალითად
ავტ. – ავტორი

წოდებათა და თანამდებობათა აღმნიშვნელი შემოკლებანი:

აკად. – აკადემიკოსი
დოც. – დოცენტი
ლაბ. – ლაბორანტი
პროფ. – პროფესორი
მასწ. – მასწავლებელი
აკად. წ/კ – აკადემიის წევრ-კორესპონდენტი

კავშირ-ზმნიზედები შემდეგი სახით მოკლდება:

ე. ი. – ესე იგი
ა. შ. – ასე შემდეგ
მისთ. – მისთანანი
სხვ. – სხვა
ე. წ. – ეგრეთ წოდებული

დამკვიდრებულია შემდეგი სახის შემოკლებანი:

ექ. – ექიმი
ინჟ. – ინჟინერი
ქ.-ნი – ქალბატონი
ბ.-ნი – ბატონი

დაიმახსოვრეთ: ბრუნვის ნიშნები ან თანდებულები შემოკლებული სახელებიდან დეფისით გამოიყოფა: 7 ჰა-ზე ვენახი გავაშენეთ, 2010 წ.-მა წარმატებები მოგვიტანა.

სავარჯიშოები:

I. გაასწორეთ შეცდომები:
1. ეი. შენ იყავი?
2. ეგრ. წოდ. სამშვიდობოები მოვალეობას ვერ ასრულებდნენ
3. ტომ. I, ნაწილი II
4. ნიკ. ბარათაშვილი დიდი ქართველი პოეტია.
5. 1 ცენტ. ხორბალი დევნილებს გადაეცათ.
6. შეად. კონსტიტუციის II მუხლს.
7. XIX-XX ს ახალი ეპოქის დასაწყისი გახდა.
8. აკ. წერეთელი ბევრს მოგზაურობდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში
9. 2008 წ-მ დღის წესრიგში ახალი პრიორიტეტები დააყენა.
10. პროფეს. ვეკუას შრომები საყოველთაოდაა ცნობილი.
11. 2010 წლ. კარგად დასრულდა
12. 7 ტნ. ყურძენი მოვიდა

გრამატიკული ცნობარი

წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური